ფეხბურთი

12:20 | 4.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ბაიერნი”: კონსულტაცია გვარდიოლასთან და მოლაპარაკება ლუის ენრიკესთან

მიუნხენის “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელის ვაკანტურ პოსტზე ბოლო დღეებში არაერთი კანდიდატი დასახელდა, კლუბის ხელმძღვანელობა კი აცხადებს, რომ საბოლოო გადაწყვეტილებასთან ახლოს არიან.

კარლო ანჩელოტის დათხოვნის შემდეგ ყველაზე აქტიურად ტომას ტუხელზე საუბრობდნენ, თუმცა მიუნხენელებმა მას ხასიათი დაუწუნეს. ითქვა ლუსიენ ფავრზეც, რომლის მიწვევის შესაძლებლობა კლუბმა უარყო. გუშინ გერმანულმა პრესამ ლუის ვან გაალის შესაძლო დაბრუნებაზე დაწერა და ჰოლანდიელი უმთავრეს კანდიდატად გამოაცხადა.

“ბაიერნის” პრეზიდენტი ული ჰიონესი კი ჟურნალისტებს გამოუტყდა, რომ კონსულტაცია მიუნხენელთა ყოფილ თავკაცთან ხოსეპ გვარდიოლასთან გაიარა, რომელიც ამჟამად “მანჩესტერ სიტის” წვრთნის. ჰიონესის განცხადებით, გვარდიოლამ მოიწონა მისი დასახელებული კანდიდატი.

“გვარდიოლას ვესაუბრე ადამიანზე, ვისი დანიშვნაც “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე უახლოეს პერიოდში გვსურს. ის კმაყოფილი დარჩა” - ციტირებს ჰიონესის სიტყვებს Abendzeitung München.

ამავდრულად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ “ბაიერნის” ბოსები დღეს მოსალაპარაკებლად ლუის ენრიკეს შეხვდებიან და გერმანული პრესა ვარაუდობს, რომ გვარდიოლასთან მიუნხენელებმა სწორედ მასზე ისაუბრეს.

0.113439