ლა ლიგის მეშვიდე ტურის მეორე სათამაშო დღეს ოთხი შეხვედრა გაიმართა. გათამაშების ერთ-ერთი ფავორიტი მადრიდის “ატლეტიკო” “ესტადიო მუნიციპალ დე ბუტარქეზე” თანარეგიონელ “ლეგანესს” ეწვია და ორი ქულა დაკარგა.
“როხიბლანკო” რასაკვირველია ფავორიტი იყო, თუმცა თამაშის სცენარიდან გამომდინარე იმას ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ სტუმრები მოგებას იმსახურებდნენ. დიეგო სიმეონეს გუნდმა ძალიან სუსტი შეხვედრა ჩაატარა და იან ობლაკს უნდა უმადლოდნენ, რომ ქულის გარეშე არ დარჩნენ. სლოვენიელმა კიპერმა მეორე ნახევარში ორი საკმაოდ რთული ბურთი მოიგერია. რა თქმა უნდა, მომენტები “ლეიბებსაც” ჰქონდათ, თუმცა ვერც დამაგვირგვინებელ ფაზაში ივარგეს და შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე დასრულდა – 0:0.
“ატლეტიკოს” წაბორძიკებით ისარგებლა “სევილიამ”, რომელმაც საკუთარ მოედანზე “მალაგა” დაამარცხა და მეორე ადგილზე გადაინაცვლა. “დალაქებმა” მეტოქის გატეხვა შეხვედრის დაწყებიდან ერთი საათის შემდეგ მოახერხეს: 68-ე წუთზე ევერ ბანეგამ პენალტი შეასრულა ზუსტად, ხოლო ორ წუთში თავის გამოჩენა ლუის მურიელმა შეძლო – 2:0.
შესანიშნავი სტარტის შემდეგ ჩავარდნა დაეწყო “ლევანტეს”. ვალენსიურმა კლუბმა შინ “ალავესთან” წააგო, რომელიც აქამდე უქულოდ იმყოფებოდა. “ბაყაყებს” “ვალენსიას” ყოფილმა მოთამაშეებმა მუნირ ელ ჰადადიმ და ალვარო მედრანმა გაუტანეს – 0:2.
“დეპორტივო” “რიასორზე” “ხეტაფეს” დაუხვდა და სამი ქულის მოპოვება მოახერხა. ანგარიში სტუმრებმა გახსნეს, თუმცა ლუკას პერესმა მალევე გაათანაბრა, ხოლო შეხვედრის მიწურულს ფლორინ ანდონემ გამარჯვების მომტანი ბურთი შეაგდო – 2:1.
დეპორტივო – ხეტაფე 2:1 (0:0)
გოლები: 0:1 დიედჰუ (54), 1:1 ლ.პერესი (66), 2:1 ანდონე (87)
სევილია – მალაგა 2:0 (0:0)
გოლები: 1:0 ბანეგა (68 პენ.), 2:0 მურიელი (70)
ლევანტე – ალავესი 0:2 (0:1)
გოლები: 0:1 ელ ჰადადი (33), 0:2 მედრანი (81)
ლეგანესი – ატლეტიკო 0:0