პანამა ისტორიაში პირველად ითამაშებს მსოფლიოს ჩემპიონატზე. ერნან დარიო გომესის გაწვრთნილმა ნაკრებმა კონკაკაფის ზონის ბოლო ტურში კოსტა-რიკას 2:1 მოუგო და მესამეზე გავიდა.
პანამელები აგებდნენ, მაგრამ გაბრიელ ტორესის გოლით გაათანაბრეს, ხოლო 88-ე წუთზე რომან ტორესმა ძლიერი დარტყმით გაახარა მთელი ქვეყანა. ტორესები გასაგებია, მაგრამ პირველი გოლი არ უნდა ჩათვლილიყო – ბურთს კარის ხაზი არ გადაუკვეთავს და ჰონდურასელმა მსაჯმა ვალტერ ლოპესმა მაინც ცენტრისკენ მიუთითა.
საინტერესოა, რომ ჰონდურასელმა მსაჯმა ამ გადაწყვეტილებით თანამემამულეებს გაუკეთა ცუდი საქმე – ჰონდურასმაც მოუგო უმოტივაციო მექსიკას (2:1), თუმცა ბურთების შეფარდებით ჩამორჩა პანამას და მეოთხეზე გავიდა, შესაბამისად, ნოემბერში ავსტრალიასთან მოუწევთ პლეი-ოფი.
რუსეთში გასამართ მუნდილაზე ვერ გავიდა აშშ. წარმოიდგინეთ, ისეთი დრამა დატრიალდა, რომ ბოლოს ამერიკელები დარჩნენ მეხუთე ადგილზე. 1:2 წააგეს ბოლოადგილოსან ტრინიდად და ტობაგოსთან. პირველ ტაიმში ორი ბურთი გაუშვეს და კრისტიან პულიშიჩმა მეორე ნახევრის დასაწყისში ერთი გოლი გაქვითა, მაგრამ მეტი ვეღარ მოახერხეს და ასე სენსაციურად დარჩნენ დიდი ფორუმის მიღმა.
აშშ 1990 წლიდან რეგულარულად გადიოდა მუნდიალზე და აბა, ასეთ ფიასკოს ვინ წარმოიდგენდა?! პულიშიჩი ვახსენეთ და ყველაზე ცოდო ის არის, “დორტმუნდის” 19 წლის შემტევი ნაკრებშიც საუკეთესო იყო და მუნდიალს აშკარად დააკლდება.
1. | მექსიკა | 10 | 6 | 3 | 1 | 16:7 | 21 | |
2. | კოსტა რიკა | 10 | 4 | 4 | 2 | 14:8 | 16 | |
3. | პანამა | 10 | 3 | 4 | 3 | 9:10 | 13 | |
4. | ჰონდურასი | 10 | 3 | 4 | 3 | 13:19 | 13 | |
5. | აშშ | 10 | 3 | 3 | 4 | 17:13 | 12 | |
6. | ტრინიდადი და ტობაგო | 10 | 2 | 0 | 8 | 7:19 | 6 |