დონეცკის “შახტარის” მთავარი მწვრთნელი პაულუ ფონსეკა ჩემპიონთა ლიგაზე “ფეიენოორდთან” მატჩში დავით ხოჭოლავას თამაშით კმაყოფილი დარჩა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველი როტერდამში გამართულ თამაშში 77-ე წუთზე ჩაერთო, მას შემდეგ, რაც დონეცკელებს იაროსლავ რაკიცკი გაუძევეს.
შეხვედრის შემდეგ ფონსეკას ჟურნალისტებმა ჰკითხეს, ვის დაყენებას აპირებს როტერდამელებთან საპასუხო მატჩში ცენტრალური მცველის პოზიციაზე:
“ახლა “დინამოსთან” კვირას გასამართი მატჩისთვის უნდა მოვემზადოთ, “ფეიენოორდთან” საპასუხო თამაშზე მერე ვიფიქრებთ. დღეს ხოჭოლავა გამოვიდა და შესანიშნავად წარმოაჩინა თავი. ასე რომ, ამ მხრივ სანერვიულო არ მაქვს” - ასეთი იყო პორტუგალიელი სპეციალისტის პასუხი.
მიუხედავად იმისა, რომ “შახტარს” “დე კუიპზე” ბოლო 15 წუთი 10 ფეხბურთელით მოუწია თამაში, ფონსეკას შეგირდებმა სასურველი შედეგის მიღწევა მოახერხეს და “ფეიენოორდს” 2:1 მოუგეს. დონეცკელები 3 ტურის შემდეგ 6 ქულით F ჯგუფში მეორე ადგილზე იმყოფებიან. ჯგუფს 9 ქულით “მანჩესტერ სიტი” ლიდერობს, 3 ქულა აქვს “ნაპოლის”, ბოლო პოზიციაზე მყოფი “ფეიენოორდი” კი ჯერჯერობით უქულოდაა.