“მანჩესტერ სიტის” ფორვარდის სერხიო აგუეროს გამოჯანმრთელების პროცესი წინასწარ ნავარაუდევზე სწრაფად წარიმართა და არგენტინელმა ფეხბურთელმა უკვე გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიში განაახლა.
აგუერო სექტემბრის ბოლოს, ამსტერდამში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა. მას ნეკნი ჰქონდა დაზიანებული და კლუბის სამედიცინო შტაბი შიშობდა, რომ თავდამსხმელს მკურნალობა თვეზე მეტხანს მოუწევდა, თუმცა ყველაფერი გაცილებით უკეთ წარიმართა.
ბრიტანული გამოცემების ცნობით, არაა გამორიცხული აგუერომ 14 ოქტომბერს, პრემიერლიგის მე-8 ტურში, “სტოკ სიტის” წინააღმდეგ ითამაშოს.
მიმდინარე სეზონში აგუერომ ინგლისის ჩემპიონატის 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ამდენივე გოლი გაიტანა და მხოლოდ ერთი ბურთით ჩამორჩება ბომბარდირთა სიის სათავეში მყოფ რომელუ ლუკაკუს.