ბრწყინვალე შეხვედრა გაიმართა “ბენიტო ვილამარინზე”, სადაც ლა ლიგის მერვე ტურის მატჩში ადგილობრივი “ბეტისი” წაუგებლად მოთამაშე “ვალენსიას” დაუხვდა. შეხვედრა საოცრად წარიმართა და საბოლოოდ სტუმრებმა არასაფეხბურთო ანგარიშით 6:3 იმარჯვეს.
პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ჩინებულ ფეხბურთს თამაშობს “ბეტისი”, რაც უდავოდ კიკე სეტიენის დამსახურებაა. “ლას პალმასის” ყოფილმა მწვრთნელმა სევილიურ კლუბს უმალ დაატყო თავისი ხელი და მიმდინარე სეზონში “მწვანეები” ერთ-ერთ ყველაზე სანახაობრივ თამაშს აჩვენებენ. ამის ნათელი დასტურია წინა მატჩები: “სოსიედადთან” ფრე 4:4, “ლევანტესთან” დიდი ანგარიშით მოგება 4:0 და “რეალთან” გასვლაზე გამარჯვება 1:0.
“ვალენსიაზეც” ზუსტად იგივე ითქმის – “ღამურების” ასეთი წარმატებული თამაში პირველ რიგში მარსელინიო ტორალის დამსახურებაა და შედეგს რომ თავი დავანებოთ, კლუბი ძალიან ლამაზად თამაშობს და ეს გატანილი გოლების რაოდენობაშიც აისახება.
რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, პირველი ნახევარი სტუმართა მცირე უპირატესობით წარიმართა და საწყისი 45 ასეთ უხვგოლიან და გიჟურ შეხვედრას ნამდვილად არ მოასწავებდა. ანგარიში 35-ე წუთზე გაიხსნა: დანიელ პარეხოს მოწოდებულ კუთხურს ჟოფრი კონდოგბია გამოეხმაურა და ანტონიო ადანის კარი თავური დარტყმით აიღო, ხოლო ზედ მსაჯის სასტვენის წინ გონსალო გუედეშმა შორეული მანძილიდან უძლიერესად გაისროლა და ბრწყინვალე გოლი შეაგდო.
მასპინძლებმა მეორე ნახევარი ძალიან აქტიურად დაიწყეს და საწყის ათ წუთში მეტოქე საკუთარ საჯარიმოს მიაჯაჭვეს, რამაც შედეგი კინაღამ გამოიღო: 54-ე წუთზე ჟოფრი კონდოგბიას მსაჯმა საკუთარ საჯარიმოში ხელით თამაში არ აპატია და პენალტი დანიშნა, თუმცა სერხი ლეონმა ნეტოს ვერ აჯობა და ანგარიში უცვლელი დარჩა. სამაგიეროდ, ათ წუთში “ლოს ჩემ” კუთხურიდან მეორე ბურთი გაიტანა – კვლავ პარეხომ ჩააწოდა, ხოლო ამჯერად როდრიგო მორენომ ივარგა და ზედიზედ მეხუთე მატჩში შეაგდო. 74-ე წუთზე კი, სტუმართა კონტრშეტევა სანტი მინამ დააბოლოვა და ანგარიში გამანადგურებელი გახადა.
შეხვედრის დასრულებამდე 15 წუთით ადრე “ვალენსია” ოთხბურთიანი სხვაობით იგებდა და “ბეტისის” ყველაზე ოპტიმისტი და თავგადაკლული ქომაგიც კი ვერ წარმოიდგენდა, რომ სევილიურ კლუბს შეხვედრის გადარჩენის შანსი ჰქონდა. ეს “ბენიტო ვილამარინზეც” კარგად გამოჩნდა, რადგან მეოთხე გაშვებული გოლის შემდეგ, ბევრმა ქომაგმა სტადიონი დატოვა და წესით, ამ საქციელს ახლა ძალიან ნანობენ.
კიკე სეტიენის შეგირდებმა ყველა გააოცეს და საოცარ “ქამბექამდე” სულ ცოტა დააკლდათ. ყველაფერი კი სრულიად უწყინარი სიტუაციიდან დაიწყო: 79-ე წუთზე პარეხომ საშინლად უყურადღებოდ ითამაშა და სტუმართა შემტევი ხოელ კემპბელი ნეტოსთან პირისპირ დატოვა, რომელმაც ანგარიში “დაასველა”. “ღამურების” მიერ ცენტრიდან თამაშის განახლება და მეორე გაშვებული გოლი ერთი იყო – ნაჩო ვიდალმა პოზიციურად ცუდად ითამაშა, ამიტომაც ანტონიო სანაბრია თამაშგარე მდგომარეობაში აღარ აღმოჩნდა და მეკარესთან პირისპირ დარჩა, რომელიც ჩამოიშორა და ბურთი ცარიელ კარში შეაგორა. 84-ე წუთზე კი, კრისტიან ტელომ ნეტოს შორეულ კუთხეში გაუტანა და “ბენიტო ვილამარინი” ემოციებისგან კინაღამ დაინგრა.
მასპინძლებს დაახლოებით რვა წუთი კიდევ რჩებოდათ და მთელი ძალებით წინ წავიდნენ. ასეთ რთულ მომენტში, “ღამურებმა” კონცენტრირება მოახერხეს და სევილიელებს ძალიან მალე სათანადოდ უპასუხეს. მიმდინარე სეზონში “ლოს ჩეს” ერთ-ერთი მთავარი იარაღი კონტრშეტევებია და 88-ე წუთზე განხორციელებულ ბრწყინვალე, სწრაფ იერიშს სიმონე ძაძას გოლი მოჰყვა, რამაც შეხვედრის ბედი ამჯერად ნამდვილად გადაწყვიტა, ხოლო 93-ე წუთზე გონსალო გუედეშს მშვენიერი სოლო რეიდი ანდრეას პერეირამ დაუფასა და საჯარიმოს მისადგომებიდან ძალიან ლამაზი გოლი შეაგდო – 3:6.
“ღამურებმა” 18 ქულა დააგროვეს, მეორე ადგილზე გადაინაცვლეს და ლიდერ “ბარსელონას” ოთხი ქულით ჩამორჩებიან. “ბეტისი” 13 ქულით მეცხრე პოზიციაზეა.
“ვილიარეალი” გასვლაზე “ხირონას” დაუპირისპირდა და სედრიკ ბაკამბუს დუბლით იმარჯვა. აფრიკელმა ფეხბურთელმა თავის გამოჩენა მე-9 და მე-20 წუთებზე მოახერხა, ხოლო ტაიმის ბოლოს ერთი ბურთი კრისტიან სტუანმა გაქვითა – 1:2. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში “ვილიარეალს” 11 გოლი აქვს გატანილი და აქედან 7 სედრიკ ბაკამბუს ანგარიშზეა.
საშინელ დღეშია “მალაგა”, რომელიც ამჯერად საკუთარ მოედანზე “ლეგანესთან” დამარცხდა და 1 ქულით ბოლო ადგილზე დარჩა. დიდი ალბათობით, ანდალუსიელთა მთავარი მწვრთნელი მიჩელი ამჯერად ვეღარ გადარჩება და კლუბის ხელმძღვანელობა კარისკენ მიუთითებს.
დღის გახსნით შეხვედრაში “იპარუაზე” ერთმანეთს “ეიბარი” და “დეპორტივო” დაუპირისპირდნენ და მატჩი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.
ეიბარი – დეპორტივო 0:0
ეიბარი, “იპარუა”
ეიბარი (5-3-2): დიმიტროვიჩი, რამისი (ლომბანი 72), ოლივეირა, ხონსა (კოტე 72), არბილია, კაპა, დ.გარსია, ესკალანტე, ხორდანი, ენრიჩი, კიკე (ჩარლესი 85).
მწვრთნელი: ხოსე ლუის მენდილიბარი
დეპორტივო (4-2-3-1): უზოჰო, სიდნეი, ალბერტოსა, ხუანფრანი, ლუისინიო, ბორგესი, გილერმე, ჩოლაკი (ლ.პერესი 87), ვალვერდე (ბორხა 75), კარტაბია (ბაკალი 83), ანდონე.
მწვრთნელი: პეპე მელი
გაფრთხილებები: არბილია, დ.გარსია – ჩოლაკი, ბორგესი
მსაჯი: ხაიმე ლატრე
ხირონა – ვილიარეალი 1:2 (1:2)
ხირონა, “ესტადიო მუნიციპალ დე მონტილივი”
ხირონა (3-4-2-1): ირაისოსი, რამალიო, ხუანპე, ესპინოზა, გრანელი (კაიოდე 46), პონსი, მაფეო, ადეი (მოჯიკა 65), პორტუ (ლუისი 77), ბ.გარსია, სტუანი.
მწვრთნელი: პაბლო მაჩინი
ვილიარეალი (4-3-1-2): ბარბოსა, რუისი, ალვარო, კოსტა, გასპარი, ტრიგეროსი, რ.ერნანდესი, კასტილიეხო (ჩერიშევი 66), ფორნალსი, სანსონე (ბაკა 56), ბაკამბუ (რ.სორიანო 83).
მწვრთნელი: ხავი კალეხა
გოლები: 0:1, 0:2 ბაკამბუ (9; 20), 1:2 სტუანი (40)
გაფრთხილებები: პორტუ, კაიოდე, სტუანი – ალვარო, ბაკამბუ, რ.ერნანდესი, ბაკა
მსაჯი: დელ სერო გრანდე
მალაგა – ლეგანესი 0:2 (0:0)
მალაგა, “ლა როსალედა”
მალაგა (4-2-3-1): რ.ხიმენესი, ბაისე (ჩეჩინი 84), ლ.ერნანდესი, როსალესი, ხ.კარლოსი, როლონი, რესიო, ხუანპი (ხონი 56), პენარანდა, მულა (ონტივეროსი 61), როლანი.
მწვრთნელი: მიჩელი
ლეგანესი (4-2-3-1): კუელარი, სიოვასი, მ.დოს სანტოსი, ზალდუა, რ.გარსია, გაბრიელი, რ.პერესი, ელ ჟარი (ბრასანაჩი 70), შიმანოვსკი, ერასო, ამრაბატი (ბივუ 63).
მწვრთნელი: ასიერ გარიტანო
გოლები: 0:1 გაბრიელი (56), 0:2 შიმანოვსკი (78)
გაფრთხილებები: ბაისე, რესიო, როსალესი – ზალდუა, სიოვასი, რ.პერესი
გაძევება: რესიო (81)
მსაჯი: გონსალეს გონსალესი
ბეტისი – ვალენსია 3:6 (0:2)
სევილია, “ბენიტო ვილამარინი”
ბეტისი (4-3-3): ადანი, ფედალი, მანდი, ბარაგანი, დურმისი, ფ.რუისი (კამარასა 67), გუარდადო, ნარვეზი (ტელო 67), ხოაკინი, ს.ლეონი (კემპბელი 77), სანაბრია.
მწვრთნელი: კიკე სეტიენი
ვალენსია (4-4-2): ნეტო, გარაი, მურილიო (პაულისტა 78), ნ.ვიდალი, გაია, პარეხო, კონდოგბია, სოლერი, გუედეში, სოლერი (ა.პერეირა 75), როდრიგო (მინა 69), ძაძა.
მწვრთნელი: მარსელინიო ტორალი
გოლები: 0:1 კონდოგბია (35), 0:2 გუედეში (45), 0:3 როდრიგო (64), 0:4 მინა (74), 1:4 კემპბელი (79), 2:4 სანაბრია (80), 3:4 ტელო (84), 3:5 ძაძა (88), 3:6 ა.პერეირა (93)
გაფრთხილებები: ფედალი – გარაი, ნ.ვიდალი, მურილიო, ა.პერეირა
მსაჯი: მარტინეს სანჩესი
55-ე წუთზე სერხი ლეონმა პენალტი ვერ გაიტანა (მეკარე)