საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრებმა ვარლამ ლიპარტელიანმა (100 კგ) და გურამ თუშიშვილმა (+100 კგ) უნგრეთში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე დილის პროგრამა წაუგებლად ჩაამთავრეს და ნახევარფინალში გავიდნენ. ადამ ოქრუაშვილი (+100 კგ) კი ძირითად ბადეში მეოთხედფინალში დამარცხდა და რეპეშაჟის ნახევარფინალში გადაინაცვლა.
ლიპარტელიანი ფინალის საგზურისთვის აზერბაიჯანელ ელხან მამადოვს დაუპირისპირდება, თუშიშვილი ოლიმპიური თამაშების 2-გზის, მსოფლიოს 8-გზის და ევროპის 5-გზის ჩემპიონს, ფრანგ ტედი რინერს შეხვდება. ოქრუაშვილის მეტოქე კი მონღოლი ნაიდან ტუვშინბაიარი იქნება.
ფინალური ბლოკის შეხვედრები თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.
დღესვე, მედლები ქალთა უმძიმეს წონით კატეგორიაში - +78 კილოგრამშიც უნდა გათამაშდეს. საქართველოს სახელით მსოფლიოს კონკურენციაში ელენე ქებაძე ჩაება, მაგრამ პირველსავე შეხვედრაში დამარცხდა.