ფეხბურთი

17:07 | 2.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ტოპ 10 არშემდგარი ტრანსფერი: კოუტინიოდან ალექსის სანჩესამდე

2017 წლის სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა. შედგა ბევრისაინტერესო მათ შორის, რეკოდრული გარიგებაც. თუმცა, გასული ზაფხული იმითაც იყო გამორჩეული, რომ მიუხედავად ბევრი მცდელობისა, ამა თუ იმ გუნდმა საწადელს ვერ მიაღწია და მათთვის სასურველი ფეხბურთელები ვერ გადაიბირა.

ახლა სწორედ იმ ტრანსფერების შესახებ ვისაუბრებთ, რომელიც ერთი შეხედვით უნდა გაჩარხულიყო, მაგრამ არ შედგა.

როს ბარკლი (“ვეერტონიდან” “ჩელსიში”)

უცნაური რამ მოხდა ინგლისელი ნახევარმცველის როს ბარკლის შემთხვევაში. მისი “ჩელსისში” გადაბარგება თითქოს გადაწყვეტილიც იყო. “ევერტონი” 35 მილიონ ფუნტს მიიღებდა. ბარკლი ლონდონში ჩავიდა სამედიცინო შემოწმების გასავლელად, მაგრამ ფეხბურთელმა ბოლო მომენტში გადაიფიქრა და ლივერპულში დაბრუნდა. არავინ იცის, რამ გამოიწვია ეს ფაქტი – არაგარანატირებულმა სათამაშო დრომ, ხელფასმა თუ სხა რამემ, ფაქტია, როს ბარკლი ისევ “ევერტონისთვის” გაირჯება.

ალექს სანდრო (“იუვენტუსიდან” “ჩელსიში”)

“ჩელსის” კიდევ ერთი საგა ჩაეფუშა – ლონდონელები მთელი ზაფხული ჯიუტად სცდილობდნენ ალექს სანდროს დატამატებას, მაგრამ “იუვენტუსმა” გამორჩეული მცველი არაფრის დიდებით არ დათმო. აღსანიშნავია, რომ ბოლოს ლონდონელები 70 მილიონ ევროს გაღებასაც დათანხმდნენ, რა შემთხვევაში ალექს სანდრო ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მცველი გახდებოდა, მაგრამ “ბებერი ქალბატონი” შეუვალი აღმოჩნდა. სხვათა შორის, კულუარული ინფორმაციით, ტურინიდან აბარგებაზე უარი თავად ფეხბურთელმაც განაცხადა. როგორც ამბობენ, უახლოეს ხანში “იუვე” და სანდრო ახალ კონტრაქტს გააფორმებენ.

ივან პერიშიჩი (“ინტერიდან” “მანჩესტერში”)

“მანჩესტერ იუნაიტედი” პირველივე დღეებიდან შეეცადა საკუთარ რიგებში ივან პერიშიჩის გადაბირებას. თუმცა, “ინტერმა” ფეხბურთელში იმაზე მეტი მოითხოვა, ვიდრე ინგლისელები იხდიდნენ. შემდეგ საქმეში ჟოზე მოურინიოც ჩაერთო და როგორც ამბობენ, პირადად ესაუბრა ხორვატს, მაგრამ ტრანსფერი მაინც არ შედგა.

გარეტ ბეილი (“რეალიდან” “მანჩესტერში”)

გასული სეზონი გარეტ ბეილისთვის კარიერაში ყველაზე ცუდი აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ “რეალმა” ყველაფერი მოიგო, უელსელმა უმეტესი დრო ლაზარეთში გაატარა. აქედან გამომდინარე რეალური იყო, რომ ბეილი გუნდს შეიცვლიდა. საქმეში “მანჩესტერი” ჩაერთო და 90 მილიონი ფუნტსაც იხდიდა, მაგრამ “რეალმა” წინადადება უარით გაისტუმრა. რაც მიანიშნებს, რომ ბეილი ზინედინ ზიდანისთვის ისევ მნიშვნელოვანი ფიგურაა.

ანდრეა ბელოტი (“ტორინოდან” “ჩელსიში”/”მილანში”)

ანდრეა ბელოტიმ გასულ სეზონში იტალიის ჩემპიონატში 26 გოლი გაიტანა და იმთავითვე ნათელი გახდა, რომ ზაფხულში მის მიმართ შეტევა განხორციელდებოდა. “მილანი” და “ჩელსი” ახალგაზრდა იტალიელში სოლიდურ თანხას იხდიდნენ, მაგრამ “ტორინოს” პრეზიდენტმა ურბანო კაირომ 100 მილიონ ევროს ფეხი არ მოუცვალა. საბოლოოდ, ბელოტი ისევ “ტორინოს” ფეხბურთელია მინიმუმ ერთი წლით.

ანტუან გრიზმანი (“ატლეტიკოდან” “ბარსელონაში”/”მანჩესტერში”)

ამბობდნენ, რომ ანტუან გრიზმანის ამბიციებს “ატლეტიკო” არ შეესაბამებოდა და გუნდს შეიცვლიდა. თითქოს ამ ყველაფერთან ფრანგიც ახლოს იყო. ყველაზე მეტად კი “მანჩესტერთან”. თითქოს ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ვინაიდან “როხიბლანკოს” სატრანსფერო ბაზარზე ბანი ჰქონდა, გარიგება არ შედგა. გრიზმანმა მიიჩნია, რომ რთულ მომენტში მადრიდელთა დატოვება ღალატის ტოლფასი იქნებოდა.

პიერ-ემერიკ ობამეიანგი (“დორტმუნდიდან” “ჩელსიში”/”მილანში”)

პიერ-ემერიკ ობამეიანგსაც ბელოტის მსგავსად “მილანი” და “ჩელსი” ეპატიჟებოდნენ. უცხოური პრესა იმასაც წერდა, რომ გაბონელს “კონტრაქტი უკვე გაფორმებული ჰქონდა, მაგრამ ეს სიმართლე არ გამოდგა. საბოლოოდ, ობამეინაგი ისევ “ბორუსიას” მაისურით შეეცდება მეტოქე გუნდის მცველების დატერორებას.

დიეგო კოშტა (“ჩელსიდან” “ატლეტიკოში”)

დიეგო კოშტა ანტონიო კონტეს გეგმებში არ ჯდება, მაგრამ მიუხედავად ამისა, მან გუნდი ვერ გამოიცვალა. ყველაზე მეტად “ატლეტიკო” აქტიურობდა, მაგრამ ესპანელი მადრიდში ვერ დაბრუნდა. საბოლოოდ, ისე გამოვიდა, რომ დიეგო კოშტა ისევ “ჩელსიში” იქნება და ახლა უკვე ზამთარში ეცდება ნავსაყუდელის გამოცვლას.

ალექსის სანჩესი (“არსენალიდან” “სიტიში”)

ალექსის სანჩესი მთელი ზაფხული სცდილობდა “არსენალის” დატოვებას. თუმცა, ჩილელს კოვზი ნაცარში ჩაუვარდა. თავდაპირველად მისთვის “ბაიერნი” აქტიურობდა, მერე – პსჟ. ისიც კი ითქვა, რომ ალექსისი პარიზში იყო და ხელშეკრულებას მალე გააფორმებდა. ასე არ მოხდა. ბოლოს საქმეში “მანჩესტერ სიტი” ჩაერთო და მხარეებიც შეთანხმდნენ. თუმცა “მეთოფეებს” დრო არ ჰქონდათ, რომ სანჩესის შემცვლელად ტომას ლემარი მოეყვანათ, ამიტომ გარიგება ჩაიშალა.

ფილიპე კოუტინიო (“ლივერპულიდან” “ბარსელონაში”)

გასული სატრასფერო ფანჯრის მთავარი საგა რა თქმა უნდა ფილიპე კოუტინიო იყო – “ბარსელონა” მას ნეიმარის შემცვლელად განიხილავდა და “ლივერპულს” 160 მილიონი ევროც შეაძლია. ინგლისელებმა კი კატალონელები უარით ოთხჯერ გაისტუმრეს. აღსანიშნავია, რომ “ბლაუგრანაში” გადასვლა თავად ფეხბურთელსაც სურდა და ფაქტობრივად “ლივერპულს” მთელი აგვისტო ბოიკოტი გამოუცხადა. მიუხედავად ამისა, საწადელს ვერ მიაღწია. ახლა საინტერესოა, აპატიებს კი მკაცრი იურგენ კლოპი აღნიშნულ საქციელს ფილიპე კოუტინიოს?..

0.119879