დღეს თბილისს მსოფლიო ფეხბურთი ლეგენდები ეწვევიან და საქველმოქმედო მატჩში მიიღებენ მონაწილეობას. მათ შორის უმრავლესობა იტალიელი ფეხბურთელია. ეს, ის თაობაა, რომელსაც საქართველოს ნაკრებთან დაპირისპირება განგებით ხშირად უწევდა.
მათ შორის ბენებრივია არიან ისეთებიც, რომელთაც თბილისში უთამაშიათ. უთამაშიათ და გოლებიც გაუტანიათ. მაგალითად, 2001 წლის 2 ივნისს, თბილისში, იტალიის ნაკრებმა საქართველო 2:1 დაამარცხა. მაშინ ჩვენი ქვეყნის მთავარი გუნდის კარში გოლები რომაელებმა გაიტანეს: პირველ ტაიმში მარკო დელვეკიომ, მეორე ნახევარში - ფრანჩესკო ტოტიმ.
დღეს, ორივე ზემოხსენებული, 16 წლის შემდეგ "დინამო არენაზე" ბურთს ისევ გააგორებენ, თუმცა მეგობრულად. ზემოხსენებულ შეხვედრაში დღეს თბილისში მყოფთაგან ტოტისა და დელვეკიოს გარდა, პაოლო მალდინიმ და ანჯელო დი ლივიომ ითამაშეს.
"სკუადრა აძურა" გვსტუმრობდა 2006 წლის 11 ოქტომბერს და მაშინაც 3 ქულა წაიღეს ჩვენი ქვეყნის დედაქალაქიდან. 11 წლის წინ მოედანზე ლუკა ტონი და მასიმო ოდო იყვნენ.
იყო კიდევ ერთი თბილისური დაპირისპირება: 1997 წლის 10 სექტემბერს, საქართველოს ნაკრებმა დადებითი შედეგით დაასრულა მატჩი - 0:0. მაშინდელი და დღევანდელი სტუმრებიდან სამი ფეხბურთელი იდენტური გახლდათ - პაოლო მალდინი, ანჯელო დი ლივიო და დინო ბაჯო.
გარდა ამისა, გვახსოვს 21-წლამდელთა მატჩიც, რუსთავში, იმავე დღეს. საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა მომავალი ვარსკვლავებით გაძეძგილი "აძურინი" გიორგი კიკნაძისა და ლევან ქებაძის გოლებით 2:0 დაამარცხა. იმ შეხვედრაში მონაწილეობდა მასიმო ამბროზინი, რომელიც დღესაც ითამაშებს საქართველოში 20 წლის თავზე...