ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე უკმაყოფილოა იმ ფაქტით, რომ “მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცი ჟოზე მოურინიო ხშირად ახსენებს მის გუნდს.
იტალიელმა სპეციალისტმა განაწყენება პორტუგალიელის ცოტა ხნის წინ გაკეთებული ირონიული განცხადების შემდეგ ვერ დაფარა.
“სხვა მწვრთნელები მოთქვამენ იმის გამო, რომ გუნდში ძალიან ბევრი მოთამაშე ჰყავთ ტრავმირებული” - თქვა ჟოზემ და მიუხედავად იმისა, რომ არ დაუკონკრეტებია ვის გულისხმობდა, კონტემ ჩათვალა, რომ პორტუგალიელი კენჭებს მის ბოსტანში ისვრის.
“მოურინიო ბევრ დროს ატარებს იმაზე ფიქრში, თუ რა ხდება “ჩელსიში”. ეს უკვე ზედმეტია. ვფიქრობ, გასულ წელსაც ასე იყო, თუმცა ყველამ ნახეთ, რაც მოხდა. უმჯობესია იმას მიხედოს, როგორ გამოიყურება მისი გუნდი და არა სხვები”, - განაცხადა კონტემ.
შეგახსენებთ, რომ მოურინიო “ჩელსის” 2004-2007 და 2013-2015 წლებში წვრთნიდა.