მომავალ სეზონში ესპანეთის ჩემპიონატის რამდენიმე მატჩი, შესაძლოა, ქვეყნის ფარგლებს გარეთ ჩატარდეს. ესპანეთის საფეხბურთო ლიგის ხელმძღვანელობა პროექტზე მუშაობს და მიიჩნევენ, რომ ამ გეგმის განხორციელება მარკეტინგული და ფინანსური კუთხით მომგებიანი იქნება.
კერძოდ, საუბარია 2018-2019 წლების სეზონის რამდენიმე გამორჩეული მატჩის ჩინეთში და ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებაზე.
“ესპანეთის ჩემპიონატი გლობალური ღონისძიებაა და გვსურს ლიგის საერთაშორისო მიმზიდველობა კიდევ უფრო გავზარდოთ. განვიხილავთ ჩემპიონატის ზოგიერთი თამაშის ესპანეთის ფარგლებს გარეთ ჩატარების ვარიანტს. ჯერჯერობით პროექტი ადრეულ სტადიაზეა, მაგრამ ამ იდეას ბევრი მხარდამჭერი ჰყავს” - ციტირებს ესპანეთის საფეხბურთო ლიგის პრეზიდენტის ხავიერ ტებასის სიტყვებს Football-Espana.
აღსანიშნავია, რომ მსგავს იდეას აქამდე ევროპის სხვა წამყვანი საფეხბურთო ლიგებიც განიხილავდნენ, თუმცა განხორციელებას ხელი ადგილობრივ გულშემატკივართა პროტესტმა შეუშალა.