სერბეთის ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს. სლავოლიუბ მუსლინის გუნდმა მუნდიალის საგზური შესარჩევი ეტაპის D ჯგუფში საქართველოს ნაკრებთან გამარჯვების შემდეგ გაიფორმა. აღნიშნული მატჩის შესახებ უკვე გიამბეთ – ისე, აღვნიშნოთ, რომ სერბები ქვეჯგუფში პირველ ადგილზე საქართველოსთან ფრის შემთხვევაშიც გადიოდნენ.
ამის მიზეზი კი, კარდიფში დაფიქსირებული შედეგია – ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალისტმა უელსმა შესარჩევ ეტაპზე პირველი თამაში წააგო და ყველაფერი წყალში ჩაეყარა. კრის კოულმენის გუნდი გარეთ ბეილის გარეშე ირლანდიის ნაკრებთან ვერაფერს გახდა – ჯეიმს მაკლინის მეორე ტაიმის დასაწყისში გატანილი გოლი ერთადერთი გამოდგა და ამ გოლმა მარტინ ონილის გუნდი პლეი-ოფის გზაზე გაიყვანა. ირლანდია, ახლა ერთი თვის თავზე ეცდება რუსეთის ბილეთების გაფორმებას. მიუღწეველი ეს მათთვის ნამდვილად არ უნდა იყოს – ძალიან კარგი და ბრძოლისუნარიანი გუნდია.
უელსის ნაკრებს კი, ფეხი იქ დაუცდა, სადაც არ უნდა დასცდომოდა. პირველ ყოვლისა, ბრიტანელთა ფიასკოზე ალბათ იმან იქონია გავლენა, რომ ბევრი დაუგეგმავი ქულა დაკარგეს. მათ შორის, კარდიფში, საქართველოსთან.
ავსტრიის ნაკრებმა კი, შესარჩევი ციკლი კიშინიოვში გამარჯვებით დაასრულა და გული მოიფხანა – მარსელ კოლერის ბიჭები მეოთხე ადგილს დასჯერდნენ. თავის მხრივ, მოლდოვამ 10 თამაშში 2 ქულა მოიპოვა და ორივე, რაც უნდა სამწუხარო იყოს, საქართველოს ნაკრებთან.
საქართველოს ნაკრებმა კი, საკვალიფიკაციო ტურნირი მოგების გარეშე დაასრულა: 5 ფრე და 5 მარცხი. ეს, ნამდვილად არაა ის, რითიც კმაყოფილნი უნდა ვიყოთ.
მოლდოვა – ავსტრია 0:1 (0:0) VIDEO
გოლი: 0:1 შაუბი (69)
სერბეთი – საქართველო 1:0 (0:0)VIDEO
გოლი: 1:0 პრიოვიჩი (74)
უელსი – ირლანდია 0:1 (0:0) VIDEO
გოლი: 0:1 მაკლინი (57)
1. | სერბეთი | 10 | 6 | 3 | 1 | 20:10 | 21 | |
2. | ირლანდია | 10 | 5 | 4 | 1 | 12:6 | 19 | |
3. | უელსი | 10 | 4 | 5 | 1 | 13:6 | 17 | |
4. | ავსტრია | 10 | 4 | 3 | 3 | 14:12 | 15 | |
5. | საქართველო | 10 | 0 | 5 | 5 | 8:14 | 5 | |
6. | მოლდოვა | 10 | 0 | 2 | 8 | 4:23 | 2 |