ფეხბურთი

18:34 | 8.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

17-წლამდელები: დასანანი მარცხი ფინალში

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ყაზახეთში, "პრეზიდენტის თასზე" მეორე ადგილი დაიკავა. გიორგი ნემსაძის გაწვრთნილებმა ფინალში წააგეს რუსეთის 17-წლამდელებთან. ძირითადი დრო 1:1 დასრულდა, პენალტებში კი - 4:5.

არადა, ქართველები მე-2 წუთზე დაწინაურდნენ. ხვიჩა კვარაცხელიამ ("დინამო") ბრწყინვალედ იმოქმედა საჯარიმოში, ორი მცველი ჯერ ერთხელ მოატყუა, მერე თავი გაითავისუფლა და მესამეც მიაყოლა, დარტყმაც კარგი გამოუვიდა და 1:0.

ამის შემდეგ რუსები გააქტიურდნენ და 24-ე წუთზე ილია ვოროტნიკოვმა გაათანაბრა ანგარიში - 1:1.

საერთოდ, უმეტესად რუსები ფლობდნენ სათამაშო უპირატესობას და ქართველებს დაცვაში ბევრი საქმე ჰქონდათ. რამდენჯერმე რთული ბურთი მოიგერია მეკარე ლუკა ხარშილაძემ. ჩვენები ისე ლაღად ვერ თამაშობდნენ, როგორც წინა შეხვედრაში, თუმცა გოლის გატანა ბოლოს შეეძლოთ. კვარაცხელიამ იმოქმედა კარგად, ზურაბ დავითაშვილს გააყოლა ბურთი, მისი პასის შემდეგ კი გიორგი გულიაშვილმა დაარტყა და რუსების მეკარემ იყოჩაღა.

აღვნიშნოთ ისიც, რომ ნემსაძეს შეცვლა არ გაუკეთებია. ძირითადმა თერთმეტეულმა დაიწყო და დაასრულა.

პენალტების სერიაში კი თავიდან ორ-ორი დარტყმა ზუსტად შეასრულეს გუნდებმა, მერე გულიაშვილმა ძელს მოარტყა ბურთი და ეს გამოდგა გადამწყვეტი... ამის შემდეგ არც რუსებს და არც ქართველებს დარტყმა არ გასცუდებიათ.

საქართველო-რუსეთი 1:1 (პენ - 4:5)

საქართველო: ხარშილაძე, კაპანაძე, აბზიანიძე, ნონიკაშვილი, აზაროვი, მექვაბიშვილი, ჩოთალიშვილი, შალიკაშვილი, დავითაშვილი, კვარაცხელია, გულიაშვილი

გოლები: 1:0 კვარაცხელია (2), 1:1 ვოროტნიკოვი (24)

ქართველებიდან პენალტები გაიტანეს ნონიკაშვილმა, შალიკაშვილმა, დავითაშვილმა და კვარაცხელიამ.

ნემსაძის გაწვრთნილებს საქართველოში ელით ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი. ჯგუფში მეტოქეებად ეყოლებათ იტალია, მონტენეგრო და ლატვია. მატჩები 24, 27 და 30 ოქტომბერს გაიმართება.

0.122246