საქართველოს 19-წლამდელთა ლიგის “ოქროს ჯგუფში” ოთხი ტური გავიდა და ორი ფავორიტი გამოიკვეთა: “დინამო” და “საბურთალო”. დინამოელებს 12 ქულა აქვთ, ანუ უდანაკარგოდ მიდიან, ხოლო თემურ შალამბერიძის გაწვრთნილ საბურთალოელებს ერთი ფრე გამოერიათ, დანარჩენი თამაშები კი მოიგეს.
სულ 10 ტური დარჩა. რვა გუნდია და ორ წრედ უნდა ითამაშონ.
გასულ ტურში ვლადიმერ კაკაშვილის “დინამომ” საგურამოში 3:0 სძლია “ლოკომოტივს”, რომელსაც ვასილ მაისურაძე თავკაცობს. მიუხედავად იმისა, რომ დინამოელები ამ ასაკობრივში უმცროსებით თამაშობენ (მეტწილად 2001. და 2002 წელს დაბადებული ირაკლი აზაროვიც კი ჰყავდათ), მაინც საკმაოდ კარგად გამოიყურებიან.
სხვათა შორის, სანამ “ოქროს ლიგა” დაიწყებოდა, აღმოსავლეთის ზონაში “ლოკოს” დინამოელებთანაც დადებითი შედეგი ჰქონდა და საბურთალოელებთანაც. თუმცა ამჯერად როლები შეიცვალა.
დასავლეთის გუნდებიდან ყველაზე კარგად ქუთაისის “ტორპედო” თამაშობს, თუმცა “დინამოსთან” მასაც უჭირს: შინ 1:4 წააგო.
ამ ასაკობრივში 1999 წელს დაბადებულებს შეუძლიათ თამაში და კიდევ, სამ 1998 წელს დაბადებულსაც. თუმცა როგორც უკვე დავწერეთ, მეტწილად უმცროსებით გამოდიან და უფრო ძლიერი ჭაბუკები დუბლებში, ან სულაც ძირითად გუნდში ჰყავთ დაწინაურებულები.