ფეხბურთი

22:40 | 28.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

სადაურსა სად წაიყვან...

რაღა დარჩა, ერთ დღეზე ნაკლებიც და თბილისში, “დინამო არენაზე” ვარსკვლავები ძველ დროს გაიხსენებენ და ბურთს გააგორებენ. მართალია, საუბარი გვაქვს ვეტერან ფეხბურთელებზე, მაგრამ მაინც სასიამოვნო სანახავი იქნება ჩვენი ქვეყნის მთავარ არენაზე ამდენი ლეგენდარული ფეხბურთელის ხილვა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით საქველმოქმედო მატჩი გაიმართება, რომლიდან შემოსული თანხა მთლიანად გადაირიცხება ბორჯომის ტყე-პარკის აღდგენას, რომელიც ხანძრის შედეგად განადგურდა.

იმ ფეხბურთელებს შორის, რომლებიც ჩვენს დედაქალაქს სტუმრობენ არიან ძალზე სახელოვანი მოთამაშეები, რომელთაც ზედმეტი წარდგენა არ სჭირდებათ. მაგრამ, მაინც, საინტერესო იქნება ორი სიტყვით გადავავლოთ მათ საფეხბურთო კარიერას თვალი და გავიხსენოთ ვინ რას მიაღწია, რა დონეზე ითამაშა თავის დროზე...

ფრანჩესკო ტოტი (იტალია, თავდამსხმელი) - ლეგენდარული ფეხბურთელი გუშინ იუბილარი გახლდათ. ტოტი 41 წლის მოიყარა. მისი კარიერის შესახებ ყველამ ყველაფერი იცის. სხვათა შორის, იგი თბილისში ჩამომსვლელთაგან ყველაზე კარგ ფორმაში უნდა იყოს. ყოველშემთხვევაში ჩესკომ საფეხბურთი კარიერა ცოტა ხნის წინ, 28 მაისს დაასრულა. აღსანიშნავია, რომ ფრანჩესკო ბუცების ლურსმანზე დაკიდები შემდეგ პირველად სწორედ თბილისში ითამაშებს. ტოტიმ მთელი კარიერა ერთ გუნდს მიუძღვნა – “რომა” მისთვის ყველაფერი იყო. იტალიელი 2006 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. 2001 წელს კი, სკუდეტო მოიგო. გარდა ამისა, 2007 წელს “ოქროს ბუცი” დაისაკუთრა. ტოტის ანგარიშზე სერია A-ში 619 მატჩია და ამ მაჩვენებლით მხოლოდ პაოლო მალდინისა და ჯიჯი ბუფონს ჩამორჩება.

რივალდო (ბრაზილია, ნახევარმცველი) – რივალდო მეოცე საუკუნის მიწურულსა და ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში საფეხბურთო ამინდს ჰქონდა. ბრაზილიელი შეუდარებელი იყო მოედანზე არაერთხელ მოუგია თამაშები მარტოს. მის კარიერაში პირველი ევროპული კლუბი ლა კორუნიის “დეპორტივო” იყო, რომლის რიგებშიც დიდებულად გაისარჯა და მალევე “ბარსელონაში” აღმოჩნდა. სწორედ კატალონიაში გატარებული პერიოდი ითვლება მწვერვალად. იყო იტალიურ “მილანშიც”, მაგრამ ლომბარდიაში მას მთავარი როლი არ ჰქონია. კარიერის მიწურულს კი არაერთ გუნდში ითამაშა. მათ შორის, “ოლიმპიაკოსსა” და აეკ-ში. კარიერა 2015 წელს “მოგი მირიმში” დაასრულა. რივალდო 1999 წელს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, ხოლო 2002 წელს მსოფლიოს ჩემპიონი ბრაზილიის ნაკრების რიგებში.

პაოლო მალდინი (იტალია, მცველი) – დიდი წარდგენა არც ამ ადამიანს სჭირდება. ტოტისი არ იყოს, პაოლომაც მთელი კარიერა ერთ გუნდში გაატარა. მალდინი იყო “მილანის” სახე და კაპიტანი წლების განმავლობაში. ხუთჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა. იტალიის ნაკრებში პაოლო ერთი ხანობა ჩატარებული მატჩების მიხედვით რეკორდსმენიც იყო, თუმცა შემდეგ კანავარომ და ბუფონმა გადაასწრეს. პაოლო მალდინიმ საფეხბურთო სცენაზე 24 წელი გაატარა. კარიერა კი, 2009 წელს დაასრულა.

ნელსონ დიდა (ბრაზილია, მეკარე) – ბრაზილიის ნაკრებს ტაფარელის ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ მეკარის პოზიციაზე სერიოზული პრობლემა შეექმნა. თუმცა, ნელსონ დიდა ღირსეული შემცვლელი გამოდგა. ბრაზილიელი კიპერი 2000 წელს “მილანში” აღმოჩნდა, მაგრამ თავიდან იტალიური კარიერა არ აეწყო და მალევე სამშობლოში გაანათხოვრეს. გარდამტეხი გამოდგა 2002-2003 წლების სეზონი, რომელიც დიდამ დიდებულად ჩაატარა და ჩემპიონთა ლიგის მოგებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. ნელსონის კარიერა სავსე იყო გამარჯვებებით და მათ შორის, მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულიცაა. კარიერა კი, 2015 წელს “ინტერნასიონალში” დაასრულა.

ანდრეი შევჩენკო (უკრაინა, თავდამსხმელი) – 2004 წლის “ოქროს ბურთის” მფლობელი და იმ პერიოდის გამორჩეული ფორვარდი. შევჩენკოს კარიერა კიევის “დინამოდან” დაიწყო. სწორედ ამ გუნდის მაისურით “კამპ ნოუზე” პოკერი შეასრულა და ნათელი იყო, რომ კიევში არავინ დატოვებდა. ასეც მოხდა: 1999 წელს “მილანმა” შეიძინა. “როსონერიში” ანდრეის ოქროს ხანა ედგა და გუნდის ისტორიაში სახელი სამუდამოდ შეიტანა. იტალია 2006 წელს დატოვა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ეს შეცდომა იყო. შევჩენკო “ჩელსიში” საკუთარი თავის აჩრდილს უფრო ჰგავდა. მართალია, “სან სიროზე” ისევ დაბრუნდა, მაგრამ მატარებელი უკვე ჩავლილი იყო. კარიერა მშობლიურ კიევის “დინამოში”, ევრო 2012-ის შემდეგ დაასრულა. სხვათა შორის, სწორედ შევას ლიდერობით მიაღწია უკრაინის ნაკრებმაც უდიდეს წარმატებას, როდესაც 2006 წელს მუნდიალის მეოთხედფინალში გავიდა. შევჩენკო ამჯერადაც ფეხბურთში მოღვაწეობს და უკრაინის ნაკრების მთავარი მწვრთნელია.

ხავიერ ძანეტი (არგენტინა, მარჯვენა მცველი) – ხავიერ ძანეტის ზედმეტი წარდგენა არ სჭირდება. ფეხბურთელი, რომელიც მილანის “ინტერის” ცოცხალი ლეგენდაა. ძანეტიმ “ნერაძურის” 19 წელი შეალია და ბოლოსდაბოლოს, ნანატრი ჩემპიონთა ლიგაც ერთად მოიგეს. ძანეტი იყო ფეხბურთელი, რომლისთვის ჩარჩო არ არსებობდა – თამაშობდა, როგორც მარჯვენა, სე მარცხენა მცველად. გარდა ამისა, საყრდენ ნახევარმცველად. მოლედ, გუნდში მისი ყოლა, უკვე დიდი ფუფუნება იყო. თუმცა ამ ფუფუნებაზე არგენტინის ნაკრების მწვრთნელები რატომღაც ხშირად უარს ამბობდნენ... მიუხედავად ამისა, “ალბისელესტეს” რიგებში ხავიერმა 143 მატჩი ჩაატარა. საფეხბურთო კარიერა 2014 წელს დაასრულა და იქედან მოყოლებული “ინტერის” ვიცე-პრეზიდენტია.

ზვონიმირ ბობანი (ხორვატია, ნახევარმცველი) – ზვონიმირ ბობანი ხორვატიაში დღემდე გმირია – 1990 წელს მომხდარმა ფაქტმა, როდესაც ზაგრების “დინამო” და ბელგრადის “რედ სტარი” თამაშობდნენ, ბობანის ისტორია სრულიად შეცვალა. ხორვატმა სერბი ქომაგების აგრესია “დინამოს” ფანების მიმართ ვერ აიტანა და ჩხუბში თვითონაც ჩაერთო. მაშინ ზვონიმირი კარიერის საწყის ეტაპზე იყო. მოგვიანებით ბობანი “მილანში” აღმოჩნდა და იტალიაში 10 წელი გაატარა. 1994 წელს ჩემპიონთა ლიგაც მოიგო. კარიერა 2001 წელს ვიგოს “სელტაში” დაასრულა.

სერჟინიო (ბრაზილია, მარცხენა მცველი) – სერჟინიო არ ყოფილა მსოფლიო ვარსკვლავი, მაგრამ მაინც სახელოვანი ფეხბურთი ითამაშა. მისი ერთადერთი ევროპული ნავსაყუდელი “მილანი” გახლდათ. აქ 1999-2008 წლებში ითაშა და შემდეგ კარიერაც დაასრულა. სერჟინიო სხვათა შორის, იტალიურ გუნდში კახა კალაძის კონკურენტი იყო, რადგან ორივე მარცხენა მცველის პოზიციაზე ირჯებოდნენ. თუმცა, მას მერე რაც, ქართველმა ცენტრში გადაინაცვლა, ბრაზილიელს ძირითადისკენ გზა გაეხსნა. სერჟინიომ ბრაზილიის ნაკრებში 10-ჯერ ითამაშა და ერთი გოლი გაიტანა.

ლუკა ტონი (იტალია, თავდამსხმელი) – ლუკა ტონი საკმაოდ გვიან გაისხნა. მისი კარიერა არ ყოფილა თავიდანვე წარმატებული. მეორე ეშელონის გუნდებში გაუთავებელი მოგზაურობის შემდეგ, ლუკა “ფიორენტინამ” შენიშნა 28 წლის ასაკში... ტონი 2005-2006 წლების სეზონში დაფრინავდა და იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა 31(!) გოლით. იმავე წელს “ოქროს ბუციც” მოიგო. ტონიმ მოახერხა და იტალიის ნაკრების მთავარი ფორვარდი გახდა. უკანა პლანზე გადაინაცვლეს პიპო ინძაგიმ და ბობო ვიერიმ. სწორედ ტონი იყო შეტევის დამაგვირგვინებელი 2006 წელს, როდესაც “სკუადრა აძურამ” მუნდიალი მოიგო. 2007 წელს იტალიელი “ბაიერნში” აღმოჩნდა და პირველივე ცდაზე უკვე ბუნდესლიგის საუკეთესო გოლეადორი გახდა. “ბაიერნის” მერე კი, “იუვენტუსის”, “ჯენოაში”, ისევ “ფიორენტინასა” და “ვერონას” რიგებში ითამაშა. განსაკუთრებით წარმატებით ამ უკანასკნელში – 2013-2016 წლებში ლუკამ 95 შეხვედრაში 48 გოლი გაიტანა და 2015 წელს მეორედ გახდა სერია ა-ს საუკეთესო გოლეადორი, რაც 38 წლის ფეხბურთელისთვის ფანტასტიკური შედეგი იყო. იტალიის ნაკრებში მისი მონაგარი 2004-2009 წლებში 47 თამაში და 16 გოლია. კარიერა 2016 წელს “ვერონაში” დაასრულა.

ერნან კრესპო (არგენტინა, თავდამსხმელი) – იშვიათ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. ერნან კრესპო იმ გამონაკლისთა შორისაა, რომელიც, სადაც თამაშობდა, ყველგან მოწოდების სიმაღლეზე იყო. ერთადერთ გამონაკლისად შეიძლება “ჩელსი” ჩაითვალოს, რომელშიც კრესპო ისე ვერ ბრწყინავდა, როგორც იტალიაში. ზოგადად, იტალიაში თავს მართლაც კარგად გრძნობდა – “პარმა”, “ლაციო”, “ინტერი”, “მილანი” და ბოლოსკენ “ჯენოა” ის გუნდებია, სადაც ერნანი გოლებს გოლებზე იტანდა. არგენტინის ნაკრებში 64-ჯერ ითამაშა და 35 გოლი შეაგდო. კარიერა კი 2012 წელს, “პარმაში” დაასრულა.

ვინსენ კანდელა (საფრანგეთი, მარჯვნა მცველი) – ფრანგი მარჯვენა მცველი, რომლის გამორჩეული პერიოდი იტალიურ “რომასთან” ასოცირდება. კანდელა დედაქალაქურ გუნდში 1997-2005 წლებში გამოდიოდა. გარდა ამისა, “ტულუზას”, “გენგამის”, “უდინეზეს, “სიენას”, “მესინასა” და “ბოლტონში” ირჯებოდა. საფრანგეთის ნაკრებში 1996-2002 წლებში 40-ჯერ ითამაშა. გახდა ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონიც. კარიერა 2007 წელს დაასრულა.

მარეკ იანკულოვსკი (ჩეხეთი, მარცხენა მცველი) – ჩეხეთის ნაკრების მარცხენა მცველი, რომლის წარსული “მილანის” გზას კვეთს. “სან სიროზე” იანკულოვსკიმ საკმაოდ მაღალ დონეზე 6 წელი ითამაშა. მანამდე კი სახელი “უდინეზეში” გარჯით გაითქვა. კარიერა 2012 წელს მშობლიურ “ბანიკში” დაასრულა. ჩეხეთის ნაკრებში მარეკის ანგარიშზე 77 შეხვედრაა.

ალესანდრო კოსტაკურტა (იტალია, ცენტრ. მცველი) – ალესანდრო კოსტაკურტა ლეგენდარული “მილანის” ლეგენდარული დაცვის განუყოფელი ნაწილი იყო. მთელი კარიერა მან სწორედ “როსონერიში” გაატარა. მხოლოდ 1986-1987 წლების სეზონში იყო განათხოვრებული “მონცაში”. არიგო საკის ხელში კი კოსტაკურტა გამორჩეულ ფიგურად იქცა. საბოლოოდ, “მილანს” ერთგულად 2007 წლამდე ემსახურა და მერე, კარიერა დაასრულა. იტალიის ეროვნულ ნაკრებში კი, 1991-1998 წლებში 59 მატჩი ჩაატარა.

დემეტრიო ალბერტინი (იტალია, ნახევარმცველი) – “მილანის” ლეგენდა – ალბერტინიმ “მილანში” 14 წელი ითამაშა იმ გუნდის ხერხემალი იყო, რომელმაც უდიდესი კვალი დატოვა ევროპულ ფეხბურთში. ალბერტინი საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე 90-იან წლებში შეუდარებლად ირჯებოდა. 2002 წელს “მილანი” დატოვა და სწორედ მისგან მიიღო 4 ნომრიანი მაისური კალაძემ. კარიერსი ბოლოს თამაში “ატლეტიკოში”, “ლაციოში”, “ატალანტაში” მოასწრო. ხოლო წერტილი “ბარსელონაში” დასვა 2005 წელს. “სკუდრა აძურას” 1991-2002 წლებში 79 მატჩით და 3 გოლით შეეწია.

დინო ბაჯო (იტალია, ნახევარმცველი) – უცნაურია, მაგრამ დინო ბაჯო ბევრს დღემდე ჰგონია ლეგენდარული რობერტოს ძმა. ეს არაა სინამდვილე. მაგრამ რეალობაა ის, რომ დინოს საკმაოდ კარგი კარიერა ჰქონდა და 90-იანი წლების იტალიის ნაკრების ნახევარდაცვა მის გარეშე წარმოუდგენელი იყო. კარიერის საუკეთესო წლები “პარმაში” გაატარა. იმ “პარმაში”, რომელიც ძალიან კარგი გუნდი იყო და რომელმაც, არაერთი დასამახსოვრებელი გამარჯვება გამოჭედა. უთამაშია “ინტერსა” და “იუვენტუსშიც”. 2000-2005 წლებში რომის “ლაციოს” წევრი იყო, ხოლო კარიერა 2009 წელს ქვედალიგელ “ტომბოლოში” დაასრულა. იტალიის ნაკრებში დინო ბაჯოს აქტივში 60 თამაში და 7 გოლია.

მასიმო ამბროზინი (იტალია, ნახევარმცველი) – აქაც ნაცნობ სურათს ვაწყდებით: ამბროზინის კარიერის უდიდესი ნაწილი “მილანს” აქვს დათმობილი. მოკრძალებულ “ჩეზენაში” გატარებული ერთწლიანი პერიოდის მერე ამბროზინი “როსონერიში” აღმოჩნდა და 18 წელი შეალია ლომბარდიულ გრანდს. ამბროზინი “მილანის” კაპიტანი იყო 2012-2013 წლების სეზონში. ამავე წელს კი, “ფიორენტინაში” გადავიდა, სადაც კარიერა დაასრულა. იტალიის ნაკრებში მასიმომ 35 მატჩი ჩაატარა.

მასიმო ოდო (იტალია, მარჯვენა მცველი) – თბილისს კიდევ ერთი მსოფლიო ჩემპიონი ესტუმრება. მასიმო ოდო 2006 წელს იტალიის ნაკრების განაცხადში იყო, თუმცა მოედანზე ერთხელ მოუწია გასვლა. ოდოს კარიერას არაერთი კლუბი ავსებს, მაგრამ თავის გამოჩენა რომის “ლაციოში” შეძლო, რომელსაც კაპიტნობდა კიდეც. ითამაშა “მილანშიც” და “ბაიერნში”, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ განსაკუთრებული წარმატებით. კარიერა 2012 წელს “ლეჩეში” დაასრულა. იტალიის ნაკრებში 2002-2008 წლებში 34 მატჩში ერთი გოლი გაიტანა. მასიმო ოდო ახლაც ფეხბურთს ემსახურება და მწვრთნელია. ბოლოს, 2015-2017 წლებში “პესკარას” ედგა სათავეში.

მარკო დელ ვეკიო (იტალია, თავდამსხმელი) – მარკო დელ ვეკიოს სახელი პირველ რიგში “რომას” უკავშირდება. “ჯალორისის” რიგებში იტალიელი ფორვარდი 10 წელი ირჯებოდა და იტალიის ჩემპიონიც გახდა. საინტერესოა, რომ დელ ვეკიო რომაული დერბის საუკეთესო გოლეადორია. იტალიის ნაკრებში 22 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი. მათ შორის ერთი ევრო 2000-ის ფინალში, საფრანგეთის კარში. დელ ვეკიო თბილისში უკვე ნაყოფია. 2001 წლის 2 ივნისს, სწორედ მან გახსნა ანგარიში საქართველოსა და იტალიის ნაკრებთა შეხვედრაში. იმ დღეს მეორე გოლი ფრანჩესკო ტოტიმ გაიტანა, რომელიც “დინამო არენაზე” ყოფილი თანაკლუბელის მსგავსად ბრუნდება.

სებასტიან ფრეი (საფრანგეთი, მეკარე) – ვისაც გახსოვთ სებასტიან ფრეი, დაგვეთანხმება, რომ ძალიან კარგი მეკარე იყო. ფრანგის კარიერა იტალიას უკვაშირდება. მილანის “ინტერში” საქმეები კარგად ვერ აეწყო და ჯერ “პარმას” მიაშურა, მერე “ფიორენტინას”. ორივეგან სებასტიანი მოწოდენის სიმაღლეზე იყო და იტალიის ჩემპიონატის გამორჩეულ მეკარეებში შედიოდა. ბოლოსკენ “ჯენოასა” და “ბურსასფორში” თამაშობდა კარიერაც 2015 წელს თურქულ გუნდში დაასრულა. ფრეი და კახა კალაძე “ჯენოაში” თანაგუნდელები იყვნენ.

ანჯელო დი ლივიო (იტალია, ნახევარმცველი) – ანჯელო დი ლივიომ კარიერა “რომაში” დაიწყო, მაგრამ წარმატება ტურინის “იუვენტუსში” მოვიდა. “ბებერი ქალბატონის” რიგებში დი ლივიომ 1993-1999 წლებში ითამაშა და გუნდის განუყოფელი ნაწილიც იყო. სწორედ აქ შეიძინა საინტერესო მეტსახელი: “ილ სოლდატინო” (ჯარისკაცი). კარიერის ბოლო 6 სეზონი კი “ფიორენტინას” დაუკავშირა და გუნდის კაპიტანიც გახლდათ. იტალიის ნაკრებში დი ლივიომ 1995-2002 წლებში 40-ჯერ ითამაშა.

ენრიკო ანონი (იტალია, ცენტრ. მცველი) – სტუმართაგან ყველაზე უცნობი ენრიკო ანონია. მართლაც, იტალიელს არ ჰქონია ისეთი მდიდარი კარიერა, როგორც ზმეოთ ნახსენებ ფეხბურთელებს. ანონის იტალიის ნაკრებშიც არ უთამაშია არასდროს. რაც შეეხება საკლუბოს, “რომას” რიგებში 1994-1997 წლებში გაისარჯა, ხოლო კარიერის ბოლო ორი წელი “სელტიკში” დაჰყო. ყველაზე მეტ ხანს ანონიმ “კომოში” ითამაშა – 7 წელი.

კრისტიან აბიატი (იტალია, მეკარე) – კრსიტიან აბიატი ძალიან ახალგაზრდა იყო, როდესაც “მილანის” ძირითად შემადგენლობაში ფურორით გამოჩნდა. 1998-199 წლების სეზონში. მაშინ, აბიატის იტალიის ნაკრებში ჯიჯი ბუფონთან ერთად მოიაზრებდნენ ძირითადის სამომავლო წევრად. მაგრამ, კრისტიან მალე დაღმასვლა დაეწყო და გუნდში დიდას დუბლიორი გახდა. ამას მოჰყვა იჯარა “იუვენტუსში”, “ტორინოსა” და “ატლეტიკოში”. ესპანეთში წარმატებული თამაშის შემდეგ “მილანმა” აბიატი დაიბრუნა. 2008 წლიდან გამოცდილი მეკარე უკვე სასტარტოს შეუცვლელი წევრი იყო. აბიატიმ კარიერა 2016 წელს დაასრულა. ვინაიდან, აბიატის იტალიის ნაკრებში ბუფონთან უწევდა კონკურენცია, მხოლოდ 4 სანაკრებო მატჩი მიითვალა.

სებასტიანო როსი (იტალია, მეკარე) – “მილანის” კიდევ ერთი მეკარე. როსი “როსონერიში” 1990-2002 წლებში ირჯებოდა და ოქროს თაობის კარს სწორედ ის ცავდა დამაჯერებლად. როსიმ იტალიის ჩემპიონატის რეკორდიც დაამყარა, მშრალად შენახული წუთების მიხედვით, რომელიც დიდი ხანი ხელშეუხებელი იყო. თუმცა, ეს რეკორდი 2016 წელს ბუფონმა დაამხო. სებასტიანო როსიმ “მილანში” 240 მატჩი ჩაატარა. კარიერა კი, 2003 წელს “პერუჯაში” დაასრულა. საინტერესოა, რომ არასდროს უთამაშია იტალიის ნაკრების შემადგენლობაში.

ჯუზეპე ფავალი (იტალია, მარცხენა მცველი) – ჯუზეპე ფავალი არ ყოფილა პაოლო მალდინის დარი, მაგრამ საჭირო ფეხბურთელი იყო. იტალიელი იმ პერიოდის “ლაციოს” ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო, რომელმაც სკუდეტო, თასების თასი და ევროპის სუპერთასი მოიგო. ვაფალიმ “ლაციოში” 1992-2004 წლებში ითამაშა და შემდეგ ცვლილებები შეიტანა კარიერაში: 2004-2006 წლებში “ინტერის” მაისურით ირჯებოდა, ხოლო 2006 წლიდან “მილანში” ჩაირიცხა. სწორედ “როსონერიში” დაასრულა ფავალიმ კარიერა 2010 წელს. იტალიის ნაკრებში განაპირა მცველმა 8 თამაში ჩაატარა.

მაურო ტასოტი (იტალია, მცველი) – მაურო ტასოტიც სახელი “მილანის” ისტორიას კვეთს. ტასოტიმ “როსონერის” მაისურით 17 წელი ითამაშა ყველა შესაძლო ჯილდო მოიგო, რისი მოგებაც შეიძლებოდა. მის კარიერაში “მილანის” გარდა ერთადერთი გუნდი ფიგურირებს: “ლაციო” 1978-1980 წლებში. კარიერის დასრულების მერე ტასოტი წლების განმავლობაში “მილანში”, მთავარი მწვრთნელის ასისტენტის პოზიციაზე მუშაობდა.

ანჯელო კარბონე (იტალია, ნახევარმცველი) – თავბრუდამხვევი კარიერა ანჯელო კარბონეს ნამდვილად არ ჰქონია. კარიერის განმავლობაში უამრავი გუნდი გამოიცვალა და რიგ შემთხვევებში მეორეხარისხოვანი კლუბების რიგებში ირჯებოა. მცირე პერიოდი დაჰყო “მილანში” – 1990-1991 და 1993-1994 წლების სეზონი. სხვა მხრივ, ყველაზე დიდი ხანი “ატალანტაში” იყო, სადაც სამი სეზონი ითამაშა. კარიერა კი 2005 წელს “პრო პატრიაში” დაასრულა.

ივან რამირო კორდობა (კოლუმბია, მცველი) – ლეგენდარული კოლუმბიელის სახელი ოქროს ასოებით “ინტერთანაა” დაკავშირებული. მილანურ გრანდში ივანმა 2000-2012 წლებში ითამაშა და კარიერაც დაასრულა. სხვა ევროპულ გუნდში არასდროს უთამაშია და მხოლოდ სამხრეთ ამერიკული კლუბებში ირჯებოდა (“დეპორტივო რიონეგრო”, “ატლეტიკო ნასიონალი” და “სან ლორენცო”). კოლუმბიის ნაკრებში კორდობამ 1997-2011 წლებში 73-ჯერ ითამაშა.

დარიო შიმიჩი (ხორვატია, მცველი) – დარიო შიმიჩმა უმეტესი ნაწილი აპენინზე დაჰყო. ჯერ “ინტერის”, მერე კი “მილანის” დაცვას ამაგრებდა. “ნერაძურიში” 4 სეზონი, ხოლო “როსონერიში” 6 წელი ითამაშა. კარიერა 2010 წელს მშობლიურ ზაგრების “დინამოში” დაასრულა. ხორვატიის ნაკრების მაისური კი 100 მატჩში მოირგო და 3 გოლი გაიტანა.

იბრაჰიმ ბა (საფრანგეთი, ნახევარმცველი) – ფრანგი ნახევარმცველი კარიერის საუკეთესო პერიოდში “მილანში” თამაშობდა (1997-2003 წლები). გარდა ამისა, უთამაშია “ლე ჰავრში”, “ბორდოში”, “პერუჯაში”, “მარსელში”, “რისესფორში”, “ბოლტონსა” და “დიურგარდენში”. საფრანგეთის ნაკრებში ბა 8 შეხვედრაში გამოჩნდა და 2 გოლის გატანა მოახერხა.

პიეტრო ვიერხოვოდი (იტალია, მცველი) – პიეტრო ვიერხოვოდი ყველაზე ხანდაზმულია ვინც თბილისს სტუმრობს. 58 წლის მცველს თავის დროზე “რომაში”, “იუვენტუსში” და “მილანში” უთამაშია. კარიერის გამორჩეული პერიოდი კი “სამპდორიაში” გაატარა, რომელთან ერთად იტალიის ჩემპიონი გახდა და 1991 წელს ჩემპიონთა თასის ფინალს უწია. 1996 წელს უკვე “იუვენტუსის” რიგებში ჩემპიონთა ლიგა მოიგო. კარიერა კი 2000 წელს “პიაჩენცაში” დაასრულა. იტალიის ნაკრებში ვიერხოვოდის აქტივში 45 შეხვედრა და 2 გოლია.

კაფუ (ბრაზილია, მარჯვენა მცველი) – ლეგენდარული ბრაზილიელი მცველი, რომელსაც კარგად ვიცნობთ. კაფუ ბრაზილიის ნაკრებში ორჯერ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი და მათ შორის, ერთხელ კაპიტნის რანგში. კაფუმ სამშობლოს ღირსება 1990-2006 წლებში 142 მატჩში დაიცვა და 5 გოლი გაიტანა. რაც შეეხება საკლუბო კარიერას, “სან პაულოდან” დაიწყო. შემდეგ კი “სარაგოსა”, “ჟუვენტუდე”. “პალმეირასი”, “რომა” და “მილანი”. “როსონერის” რიგებში კაფუმ 2003-2008 წლებში ითამაშა და კარიერაც ამ გუნდის რიგებში დაასრულა.

კევინ კურანი (გერმანია, თავდამსხმელი) – კევინ კურანი წლების განმავლობაში ლევან კობიაშვილის მხარდამხარ თამაშობდა გელზენკირხენის “შალკეში”. გერმანელმა ფეხბურთელმა სახელი “შტუტგარტში” თამაშით გაითქვა, ხოლო 2005 წელს “ხუმარების” რიგებში აღმოჩნდა. კარიერის ბოლო წლები მოსკოვის “დინამოში” დაჰყო, ხოლო უკანასკნელი სეზონი (2015-2016) “ჰოფენჰაიმში” გაატარა.

ლუიჯი დი ბიაჯო (იტალია, ნახევარმცველი) – ლუიჯი დი ბიაჯო იტალიის ნაკრების ქომაგს კარგად ემახსოვრება. საყრდენი ნახევარმცველი, რომელიც ძლიერი დარტყმით გამოირჩეოდა. დი ბიაჯომ სახელი “რომაში” დაიგდო, ხოლო შემდეგ ოთხი სეზონი მილანის “ინტერში” გაატარა. კარიერის მიწურულს “ბრეშასა” და “ასკოლიში” ითამაშა, კარიერა კი 2008 წელს დაასრულა. ლუიჯი დი ბიაჯომ იტალიის ნაკრებში 1998-2002 წლებში 31 თამაში ჩაატარა. ამჟამად ლუიჯი სამწვრთნელო ასპარეზზეა და იტალიის 21 წლამდე ნაკრებს უდგას სათავეში.

მიჩელ სალგადო (ესპანეთი, მცველი) – თბილისს ეწვევა ესპანელი მიჩელ სალგადოც, რომელსაც ქართველი გულშემატკივარი მადრიდის “რეალიდან” იცნობს. სალგადომ წარმატებას ვიგოს “სელტაში” მიაღწია და სწორედ იქედან აღმოჩნდა “სამეფო კლუბში”, სადაც 10 წელი გაატარა (1999-2009). მიჩელმა “რეალის” ვარსკვლავურ შემადგენლობასთან ერთად ყველაფერი მოიგო. კარიერა 2012 წელს ინგლისურ “ბლექბერნში” დაასრულა. ესპანეთის ნაკრებში 53-ჯერ ითამაშა.

0.112536