მსოფლიოს რეიტინგის მეორე ნომერმა როჯერ ფედერერმა ამერიკის ღია ჩემპიონატის 1/16-ფინალში ფელისიანო ლოპესი 6:3, 6:3, 7:5 დაამარცხა. მიმდინარე ტურნირზე შვეიცარიელმა პირველად მოახერხა სეტის წაგების გარეშე თამაშის დამთავრება. ესპანელს როჯერთან აშკარად არ უმართლებს, რადგან უკვე მე-13 მატჩი წააგო.
ვინერსი ლოპესს სამით მეტი ჰქონდა (35:32), სხვა კომპონენტში კი ფედერერი ლიდერობდა. როჯერმა 13 ეისი მოაწოდა, კარიერაში 10 140 აუღებელი დარტყმა დაუგროვდა და ამ მაჩვენებლით გორან ივანიშევიჩს (10 131) გაუსწრო. შვეიცარიელი მხოლოდ ივო კარლოვიჩს ჩამორჩება (12 242).
მერვეფინალში ფედერერი ფილიპ კოლშრაიბერს შეხვდება. გერმანელს ლოპესის მსგავსად არ უმართლებს და როჯერთან 11 წაგება აქვს და ახლა შეეცდება რევანშის აღებას.