ლა ლიგის მერვე ტურის გახსნითი შეხვედრა “კორნელია ელ პრატზე” გაიმართა, სადაც ადგილობრივი “ესპანიოლი” ვალენსიურ “ლევანტეს” დაუხვდა და შინ ქულა გაატანა.
მართალია, “კორნელია ელ პრატზე” შეკრებილმა პუბლიკამ გოლები ვერ იხილა, თუმცა შეხვედრა უინტერესო არ ყოფილა და გუნდებს საკმაოდ ბევრი სახიფათო მომენტი ჰქონდათ. მასპინძლებს დებიუტშივე მართებდათ დაწინაურება, მაგრამ ხურადოს და ბაპტიშტაოს მიზანმა უმტყუნათ. თავის მხრივ, კარგი შანსი შეექმნა ივი ლოპესსაც, მაგრამ ვერც სტუმართა შემტევმა ივარგა გადამწყვეტ ფაზაში.
მეორე ნახევარიც ივის აქტიურობით დაიწყო, რომლის შორეულ გასროლას პაუ ლოპესი გაუმკლავდა და ბურთი კუთხუზე მოიგერია. ამის შემდეგ კი, მასპინძლებმა დიდი სათამაშო უპირატესობა მოიპოვეს და არაერთი მწვავე მომენტი შეექმნათ. 63-ე წუთზე მათ 100%-იანი საგოლე შანსი ჰქონდათ: მარცხენა ფლანგზე სერხიო გარსიამ კარგად ითამაშა და ზუსტი ჩაწოდებით ხერარდ მორენოს ბურთი თავზე დაასვა, მისი დარტყმული მცველმა კარის ხაზიდან გამოიტანა, დამატებაზე ბურთი ლეო ბაპტიშტაოს მიუვიდა და ბრაზილიელმა ფორვარდმა დაახლოებით ხუთი მეტრიდან რაულ ფერნანდესის კარს ზემოდან გადააცილა. კატალონიელები 75-ე წუთზეც ძალიან ახლოს იყვნენ გოლთან, სერხი დარდერის შორეული გასროლის შემდეგ ბურთი ხარიხამ მოიგერია, ხოლო დამატებაზე სერხიო გარსიას ფერნანდესმა აჯობა და ბრწყინვალე სეივის წყალობით, საკუთარი გუნდი იხსნა. კიკე სანჩეს ფლორესის შეგირდებმა 82-ე წუთზე საწადელს მიაღწიეს და ხერარდ მორენომ თავური დარტყმით ანგარიში გახსნა, თუმცა შეხვედრის მთავარმა მსაჯმა უნდიანო მალენკომ მიიჩნია, რომ მორენომ მეტოქის მცველს ჰაერში ხელი ჰკრა და გოლი გააუქმა – 0:0.
ესპანიოლი – ლევანტე 0:0
ბარსელონა, “კორნელია ელ პრატი”
ესპანიოლი (4-2-3-1): პაუ, დავიდ ლოპესი, ჰერმოსო, მ.ნავარო (ს.სანჩესი 58), კარისოლი, ფუეგო (გრანერო 73), დარდერი, პიატი, ხურადო (ს.გარსია 57), ბაპტიშტაო, ხ.მორენო.
მწვრთნელი: კიკე სანჩეს ფლორესი
ლევანტე (4-2-3-1): რ.ფერნანდესი, ჩემა, პოსტიგო (ბარდი 80), პ.ლოპესი, ლუნა, დაკური (რობერი 38), ლერმა, ივი, კამპანია, მორალესი, ნანო (ე.ბოატენგი 67).
მწვრთნელი: ხუან მუნიოსი
გაფრთხილებები: ჰერმოსო, ფუეგო – ნანო, პოსტიგო, მორალესი
მსაჯი: უნდიანო მალენკო