ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რიკარდო კაკა კარიერის დასრულებას აპირებს. როგორც GloboEsporte-ს განუცხადა, ფეხბურთის თამაში მისთვის ძველებურად სასიამოვნო აღარაა.
“ფეხბურთის თამაში სიამოვნებას აღარ მანიჭებს, რადგან ბევრ ტკივილს ვრგძნობ, როდესაც თამაში სრულდება. 35 წლის ვარ და ეს ყველაფერს ცხადჰყოფს. თუმცა, ფეხბურთში დარჩენა მსურს. ზინედინ ზიდანი ჩემთვის სამაგალითოა – მან სამწვრთნელო კურსები გაიარა და დაიწყო ყველაზე დაბალი სპექტრიდან. მეც მინდა იგივეს გაკეთება”, - განაცხადა კაკამ.
რიკარდო კაკამ კარიერა “სან პაულუში” დაიწყო, ხოლო 2003 წელს “მილანში” გადავიდა. სწორედ იტალიურ გუნდში გაატარა კარიერის ოქროს პერიოდი ბრაზილიელმა. 2007 წელს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა.
2009 წელს მადრიდის “რეალში” გადავიდა, შემდეგ კი, ისევ “მილანში” დაბრუნდა. 2014 წლიდან დღემდე “ორლანდო სიტის” რიგებში ასპარეზობს.