საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა უელსთან (0:1) შეხვედრა შეაფასა. სლოვაკმა სპეციალისტმა ხაზი გაუსვა, რომ ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელი სათამაშო პრაქტიკის დეფიციტს განიცდის.
“ერთ-ერთი ფაქტორი ნამდვილადაა ის, რომ ბევრი ფეხბურთელი უთამაშაბელია. კანკავა ამ დრომდე უკლუბოდაა, მცირე სათამაშო დრო აქვს აბურჯანიას. გვილია სკამზე ატარებს მთელ დროს. დღეს საკმაოდ გვიჭირდა ბოლოს პასის გაკეთება და საერთოდ, ეს მთელი შესარჩევი ციკლის განმავლობაში დიდი პრობლემაა. მიუხედავად ამისა, ჩემს ფეხბურთელებს ვერ ვუსაყვედურებ – მათ ყველაფერი გაიღეს.
სერბეთში ურთულესი თამაში გვექნება. ბევრი იქნება დამოკიდებული იმაზეც, თუ როგორ დამთავრდება ავსტრიასთან მათი შეხვედრა. სერბეთის ნაკრებს ბევრად კარგი ფეხბურთელები ჰყავს. რა თქმა უნდა, მე, როგორც მწვრთნელი პასუხისმგებელი ვარ შედეგზე, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ მეექვსე კალათში ვიყავით. ფეხბურთელები თამაშობენ ისე, როგორც შეუძლიათ, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს საკმარისი არაა.
რა თქმა უნდა, მოლდოვასთან თამაში უნდა მოგვეგო, ამაში გეთანხმებით. ყველაფერს თავისი ლიმიტი აქვს და სპორტშიც ასეა, ბოლოს მაინც ძლიერი იმარჯვებს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ საქართველოს ნიჭიერი ფეხბურთელები ჰყავს, მაგრამ ამას დრო სჭირდება.
ქულების რაოდენობის მხრივ პროგრესი რა თქმა უნდა არ გვაქვს, მაგრამ გუნდმა შეიძინა მეტი გამოცდილება. ეროვნულ ნაკრებში ახალგაზრდა ფეხბურთელები გამოჩნდნენ მაგალითად, კაკაბაძე, გვილია და ეს უკვე ერთგვარი პროგრესია. გვაქვს უკეთესი თამაშის ხარისხიც. მახარებს, რომ ყველა ფეხბურთელი მაქსიმალურად იხარჯება იმ ზღვარზე რაც შეუძლია. არის შეცდომებიც, მათ შორის ჩემიც. საბოლოო ჯამში საქართველოს ნაკრებს ნამდვილად აქვს პოტენციალი, რომ მომავალში უკეთესი შედეგი აჩვენოს, მნიშვნელობა არ აქვს მე ვიქნები თუ არა მთავარი მწვრთნელი.
სლოვაკეთის ნაკრები, რომელსაც მე ვწვრთნიდი ბევრად ძლიერი გუნდი იყო. დღეს რეალისტები უნდა ვიყოთ. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს სათამაშო პრაქტიკა არ აქვთ ისეთ გუნდებში, როგორებიც “ბატე” და “ტობოლია”. ჯაბა კი საერთოდ უკლუბოდაა...
ყველანაირად ვცდილობდით, რომ შემტევი ფეხბურთი გვეთამაშა, მაგრამ არ გამოგვივიდა. არც უელსის ნაკრებს ჰქონია უამრავი საგოლე მომენტი. კანკავას რაც შეეხება – ვფიქრობ, მაღალ დონეზე ითამაშა. ზოგადად კი ის ძალიან მაღალი დონის პროფესიონალია და იმსახურებს, რომ კარგ კლუბში თამაშობდეს. მაგრამ ეს ჩემი გადასაწყვეტი არაა.
მომავალ მატჩს რაც შეეხება, გეტყვით, რომ მინიმუმ 3-4 ცვლილება იქნება შემადგენლობაში”, - განაცხადა ვაისმა.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში 9 ტურის შემდეგ ხუთი ქულით ქვეჯგუფში მეხუთე ადგილზე იმყოფება.