ფეხბურთი

17:55 | 12.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

დავიდსი: “ჩემთვის “იუვენტუსსა” და “ბარსელონაში” გატარებული წლები საუკეთესო იყო"

“ბარსელონასა” და ტურინის “იუვენტუსის” მოახლობული მატჩის წინ Football Italia-სთან ედგარ დავიდსმა ისაუბრა, რომელსაც სხვადასხვა დროს ორივე ამ გუნდის რიგებში უთამაშია.

“ჩემთვის “იუვენტუსსა” და “ბარსელონაში” გატარებული წლები საუკეთესო იყო, რადგან ყველაფერი ვისწავლე “ბიანკონერიში” და პრაქტიკით გავაგრძელე კატალონიაში.

ეს ბარსელონა? ისინი ყოველთვის ძლიერები არიან, თუმცა უძლეველი მანქანა აღარ არის. ეს ჩვენ დავინახეთ.

შეიძლება ითქვას, ნეიმარის წასვლით ამ გუნდს გული გამოაკლდა, თუმცა მათ თავის დროზე ჩავის დანაკლისი შეავსეს და ამასაც აინაზღაურებენ.

ფავორიტია თუ არა “ბებერი ქალბატონი”? არ ვიცი, მათ რამდენიმე ფეხბურთელი აკლიათ, მაგრამ ისინი ნამდვილად იბრძოლებენ.

ჟურნალისტის კითხვას არის თუ არა “ბიანკონერი” “აიაქსთან” 1996 წლის ფინალის შემდეგ დაწყევლილი, სურინამული წარმოშობის ჰოლანდიელმა ასე უპასუხა:

“ეს წყევლაზე მეტია. ისინი ბოლო 3 წლის განმავლობაში ორ ფინალში დამარცხდნენ”.

დავიდსმა მესის და დიბალას შედარებაზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ეს უადგილოა:

“თუ გინდათ, რომ დიბალა დააზარალოთ, მაშინ გააგრძელეთ შედარებები. “იუვენტუსს” ჰყავს წარმოუდგენელად ნიჭიერი ფეხბურთელი დიბალას სახით, მაგრამ ასეთი შედარებები ჯერ არ მიმაჩნია მართებულად.

მესის გვირგვინი მძიმეა. მას სეზონში ათეულობით გოლი გააქვს, განსაკუთრებით გადამწყვეტ მატჩებში. დიბალა კი უფრო და უფრო გაიზრდება, თუმცა მანამდე დიდი გზა უნდა გაიაროს”.

შეგახსენებთ, რომ ედგარ დავიდში “იუვენტუსში” “მილანიდან” 1997 წელს გადავიდა და 2004 წლამდე “ბებერი ქალბატონის” რიგებში თამაშობდა. რაც შეეხება “ბარსელონას” – ტურინიდან 2004 წელს კატალონიას მიაშურა, თუმცა იქ დიდხანს არ დარჩენილა.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის შეხვედრა "ბარსელონასა" და "იუვენტუსს" შორის დღეს, "კამპ ნოუზე" თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

0.126542