უეფას ჩემპიონთა ლიგის 2018-2019 წლების სეზონის ფინალური მატჩი მადრიდში, “ვანდა მეტროპოლიტანოზე” გაიმართება. აღნიშნულ ინფორმაციას უეფას ვებგვერდი ოფიციალურად ადასტურებს.
“ატლეტიკოს” სტადიონი სულ რაღაც ერთი კვირის ისტორიას ითვლის და იგი ოფიციალურად შაბათს, “ატლეტიკოსა” და “მალაგას” შეხვედრით გაიხსნა. “როხიბლანკოს” საშინაო არენა 67 ათას გულშემატკივარზეა გათვლილი.
ესპანეთი ჩემპიოთა ლიგის ფინალს მერვედ უმასპინძლებს. აქამდე იგივე პატივი მადრიდის “სანტიაგო ბერნაბეუს” (2010, 1980, 1969, 1957), ბარსელონას “კამპ ნოუს” (1999, 1989) და სევილიის “რამონ სანჩეს პისხუანს” (1986) ჰქონიათ.
2019 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი კი, 1 ივნისს ჩატარდება. რაც შეეხება უკვე მიმდინარე სეზონის მთავარ შეხვედრას, უკრაინის დედაქალაქ კიევში ჩატარდება.
ამავე, 2018-2019 წლების სეზონის ევროპა ლიგის ფინალი კი, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში, ოლიმპიურ სტადიონზე შედგება – 29 მაისს.
ცნობილია, 2019 წლის ევროპის სუპერთასის მასპინძელი ადგილიც: სტამბული, “ვოდაფონ არენა”.