ევროპის ერთა ლიგაზე უკვე არაერთხელ გვეწერა. როგორც იცით, სუსტი რეიტინგის მქონე ევროპული ნაკრებებისთვის დამატებითი შანსი გაჩნდა ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე მოსახვედრად.
ევროპის ჩემპიონატის 24 საგზურიდან 20 ჩვეულებრივ, შესარჩევი ეტაპიდან გათამაშდება. შეიქმნება 10 ჯგუფი და პირველ-მეორეადგილოსნები ავტომატურად გავლენ.
დანარჩენი 4 ადგილი კი, სწორედ ერთა ლიგიდან გათამაშდება – დივიზიონების ჩემპიონები. ჩვეულებრივი შესარჩევის მიღმა, A, B, C და D დივიზონები შეიქნება. ასე რომ, ორი გზა არსებობს ფინალურ ეტაპზე გასვლისა. ორივე რთულია, მაგრამ სხვაგვარად, აბა, როგორ?!
ჩვენთვის საინტერესო კი, რა თქმა უნდა, ბოლო დივიზონია, რადგან იქ ითამაშებს საქართველოს ნაკრებიც. 16 ნაკრები იქნება D დივიზიონში და ისინი ოთხ ოთხგუნდიან ჯგუფად დაიყოფიან. თამაშები გაისად სექტებრიდან ნოემბრამდე გაიმართება.
ჯგუფების გამარჯვებულები ნახევარფინალურ პლეი-ოფს შექმნიან, ხოლო შემდეგ ფინალი იქნება და გაირკვევა კიდეც საუკეთესო ამ თექვსმეტთაგანი.
თუ ერთა ლიგის გამარჯვებულს უკვე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ექნება ევროფორუმის საგზური მოპოვებული, მაშინ ის ავტომატურად ერთა ლიგის იმავე დივიზიონში მეორეადგილოსან გუნდს გადაეცემა.
ვინ არიან D დივიზიონში? აზერბაიჯანი, მაკედონია, საქართველო, ბელარუსი, სომხეთი, ფარერები, ლატვია, ლუქსემბურგი, ყაზახეთი, მოლდოვა, ლიხტენშტაინი, მალტა, კოსოვო, ანდორა, სან-მარინო და გიბრალტარი.
ჯგუფების წილისყრა 24 იანვარს, შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში გაიმართება.