მშვენიერ ფეხბურთს თამაშობს “ბეტისი”. ანდალუსიურ კლუბს კიკე სეტიენის სათამაშო სტილი აშკარად მოუხდა და შედეგიც სახეზეა. “მწვანეები” ლა ლიგის მეექვსე ტურის უკანასკნელ მატჩში “ბენიტო ვილამარინზე” “ლევანტეს” დაუხვდნენ და “რეალის” შემდეგ კიდევ ერთი ისეთი კლუბის დამარცხება მოახერხეს, რომელსაც მათთან შეხვედრამდე წაგებული არ ჰქონდა.
პირველი ნახევარი საკმაოდ მოსაწყენი გამოდგა და გუნდებს რეალური საგოლე მომენტი ფაქტობრივად არ შეუქმნიათ. მეორე ტაიმში კი “ბეტისი” გამოცოცხლდა და თან როგორ?! ანდალუსიურმა კლუბმა მეტოქის რბევა თამაშის განახლებისთანავე დაიწყო, ბოლო წამებამდე გააგრძელა და ამ დროის განმალობაში ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა.
ანგარიში 47-ე წუთზე “რეალთან” გამარჯვების გოლის ავტორმა ანტონიო სანაბრიამ გახსნა, რომელიც სერხი ლეონის ჩაწოდებულს მზად დაუხვდა და თავური დარტყმით შეაგდო. 55-ე წუთზე ფაბიან რუისმა ბურთი მოედნის ცენტრიდან წამოიღო, საჯარიმოს მისადგომებამდე ირბინა და უნაკლო დარტყმით სხვაობა გაზარდა. 67-ე წუთზე კი, დურმისის მიერ კარის გასვრივ გაკეთებულ გადაცემას ლეონი გამოეხმაურა და ანგარიში გამანადგურებელი გახადა, ხოლო “ბაყაყების” განადგურებას წერტილი სანაბრიამ დაუსვა, რომელმაც რუისი კარგი გადაცემა გამოიყენა და დუბლი გაიფორმა – 4:0.
“ბეტისი” 12 ქულით მეხუთე ადგილზეა, ხოლო “ლევანტეს” 9 ქულა დარჩა და მეცხრე საფეხურამდე დაქვეითდა.
ბეტისი – ლევანტე 4:0 (0:0)
სევილია, “ბენიტო ვილამარინი”
ბეტისი (4-1-3-2): ადანი, მანდი, ამატი, დურმისი, ბარაგანი (რ.ნავარო 60), ხ.გარსია, ფ.რუისი, გუარდადო, ხოაკინი (ტელო 69), ს.ლეონი (ნაუელი 77), სანაბრია.
მწვრთნელი: კიკე სეტიენი
ლევანტე (4-2-3-1): რ.ფერნანდესი, პოსტიგო, ჩემა, პ.ლოპესი, ტონიო, კამპანია (დაკური 67), რობერი, ბარდი (ნანო 57), მორალესი, ივი (სამუელი 57), ალეგრია.
მწვრთნელი: ხუან მუნიოსი
გოლები: 1:0, 4:0 სანაბრია (47; 93), 2:0 ფ.რუისი (55), 3:0 ს.ლეონი (67)
გაფრთხილებები: მანდი
მსაჯი: პაბლო გონსალეს ფუენტესი