საქართველოს ნაკრების მსროლელი დუდა სანაძე ახლა უკვე ოფიციალურად იტალიური “ფლექს პისტოიას” კალათბურთელია. ამის შესახებ აპენინური გუნდის ვებგვერდი იტყობინება.
დუდას “პისტოიაში” გადაბარგების ისტორია ძალიან გაიწელა. საქმე ისაა, რომ ამის შესახებ ჯერ კიდევ მიმდინარე თვის დასაწყისში გახდა ცნობილი, მაგრამ შემდეგ ქართველმა სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარა და კონტრაქტის გაფორმებაც ამ მიზეზით ვერ ხერხდებოდა.
საბოლოოდ, სანაძემ მეორედ ჩატარებული გამოკვლევა წარმატებით დაძლია და ხელშეკრულებაც გაფორმდა. “პისტოია” იტალიის სერია A-ს ბინადარია და პირველი ტურის მატჩს 5 ოქტომბერს, “კაპო დ’ორლანდოსთან” ჩაატარებს.
დუდა სანაძემ გასული სეზონი სლოვენიურ “პრიმორსკაში” გაატარა და საშუალოდ თამაშში 17.3 ქულას, 2.9 მოხსნას, 1.3 პასსა და 1.2 ჩაჭრას აგროვებდა. რაც შეეხება ევრობასკეტ 2017-ს, დუდას მაჩვენებელი ასეთი იყო: 10.8 ქულა, 2.0 მოხსნა, 1.2 პასი, 1.2 ჩაჭრა და 0.4 დაფარება საშუალოდ მატჩში.