იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი და "ნიუ იორკ სიტის" ნახევარმცველმა ანდრეა პირლო კარიერის დასრულება გადაწყვიტა. აღნიშნული ინფორმაცია მოთამაშემ La Gazzetta dello Sport-თან საუბრისას გაავრცელა.
პირლომ აღნიშნა, რომ ფიზიკური პრობლემები აქვს, ძველებურად ვეღარ ვარჯიშობს და 38 წლის ასაკში უკვე წასვლის დრო მოვიდა. ფეხბურთელს ჯერჯერობით არ გადაუწყვეტია თუ რას გააკეთებს მომავალში. პირლოს ამერიკულ კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე წლის დასაწყისში დაუმთავრდება და აქტიურ ფეხბურთს დაემშვიდობება.
ანდრეამ კარიერა "ბრეშიაში" დაიწყო და მთავარ გუნდში გადასვლიდან ორ წელიწადში ნახევარმცველი "ინტერმა" იყიდა. "ნერაძურის" რიგებში ფეხბურთელმა მხოლოდ 40 მატჩი ჩაატარა და ასევე კლუბმა ორჯერ გაანათხოვრა, ჯერ "რეჯინაში" და შემდეგ მშობლიურ გუნდში.
2001 წელს კი პირლო "მილანმა" 18 მილიონ ევროს სანაცვლოდ შეიძინა და იტალიელმა "როსონერის" იმედები გაამართლა. 10 წელიწადი ითამაშა ლომბარდიულ კლუბში და გუნდს ჩემპიონთა ლიგის მოგებაში ორჯერ დაეხმარა. ასევე სუპერთასიც ორჯერ მოიგო და ჯამში ყველა ტურნირზე 9 ტიტული დაუგროვდა. 2006 წელს პირლომ იტალიის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო.
2011 წელს პირლო "იუვენტუსში" გადავიდა და იქაც უხვად მოაგროვა ტიტულები, თუმცა ანდრეა და მისი თანაგუნდელები ძირითადად შიდა ასპარეზზე გამოირჩეოდნენ, მოიგეს რა იტალიის ჩემპიონატი ოთხჯერ, თასი - ერთხელ და სუპერთასიც - ორჯერ. 2015 წლის შემდეგ პირლო ამერიკაშია და მას შემდეგ "ნიუ იორკ სიტის" რიგებში 61 შეხვედრა ჩაატარა. საკლუბო კარიერის განმავლობაში პირლომ 755 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 73 გოლი გაიტანა, ეროვნულ გუნდში კი 116 შეხვედრაში თავი 13 გოლით და 23 გადაცემით გამოიჩინა.