ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის დაიწყო და გიორგი შერმადინის ახალმა კლუბმა „უნიკახამ“ სეზონი გამარჯვებით გახსნა. მალაგური კლუბი სტუმრად „მურსიას“ ეთამაშა და 10 ქულის სხვაობით - 74:64 იმარჯვა.
ქართველი ცენტრი მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 12:38 წუთში 2 ქულა, 6 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა. გიორგიმ 3-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.
ამერიკელმა ჯეიმს ოგასტინმა, რომელიც “უნიკახას” სასტარტო ცენტრის პოზიციაზე გამოჩნდა, 20:36 წუთში 7 ქულა, 6 მოხსნა, 4 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა, საუკეთესო კი მისი თანამემამულე ჯეფ ბრუკსი (15 ქულა, 9 მოხსნა) იყო, რომელსაც ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა.
ცნობისთვის, შერმადინი ერთადერთი ქართველი კალათბურთელია, რომელმაც ესპანეთის ჩემპიონატის საწყის ტურში მონაწილეობა მიიღო. აღნიშნულის მიზეზი თორნიკე შენგელიასა და ბექა ბურჯანაძის ტრავმებია.
როგორც იცით, თოკოს მდგომარეობა მძიმე არაა და დაახლოებით ორ კვირაში მის მოედანზე დაბრუნებას უნდა ველოდეთ, ბურჯანაძეს კი ოპერაცია ელის და დაახლოებით 5-თვიანი იძულებითი უქმობა მოუწევს.
შენგელიას არყოფნაში, “ბასკონიამ” “ბარსელონასთან” გასვლითი მატჩი 82:87 წააგო, ბურჯანაძის “მორაბანკ ანდორას” კი საღამოს მადრიდში “რეალთან” დაპირისპირება ელის.
gbf.ge