თავიდანვე ცხადი იყო, რომ საქართველოს ნაკრებს ბელგრადში მძიმე მატჩი ექნებოდა და ასეც მოხდა. ოღონდ დაგვრჩა ასეთი შთაბეჭდილება, რომ ნაკრებს მწვრთნელის ხელი ეტყობა, ჩანს თამაშის მონახაზი და თითქოს ყველაფერია საიმისოდ, რათა უკეთესი შედეგი იყოს. რომ არ არის, ამას სხვა მიზეზები აქვს.
შესარჩევის მატჩების უმეტესობა გავიხსენოთ – ნაკრები შეთამაშებულ და კომბინაციურ ფეხბურთს თამაშობდა, ოღონდ აშკარად ჩანს საშემსრულებლო კლასის ნაკლებობა.
ვაისს აქვს შეცდომები. მაგალითად, შეცვლებს აგვიანებს და თითქოს დოგმად აქვს, რომ 75-ე წუთამდე ძირითადი თერთმეტეული ხელშეუხებელია. გარდა ამისა, შეცვლებსაც გააჩნია – მეტწილად არაეფექტური გამოდის. ვაისის ხელში ნაკრები მეტწილად ერთ კარგ ტაიმს თამაშობს და არ ჰყოფნის ძალა, ორი თანაბარი 45 წუთი ჩაატაროს, რაც ვფიქრობთ, ფეხბურთელთა კლუბში უთამაშებლობს ბრალია: გვყავს ლეგიონერები, რომლებიც ევროპის ნორმალურ დონეზე შეუცვლელად თამაშობენ? გვყავს, მაგრამ ძალიან ცოტა.
ბელგრადშიც კარგი პირველი ტაიმი იყო. სერბებს მხოლოდ ტაიმის ბოლოს ჰქონდათ მომენტი, როცა დუშან ტადიჩი ურტყამდა და გიორგი მაკარიძე დაუხვდა ბურთს. ისე, ტადიჩი თამაშგარეში იყო და არ დაფიქსირდა.
ნერვიულობდნენ სერბები. ამის ნიშანი იყო არაზუსტი გადაცემები საკუთარ ნახევარზე. ქართველები სათამაშო დისციპლინას იცავდნენ, ბურთის დაკარგვისთანავე ცდილობდნენ სწრაფად დაბრუნებას. კარგად თამაშობდა გიორგი ქვილითაია – რამდენჯერ მოიგო ორთაბრძოლა და შემტევებს სივრცე შეუქმნა. თავად კი იმ იერიშის უკეთ წარმართვა შეეძლო, როცა მეტოქეს გასცდა და მეკარეს პირისპირ უნდა შეჰყროდა, მაგრამ რატომღაც მცველის მოტყუება მოინდომა და არ გამოუვიდა.
მეორე ტაიმი სერბების გააფთრებული შეტევებით დაიწყო. ალექსანდრ მიტროვიჩის თავური და გიორგი მაკარიძემ მოიგერია რთული ბურთი, დამატებაზე კი გურამ კაშიამ აჯობა ბრანისლავ ივანოვიჩს. მანამდე კიდევ იყო მასპინძელთა ჩხვლეტა და მაკარიძემდე ჯაბა კანკავამ არ მიუშვა ბურთი.
იყო მონაკვეთი, როცა ქართველებმა თამაში გამოასწორეს, თუმცა ისევ წამოვიდა სერბებისგან ახალი ტალღა. კანკავამ მატიჩი გაამწარა – მისი დარტყმული ცარიელი კარიდან მუხლით გამოიტანა.
და მაინც, 74-ე წუთზე სერბებმა საწადელს მიაღწიეს: ჩვენებმა შეტევაში დაკარგეს ბურთი, ივანოვიჩმა კონტრშეტევა დაიწყო და კანკავა ფეხებში ჩაუვარდა. ჯაბასგან იღბლად მიუვიდა ბურთი მიტროვიჩს, რომელმაც გამოზომილი პასით მოძებნა შეცვლაზე შესული ალექსანდრ პრაიოვიჩი – 1:0.
სწორედ ეს ერთი გოლი იყო საქმე. სერბებისთვის ამოცანა გაადვილდა, ოღონდ ვინ იცის რა მოხდებოდა, ვაკო ყაზაიშვილს რომ გაეტანა ქვილითაიას პასის შემდეგ. ვაკო იდეალურ პოზიციაში იყო, მაგრამ იჩქარა, ცუდად დაარტყა და დიდი მანძილით ააცილა კარს.
რაც უნდა იყოს, მეორე ტაიმში გვაკლდა აგრესია, ის რაც მოძალებულად ჰქონდა სერბეთს.
საბოლოოდ, ჯგუფი ხუთი ქულით და მეხუთე ადგილით დავასრულეთ, სერბები კი მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდნენ.
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარცევი ციკლი
ბელგრადი. რაიკო მიტიჩი
სერბეთი – საქართველო 1:0 (0:0) VIDEO
სერბეთი: სტოიკოვიჩი, ივანოვიჩი, მაქსიმოვიჩი, ტოშიჩი, რუკავინა, კოლაროვი, მატიჩი, გუდელი, ლიაიჩი (პრაიოვიჩი 61), ტადიჩი (კოსტიჩი 88), მიტროვიჩი (მილოვოევიჩი 75)
მწვრთნელი: სლავოლიუბ მუსლინი
საქართველო: მაკარიძე, კაკაბაძე, კაშია, ხოჭოლავა, ნავალოვსკი, კანკავა, გვილია, აბურჯანია (დვალიშვილი 82), ჯიღაური (ჰუფნაგელი 86), ყაზაიშვილი, ქვილითაია (მერებაშვილი 78)
მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი
გოლი: 1:0 პრაიოვიჩი (74)
გაფრთხილება: ქვილითაია (19), მატიჩი (43), მაქსიმოვიჩი (70), ტოშიჩი (80), გვილია (86)
მსაჯი: გილი (პოლონეთი)