„მშვიდობით ჩემო ნაკრებო და გულშემატკივარო. კაპიტნის წასვლის დროც მოვიდა!“ - ზაზა ფაჩულიამ საქართველოს ნაკრებში 17-წლიანი კარიერა დაასრულა. 33 წლის კაპიტანი ეროვნული გუნდიდან წავიდა და იგი ქართული კალათბურთის ისტორიაში გამარჯვებული დაგვამახსოვრდება.
ზაზა ფაჩულია ნაკრებში ყოველთვის იყო ერთგული მეომარი და ღირსეული ლიდერი. ზაზა ფაჩულიამ ეროვნულ გუნდს წლები შეალია და არ დაუშურია ძალ-ღონე იმისთვის, რომ საქართველოს სახელი ევროპისა თუ მსოფლიოს მასშტაბით კარგად წარმოეჩინა. ზაზა ფაჩულიას წინამძღოლობით საქართველოს ნაკრები იყო B დივიზიონში და მივიდა ევროპის ჩემპიონატამდე. მივიდა ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალამდეც და დაამარცხა ლიტვის ნაკრებიც... იყო ბევრი გამარჯვება და იყო დამარცხებაც, მაგრამ ესეც სპორტის შემადგენელი ნაწილია.
ზაზა ფაჩულიამ თავის კარიერაში ბოლო ევრობასკეტი ტრავმით ითამაშა, მაგრამ უარი არ უთქვამს თავისი ქვეყნის სახელის დაცვაზე. აკეთებდა მაქსიმუმს ყოველთვის და ყველაფერში.
“როცა ამერიკაში ვინმეს ჰგონია, რომ ჯორჯიის შტატიდან ვარ, ამაზე ყოველთვის ვბრაზდები. ყველანაირად ვცდილობ მათ ჩემი ქვეყანა გავაცნო. ვაჩვენო, რომ არსებობს საქართველო, რომელიც კარგი ქვეყანაა”, - ამბობს ზაზა.
ზაზა 1984 წლის 10 თებერვალს, ერთ თბილისურ ოჯახში დაიბადა. გასაკვირი არაა, რომ ცხოვრების გზამკვლევად სპორტი აირჩია – დედა კალათბურთელი ჰყავდა, მამა – მოჭიდავე. ფაჩულიების ოჯახში იგი ერთადერთი შვილი იყო. თავიდან პატარა (ასაკით) ფაჩულია თითქმის ყველა სპორტის სახეობაზე დადიოდა, მაგრამ უშვებდნენ, რადგან ბურთს ყოველთვის ხელით ეხებოდა... საბოლოოდ, ზაზამ კალათბურთი აირჩია და პირველად ამ მშვენიერ სპორტის სახეობას 9 წლის ასაკში მიაკითხა.
არავინ უწყის, როგორ წარიმართებოდა მისი კარიერა, რომ არა ერთი შემთხვევა - სკოლაში, სადაც ფაჩულია სწავლობდა, თურქული გუნდის “ულქერის” ერთ-ერთი წარმომადგენელი იმყოფებოდა. ქართველმა გიგანტმა ყურადღება სიმაღლით მიიპყრო, ხოლო მას შემდგომ, რაც დაინტერესებულმა სტუმარმა გაიგო, რომ ეს ტანმაღალი ბიჭი კალათბურთს თამაშობდა, თურქული გზის გახსნასაც აღარაფერი ედგა წინ. ბოლოს ისე მოხდა, რომ “ულქერის” ხელმძღვანელები ჩვენს ქვეყანას ერთი კვირის შემდგომ ეწვივნენ. რაღა თქმა უნდა, ფაჩულიას წასაყვანად. არადა, პარადოქსია, ზუსტად იმ პერიოდში ნიჭიერი კალათბურთელი საქართველოს კადეტთა ნაკრებს მიღმა დარჩა. იმავე თურქეთში წამსვლელი 12 კალათბურთელი კადეტთა ნაკრების ხელმძღვანელობას 13 მოთამაშისგან უნდა შეერჩია... შეარჩიეს კიდეც – ერთადერთი ვინც ნაკრებს მიღმა დარჩა, ეს ჩვენი დღევანდელი სტატიის გმირი იყო...
თურქეთში გატარებული წარმატებული პერიოდის შემდგომ კი ზაზას კარიერაში ერა დადგა, რომელსაც დღემდე წარმატებულად და ნაბიჯ-ნაბიჯ, სტაბილურად მიჰყვება. 2003 წელს, ქართველი ცენტრი “ორლანდო მეჯიქმა” აიყვანა. მართალია, ეს გუნდი NBA-ში განსაკუთრებული წარმატებით ვერ დაიკვეხნიდა, მაგრამ ვლადიმერ სტეფანიასა და ნიკოლოზ ცქიტიშვილის შემდეგ, ოკეანის გაღმა მესამე ქართველის მოხვედრა, თანაც 19 წლის ასაკში, ბევრ რამეზე მეტყველებდა.
ბევრს ასეთ დროს “ქართული სენი” შეეყრებოდა და თავში აუვარდებოდა, რასაც უმალ მოჰყვებოდა კარიერის დაღმასვლა, მაგრამ ფაჩულია ამ მხრივაც სასიამოვნო გამონაკლისია – აბა როგორია, ათეულ წელზე მეტხანს ისეთ ლიგაში სტაბილურად თამაში, რომელშიც მოხვედრაზე ოცნებაც კი ბევრს არ შეუძლია?!..
საქართველოს ნაკრების კაპიტნის წარმატების საიდუმლო კი ყოველდღიურ შრომასა და პროფესიონალიზმშია. მან კარგად იცის, რომ ოდნავი მოდუნების შემთხვევაშიც კი რეგრესი დაეწყება.
“ქართველებისთვის უცხოეთში თავის დამკვიდრება და სახელის მოხვეჭა უფრო რთულია, ვიდრე იტალიელისთვის, ესპანელისთვის ან სხვა ეროვნების ადამიანისთვის. ფერადკანიანები ფიზიკურად ჩვენზე ძლიერები არიან, ეს მათ დაბადებიდანვე მოსდევთ. მქონდა შემთხევვები, როცა თანაგუნდელები სატრენაჟორო დარბაზს არც ეკარებოდნენ, მაგრამ თამაშზე დაფრინავდნენ, მე კი მათ დონესთან მისაახლოვებლად ორმაგი, სამმაგი ვარჯიში მჭირდებოდა და მჭირდება”, - ესეც ზაზას სიტყვებია.
წარმატება ადვილად რომ არ მოდის, კარგად აქვს გათავისებული. სხვანაირად ვერც მიაღწევდა იმას, რასაც დღეს ვხედავთ. ფაჩულიას იცნობენ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც კი კალათბურთზე სმენიათ. თანაც, იცნობენ დადებით კონტექსტში. ისე, სპორტსმენს ასაკის მატებასთან ერთად კარიერული დაღმასვლა ეწყება. ეს ბუნებრივი მოვლენაცაა, მაგრამ ფაჩულიას შემთხვევაში პირიქითაა! – 33 წლის კალათბურთელი NBA-ს ჩემპიონი გახდა. ასეთი რამ საქართველოს ისტორიაში პირველად მოხდა. ზაზამ თასი საქართველოშიც ჩამოიტანა.
“ამ დღეს დიდი ხანი ველოდი, იმ მომენტიდან, როდესაც დამსახურებულად გავიმარჯვე. რა თქმა უნდა, ფინალის დღეს ჩემი ოჯახის წევრები იქ იყვნენ ჩემთან ერთად. ასევე “უორიორზის”მილიონობით გულშემატკივარი, მაგრამ სულ სხვა გრძნობაა, როდესაც ქართველ ხალხთან ერთად გიწევს სიხარულის გაზიარება. ასე რომ, დღეს ძალიან ბედნიერი ვარ. მადლობა ღმერთს ეს ბედნიერი დღე რომ გამითენა. როგორც შეგპირდით, თასი ჩამოვიტანე საქართველოში და რამდენიმე დღე აქ იქნება. ეს თასი საქართველოსია, ყველა ჩვენგანისაა და შეგიძლიათ ყველამ იამაყოთ იმიტომ, რომ ამ ტიტულს ვერავინ წაგვართმევს მთელი ცხოვრების განმავლობაში. ეს არის პირველი და იმედი მაქვს არა უკანასკნელი. თამამად შემიძლია მოგილოცოთ თასის საქართველოში ყოფნა“, - თქვა ზაზამ ჩემპიონობის შემდეგ.
ქართველმა კარგად იცის, რა არის ასაკის მატებასთან ერთად უკეთ ათამაშების საიდუმლოც. სჯობს თავად მისი სიტყვები ამოვიკითხოთ:
“კონიაკი რაც უფრო ძველდება, მით უფრო კარგი ხდება. ვფიქრობ, სპორტსმენიც ასე უნდა იყოს. ჩვენი კარიერა დიდხანს არ გრძელდება, 15-20 წელი და ეს პერიოდი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ, რათა წარმატებელები ვიყოთ. ცხოვრებაში შანსი ყოველთვის მოდის, ოღონდ მხოლოდ ერთხელ. იგივე შანსი მეორედ არ ბრუნდება და ჩვენ ამ შესაძლებლობას ხელი ისე მაგრად უნდა ჩავჭიდოთ, რომ ვერაფერმა გაგვაშვებინოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მას სხვა დაეპატრონება, რომელსაც ყველაფერი კარგად ექნება გააზრებული და არ დაკარგავს. მსოფლიოში მილიონობით სპორტსმენია, მაგრამ წარმატებას ყველა ვერ აღწევს”...
ფაჩულიას ისიც კარგად აქვს გათავისებულ-გააზრებული, რომ ერთ დონეზე, სტაბილურად ყოფნისთვის და უბრალოდ, მაღალ დონეზე თამაშისთვის დისციპლინის დაცვაც აუცილებელია. უმჯობესია, ამ შემთხვევაშიც მისი სიტყვები წავიკითხოთ:
“არავის ეგონოს, რომ თუ ღამის 2 საათზე სახლიდან გახვალ და რეჟიმს დაარღვევ, ვერავინ შენიშნავს. ჩვენს გვერდით არიან მეგობრები, ჟურნალისტები, ადამიანები, რომლებიც გამუდმებით თვალ-ყურს გვადევნებენ. მე პირადად, რეჟიმს არასდროს ვარღვევ, რადგან ვიცი, ეს კარგს არაფერს მომიტანს. თუ დამიჯერებთ, ტკბილსაც კი არ ვჭამ, რომ წონაში არ მოვიმატო. ძმაკაცებს, მეგობრებს, გართობას, ყველაფერს თავისი დრო აქვს”, - ამბობს ზაზა.
„გოლდენ სტეიტის“ ცენტრს არც ის ავიწყდება, რომ წარმატების მისაღწევად, გარდა თავდაუზოგავი შრომისა და ვარჯიშისა, მცირეოდენი გამართლებაცაა საჭირო. როგორც ზაზა ამბობს, არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ცხოვრების რომელიმე ეტაპზე არ გაუმართლებს. მთავარია, როგორ გამოიყენებს იგი ამ შანსს.
“როდესაც “ულქერში” მოვხდი, აშკარად გამიმართლა. სამწუხაროდ, მაშინ და დღესაც წარმოუდგენელია, რომ საქართველოს ჩემპიონატიდან პირდაპირ NBA-ში მოხვდე. რომ არა თურქული კარიერა, იქ მოხვედრა გამიჭირდებოდა. აი, “ულქერში” კი ნამდვილად გამართლების ხარჯზე მოვხდი. არადა, ზუსტად იმ კვირაში საქართველოს საუკეთესო 12 კალათბურთელს შორის ვერ მოვხვდი”, - იხსენებს 33 წლის კალათბურთელი.
ქართველის კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო დღე ალბათ, 2015 წლის 20 მარტს დადგა, როცა NBA-ში, “ბრუკლინს” 22 ქულა და 21 მოხსნა გაუხერხა (!) – თანაც, როგორი საქმეა 21 მოხსნილი ბურთიდან 18 მეტოქის ფარზე იყო!.. – ეს შემთხვევით არ ხდება, ეს დიდი კლასისა და შრომის შედეგია. ისიც ვთქვათ, რომ იმ დღეს ქართველი ბიჭი NBA-ს ისტორიაში შევიდა, რადგან 21-ე საუკუნეში მეტოქის ფარზე ამდენჯერ ბურთი არავის მოუხსნია... ამ შედეგს ფაჩულიამ 7 პასი და ჩაჭრაც დაუმატა(!).. ვგონებ, სიტყვები ზედმეტია, შეფასებები თქვენთვის მომინდია...
ზაზა ნაკრებთან ერთად ითამაშა B დივიზიონში და ითამაშა შემდეგ ოთხი ევრობასკეტი - ზაზამ ბევრჯერ გაახარა ქართველი გულშემატკივრის გული. და, როგორც თვითონ ამბობს, იმაზე კარგი არაფერია, როდესაც გულშემატკივარი ტაშს გიკრავს, როდესაც ქომაგს უყვარხარ...
“სპორტზე კარგი არაფერია. არც პოლიტიკა, არც ბიზნესი... არაფერი სჯობს, როდესაც გულშემატკივარს უყვარხარ და ტაშით გაჯილდოვებს”, - ამბობს ფაჩულია.
რასაც დასაწყისი აქვს, აუცილებლად აქვს დასასრულიც - ზაზა ფაჩულიას გარეშე დღეს საქართველოს ნაკრების წარმოდგენა ძნელია, ზაზა ფაჩულია თვითონ იყო ხშირ შემთხვევაში საქართველოს ნაკრები და ზაზა ფაჩულია არის ქვეყნის სახე - ზაზა დაგვემშვიდობა, ზაზამ დატოვა 7 ნომრიანი მაისური...