გუშინ, ერთ-ერთი საუკეთესო თამაში აჩვენა საქართველოს საკალათბურთო ნაკრების წევრმა დუდა სანაძემ, რომელმაც ისრაელთან მატჩის შემდგომ აღნიშნა, რომ მასპინძელ გუნდთან სწორედ ასეთ დაძაბულ შეხვედრას მოელოდა.
“ძალიან დაძაბული თამაში იყო. სწორედ ამას მოველოდით მასპინძელი გუნდისგან. ამიტომ ბოლომდე, 40 წუთი დაძაბული ბრძოლა გვქონდა. თავიდან ცოტა ნელა დავიწყეთ, თუმცა მეორე ტაიმში გამოვასწორეთ სიტუაცია. დაცვა გავაუმჯობესეთ, რაც მთავარი იყო და სწორედ დაცვის ხარჯზე მოვიგეთ თამაში. ბუნებრივია, როდესაც დაცვაში კარგად თამაშობ, შეტევა კარგად გამოგდის. ძალიან დიდი შესაძლებლობა გვაქვს თავდასხმაში. მთავარია, იტალიასთან დაცვას მივხედოთ. მოსაგებად გავდივართ, რადგან არ გვინდა სხვა გუნდებზე ვიყოთ დამოკიდებული, თან ჯგუფშიც უპირატესობას ვფლობთ”, - თქვა სანაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები დღეს, 6 სექტემბერს, თბილისის დროით 18:30 საათზე დაუპირისპირდება იტალიას.