კალათბურთი

0:38 | 15.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

სლოვენიამ ესპანეთი გაანადგურა
სლოვენია ევრობასკეტის ფინალში პირველად გავიდა

ევრობასკეტ-2017-ის ნახევარფინალში, ყველასგან მოულოდნელად, იგორ კოკოშკოვის სლოვენიამ ესპანეთი 92:72 გაანადგურა და ისტორიაში პირველად ფინალში გავიდა.

სლოვენიელები მატჩის სტარტზევე დაწინაურდნენ და ესპანეთი მთელი შეხვედრის განმავლობაში მდევრის როლში გახლდათ. პირველი ტაიმის შემდეგ კოკოშკოვის გუნდი 4 ქულით იგებდა. გადამწყვეტი კი მესამე მეოთხედი აღმოჩნდა, რომელიც ბალკანელებმა 24:12 მოიგეს. ესპანეთმა თამაშში გარდატეხის შეტანა ვერც მეოთხე პერიოდში ვერ მოახერხა და პირენელები მესამე ადგილისთვის იბრძოლებენ.

სლოვენიამ მეტოქე პერიმეტრიდან დაბომბდა და 25-დან 14 სამქულიანი ჩააგდო, სკარიოლოს შეგირდებმა 27-დან მხოლოდ 7 შორეული სროლა ჩააგდო, რაც კატასტროფული შედეგია.

აშკარაა, რომ კოკოშკოვმა სკარიოლოს ტაქტიკური ორთაბძოლა მოუგო, ესპანელებმა გასოლების უპირატესობა ფარქვეშ ვერ გამოიყენეს, ვიდმარს და რენდოლფს სხვა სლოვენიელი კალათბურთელები კარგად აზღვევდნენ. უმეტეს შემთხვევაში ბალკანელები ბურთს ისე ათამაშებდნენ, რომ კალათბურთელი სასროლზე მარტო რჩებოდა.

2 პასი დააკლდა სამმაგ დუბლამდე 18 წლის ლუკა დონჩიჩს, რომლის მონაგარიც ასე გამოიყურება 11 ქულა, 12 მოხსნა, 8 პასი და არც ერთი დაკარგვა. დრაგიჩმა და რენდოლფმა 15-15 ქულა მიითვალეს. ესპანეთში ყველაზე მეტი 16 ქულა პო გასოლის ანგარიშზე, რომელსაც კარგი თამაში ნამდვილად არ გამოუვიდა.

ფინალში სლოვენია რუსეთ-სერბეთის გამარჯვებულს შეხვდება.

ესპანეთი – სლოვენია 72:92 (19:25, 26:24, 12:24, 15:19)

სტატისტიკა

0.120864