ამსტერდამში სასწაული არ მოხდა – ჰოლანდიის ნაკრებმა შვედეთის ნაკრები კი დაამარცხა, მაგრამ სასურველი ანგარიშით ამის გაკეთება ვერ მოახერხა და მსოფლიოს ჩემპიონატს დააკლდა. ასე და ამრიგად, მუნდიალი 2018 წელს იმ გუნდის გარეშე ჩატარდება, რომელმაც წინა ორ მსოფლიოს ჩემპიონატზე დასამახსოვრებელი თამაში აჩვენა: 2010 წელს ვერცხლის, ხოლო 2014 წელს ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
რას იზამ, ჰოლანდიური ფეხბურთი ტოტალურ კრიზისს განიცდის და ყველაფერი თავის თავს უნდა დააბრალონ. ეროვნულ გუნდს დუბლით დამეშვიდობა არიენ რობენი. ლეგენდარულმა ფეხბურთელმა პირველივე ტაიმში გაუტანა ორი გოლი სკანდინავიელებს, მაგრამ მის გარდა, მოედანზე ისეთი არავინ მოიძებნა, ვინც მხარს აუბამდა. მართალია, ჰოლანდია შვედეთს ქულებით გაუტოლდა, მაგრამ ბურთების ბალანსი გაცილებით უარესი აქვს და პლეი-ოფის ერთი საგზურიც შვედებს ერგოთ. აქვე გეტყვით, რომ პლანეტის პირველობამ ჰოლანდიის გარეშე ბოლოს 2002 წელს ჩაიარა და ევროპის 2016 წლის ჩემპიონატიც ჰოლანდიელთა გარეშე ჩატარდა.
პირველი პოზიცია კი საფრანგეთის ნაკრებმა მოიპოვა – ევროპის მოქმედმა ვიცე-ჩემპიონმა ბელარუსის ნაკრებთან კომფორტული უპირატესობა თავიდანვე მოიპოვა და მერე, ერთი გოლი გაუშვა, მაგრამ საქმე ლოგიკურ დასასრულამდე მაინც მიიყვანა.
და ბოლოდ, შესარჩევი ციკლი მეხუთე ადგილზე დაასრულა ლუქსემბურგის ნაკრებმა, რომელმაც 6 ქულა მოიპოვა! ლუქსემბურგელები ბოლო ტურში ბულგარეთის ნაკრებს კარგა ხანს ამარცხებდნენ, მაგრამ ბოლოს გაუშვეს და ქულით მოუწიათ დაკმაყოფილება...
საფრანგეთი – ბელარუსი 2:1 (2:1) VIDEO
გოლები: 1:0 გრიზმანი (27), 2:0 ჟირუ (33), 2:1 საროკა (44)
ლუქსემბურგი – ბულგარეთი 1:1 (1:0) VIDEO
გოლები: 1:0 ტილი (3), 1:1 ჩოჩევი (68)
ჰოლანდია – შვედეთი 2:0 (2:0) VIDEO
გოლები: 1:0 რობენი (16, პენ), 2:0 რობენი (40)
1. | საფრანგეთი | 10 | 7 | 2 | 1 | 18:6 | 23 | |
2. | შვედეთი | 10 | 6 | 1 | 3 | 26:9 | 19 | |
3. | ჰოლანდია | 10 | 6 | 1 | 3 | 21:12 | 19 | |
4. | ბულგარეთი | 10 | 4 | 1 | 5 | 14:19 | 13 | |
5. | ლუქსემბურგი | 10 | 1 | 3 | 6 | 8:26 | 6 | |
6. | ბელარუსი | 10 | 1 | 2 | 7 | 6:21 | 5 |