270 თამაშის შემდეგ მსოფლიოს 2018 წლის შესარჩევი ეტაპი უეფას ზონაში დასრულდა. შესაბამისად, უკვე გაირკვა იმ ცხრა ნაკრების ვინაობა, რომელიც დამდეგ ზაფხულს რუსეთში ითამაშებს:
საფრანგეთი, პორტუგალია, გერმანია, სერბეთი, პოლონეთი, ინგლისი, ესპანეთი, ბელგია და ისლანდია.
ევროპისთვის კიდევ ოთხი ადგილია შესავსები და მასზე პრეტენზიას რვა ნაკრები აცხადებს. ეს, ის გუნდებია, რომლებიც თავიანთ ჯგუფებში მეორე ადგილებზე გავიდნენ. მეორეადგილოსანთა შორის გამონაკლისი გამოდგა სლოვაკეთის ნაკრები, რომელსაც საბოლოოდ ყველაზე ცუდი მაჩვენებელი აღმოაჩნდა და პლეი-ოფს მიღმა დარჩა.
აქვე, ვნახოთ, მეორადგილოსანთა ცხრილი. მოგეხსენებათ, გუნდებს თავიანთ ქვეჯგუფებში ბოლო ადგილზე გასულ გუნდთან ნაჩვენები შედეგი მოცემულ ცხრილში არ გადაჰყვათ:
1. | შვეიცარია | 8 | 7 | 0 | 1 | 18:6 | 21 | |
2. | იტალია | 8 | 5 | 2 | 1 | 12:8 | 17 | |
3. | დანია | 8 | 4 | 2 | 2 | 13:6 | 14 | |
4. | ხორვატია | 8 | 4 | 2 | 2 | 8:4 | 14 | |
5. | შვედეთი | 8 | 4 | 1 | 3 | 18:9 | 13 | |
6. | ჩრდ. ირლანდია | 8 | 4 | 1 | 3 | 10:6 | 13 | |
7. | საბერძნეთი | 8 | 3 | 4 | 1 | 9:5 | 13 | |
8. | ირლანდია | 8 | 3 | 4 | 1 | 7:5 | 13 | |
9. | სლოვაკეთი | 8 | 4 | 0 | 4 | 11:6 | 12 |
ახლა რაც შეეხება პლეი-ოფს – თავდაპირველად გეტყვით, რომ გუნდები წილისყრის შედეგად დაწყვილდებიან, რომელიც 17 ოქტომბერს, ციურიხში გაიმართება.
ოთხი ნაკრები პირველ კალათშია, ოთხიც – მეორეში. წილისყრის პრინციპი კი მარტივია: პირველი კალათის გუნდი მეორე კალათის გუნდთან ითამაშებს.
პირველი კალათა: შვეიცარია, იტალია, ხორვატია, დანია
მეორე კალათა: ჩრდ. ირლანდია, შვედეთი, ირლანდია, საბერძნეთი
პლეი-ოფის მატჩები 9 და 14 ნოემბერს გაიმართება. შესაბამისად, დაახლოებით ერთ თვეში გავიგებთ კიდევ ოთხი ნაკრების ვინაობას, რითაც ევროპა მსოფლიოს ჩემპიონატზე სრულად დაკომპლექტდება.