ფეხბურთი

3:00 | 2.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგა: “ბარსელონამ” ცარიელ “ნოუ კამპზეც” ივარგა

1 ოქტომბერი რთული გამოდგა კატალონიისთვის და მთლიანად ესპანეთისთვის. როგორც იცით, ადგილობრივი მოსახლეობა რეფერენდუმში აპირებდა მონაწილეობას მიღებას, რომელსაც კატალონიის დამოუკიდებლობის საკითხი უნდა გადაეწყვიტა. თუმცა, ესპანეთის ხელისუფლებამ კატალონიური მთავრობის ეს გადაწყვეტილება არალეგიტიმურად მიიჩნია და რეფერენდუმი უკანონოდ გამოაცხადა. შესაბამისად, ოფიციალური მადრიდის განკარგულებით, პოლიცია რეფერენდუმის ჩაშლას შეუდგა და კატალონიაში მთელი დღის განმალობაში არეულობა იყო, რაც იმით დასრულდა, რომ ხუთასამდე ადამიანი დაშავდა.

სწორედ ამ დღეს უნდა გამართულიყო “ბარსელონას” და “ლას პალმასის” დაპირისპირება. კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობას შეხვედრის გადადება სურდა, თუმცა ლა ლიგამ ამაზე უარი განაცხადა და საბოლოოდ გადაწყდა, რომ შესაძლო არეულობის თავიდან აცილების მიზნით, “ნოუ კამპი” დაიხურებოდა და ეს შეხვედრა უმაყურებლოდ ჩატარდებოდა.

უმაყურებლოდ დარჩენილ “ნოუ კამპზე” პირველი ტაიმი ძალიან მძიმედ და მოსაწყენად წარიმართა. “ბარსელონას” აშკარად უჭირდა კონცენტრირება და ხეირიანი თითქმის არაფერი გამოსდიოდა. საინტერესოა, რომ საწყის 45 წუთში “ლას პალმასი” უფრო მეტად ფლობდა ბურთს (55%). სტუმრებს გოლის გატანის ძალიან რეალური შანსიც ჰქონდათ, მაგრამ კალერიმ ძელს მოარტყა ბურთი.

“ბლაუგრანაზე” შესვენებამ კარგად იმოქმედა და მასპინძლებმა მეორე ნახევარში მშვენივრად ითამაშეს, რაც სამ გატანილ გოლში აისახა. ანგარიში 49-ე წუთზე გაიხსნა: მესის მოწოდებულ კუთხურს სერხიო ბუსკეტსი გამოეხმაურა და თავური დარტყმით შეაგდო, ხოლო 70-ე და 77-ე წუთებზე კი უკვე არგენტინელის ჯერი დადგა და მიმდინარე ლა ლიგაში თავისი მეათე და მეთერთმეტე გოლები შეაგდო – 3:0. “ბარსელონას” შვიდიდან შვიდი მოგება აქვს და შესამისად 21 ქულით ლიდერია.

მადრიდის “რეალი” საკუთარ მოედანზე მეორე კატალონიურ გუნდს “ესპანიოლს” დაუხვდა და ორი უპასუხო გოლი გაუტანა. გოლის გატანა ისევ ვერ მოახერხა კრიშტიანო რონალდუმ, რომელსაც მიმდინარე ლა ლიგაში საერთოდ არ აქვს გატანილი. მადრიდულ გრანდს ისკომ მოაგებინა, რომელმაც 30-ე წუთზე სწორედ რონალდუს ბრწყინვალე გადაცემა გამოიყენა და ანგარიში გახსნა, ხოლო 71-ე წუთზე მასპინძელთა კონტრშეტევა უზუსტესი დარტყმით დაასრულა და დუბლი გაიფორმა - 2:0.

კვლავ წაუგებელია, ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო და მესამე ადგილზე გადაინაცვლა “ვალენსიამ”, რომელმაც “მესტალიაზე” “ბილბაოს” სძლია. “ღამურებმა” პირველივე ტაიმში სიმონე ძაძას და დანი პარეხოს გოლებით ორბურთიანი სხვაობით დაწინაურება მოახერხეს. მეორე ნახევარში სტუმრებმა გაიბრძოლეს და 59-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა ადურისმა ლამაზი გოლით ყოფილ გუნდს გაუტანა. შვიდ წუთში ორბურთიანი სტატუს-კვო აღდგა: მონტოიას გრძელი გადაცემის შემდეგ როდრიგომ არიზაბალაგას დაასწრო და თავური დარტყმით ცარიელ კარში გაიტანა. ბასკებმა იბრძოლეს და 76-ე წუთზე რაულ გარსიამ თავური დარტყმით კიდევ ერთხელ შეამცირა სხვაობა, თუმცა დარჩენილ დროში ბასკებმა მეტის გაკეთება ვეღარ შეძლეს – 3:2.

კიდევ ერთი ვალენსიურ-ბასკური დაპირისპირება შედგა “ესტადიო დე ლა კერამიკაზე”, სადაც “ვილიარეალმა” “ეიბარი” მიიღო და წარუმატებელი სერია დაასრულა. “ყვითელ წყალქვეშა ნავებს” გმირად სედრიკ ბაკამბუ მოევლინათ, რომელმაც ჰეთ-თრიკი შეასრულა – 3:0.

დღის გამორჩეული შეხვედრა კი “ანოეტაზე” გამოვიდა, სადაც ერთმანეთს ადგილობრივი “სოსიედადი” და “ბეტისი” დაუპირისპირდნენ და ოთხ-ოთხი ბურთი გაუტანეს. ანგარიში მე-6 წუთზე ანტონიო სანაბრიამ გახსნა, მალევე ვილიან ჟოზემ და მიკელ ოიარზაბალმა ბასკები დააწინაურეს, თუმცა 28-ე წუთზე ფედალმა თავური დარტყმით გაათანაბრა და ტაიმი 2:2 დასრულდა.

მეორე ნახევარი კი სტუმართათვის იდეალურად დაიწყო, ანდრეს გუარდადოს მშვენიერი გადაცემა ხოაკინ სანჩესმა გამოიყენა და პირისპირ დარჩენილ ხერონიმო რულის შანსი არ დაუტოვა. “ჩური ურდინმა” ამჯერად ათ წუთში გაათანაბრა, სტუმართა დაცვა ჩავარდა და ხაბი პრიეტომ ცარიელ კარში შეაგდო. 84-ე წუთზე სტუმრები მესამედ დაწინაურდნენ: სერხი ლეონმა ბრწყინვალედ ითამაშა, მარტომ წაიღო ბურთი და რულის აუღებელი დაურტყა. ანდალუსიელები ზედიზედ მეოთხე გამარჯვებასთან ახლოს იყვნენ, თუმცა ორიოდე წუთში მოწოდებულ კუთხურს დიეგო ლორენტეს უნაკლო თავური მოჰყვა და შეხვედრა ფრედ 4:4 დასრულდა.

სოსიედადი – ბეტისი 4:4 (2:2)

გოლები: 0:1 სანაბრია (6), 1:1 ვილიან ჟოზე (13), 2:1 ოიარზაბალი (26), 2:2 ფედალი (28), 2:3 ხოაკინი (46), 3:3 პრიეტო (57), 3:4 ლეონი (84), 4:4 დ.ლორენტე (86)

ბარსელონა – ლას პალმასი 3:0 (0:0)

გოლები: 1:0 ბუსკეტსი (49), 2:0, 3:0 მესი (70;77)

რეალი – ესპანიოლი 2:0 (1:0)

გოლები: ისკო (30; 71)

ვალენსია – ბილბაო 3:2 (2:0)

გოლები: 1:0 ძაძა (27), 2:0 პარეხო (34 პენ.), 2:1 ადურისი (59), 3:1 როდრიგო (66), 3:2 რ.გარსია (76)

ვილიარეალი – ეიბარი 3:0 (1:0)

გოლები: ბაკამბუ (25; 52; 76 პენ.)

თეგებილა ლიგა
0.116256