ძიუდო

10:51 | 2.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბრინჯაო და ორი ჰანსოკუ-მაკე

უნგრეთის ქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ანგარიშზე უკვე ორი მედალია. ვაჟა მარგველაშვილის (66 კგ) მიერ მოგებულ ბრინჯაოს გუშინ თავისი ბრინჯაო უშანგი მარგიანმა მიამატა.

90 კილოგრამ წონით კატეგორიაში, სადაც 23 წლის ქართველი ძიუდოისტი გამოდიოდა, მსოფლიოს კონკურენციაში სულ 72 სპორტსმენი ჩაება. მარგიანი საქმეში მეორე წრიდან ჩაერთო და ბოსნიაჰერცეგოვინელი ტონი მილეტიჩი ვაზარით ჩამოიშორა. მეორე მეტოქესთან - ალჟირელ აბდერაჰმან ბენამადისთან ვაზარით ჩამორჩა, მაგრამ შემდეგ ორი ვაზარი აუღო და მერვედფინალში გავიდა. იქ ჩეხ დავიდ კლამერს, დაეჭიდა, რომელმაც იქამდე მსოფლიოს პირველობას მეორე ნომრად განთესილი ფრანგი აქსელ კლერჟე გამოთიშა.

მარგიანმა კლამერს საფინალო გონგამდე 16 წამით ადრე შესრულებული ვაზარით აჯობა და მეოთხედფინალში სერბ ნემანია მაიდოვს დაუპირისპირდა, რომელსაც აქამდე ერთხელ შეხვედროდა – სამი წლის წინ, ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალში და მაშინ უმაღლეს ტიტულს მაიდოვი დაეუფლა. ამჯერადაც სერბმა იმარჯვა, "ოქროს დროში”, მე-2 წუთზე.

უშანგი მარგიანი რეპეშაჟში გადაერთო და ბრინჯაოს გზაზე ჯერ აზერბაიჯანელ მამადალი მეჰდიევს აჯობა, შემდეგ კი მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველ ნომრად განთესილ სერბ ალექსანდრ კუკოლსაც სძლია, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატზე ევროპის მოქმედი ჩემპიონის რანგში გამოვიდა. ქართველმა ძიუდოისტმა ორივე მეტოქეს ორ-ორი ვაზარით სძლია.

გუშინვე, მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების კიდევ ორი წევრი გამოვიდა და შეჯიბრებას ორივე დილის პროგრამაში გამოეთიშა, თან ორივემ ისე წააგო, არც ილეთი გაუშვიათ, არც სამი შიდო მიუღიათ.

ჰანსოკუ-მაკე – ასე ეწოდება სასჯელს, რომლის შემდეგაც ძიუდოისტი მოხსნილია შეხვედრიდან. წესების უხეში დარღვევის და მოხსნის შემთხვევები ძიუდოში არც ისე ბევრია. დღის განმავლობაში, ხანდახან მთელ ტურნირზეც მხოლოდ რამდენიმე ჰანსოკუ-მაკე გვხვდება. ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე კი, მეხუთე დღეს, უნგრულ ტატამზე გასული სამი ქართველი ძიუდოისტიადან ორმა სწორედ ჰანსოკუ-მაკეთი დაკარგა მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი.

სამწუხაროდ, ერთ-ერთი დაზარალებული ბექა ღვინიაშვილია (90 კგ), რომლისგანაც გულშემატკივრები მედალს ელოდნენ. ევროპის წლევანდელი ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორმა მერვედფინალში, სლოვენიელ მიხაელ ჟგანკთან შეხვედრის მეორე წუთზე, მეტოქის წამოწყებულ ილეთზე ჰაერში ისეთი მოძრაობა გააკეთა, მძიმე ტრავმის რისკის წინაშე აღმოჩნდა. ეს კი ტურნირიდან მოხსნით ისჯება. მსაჯმა გამარჯვებულად ჟგანკი გამოაცხადა.

გაცილებით უცნაური აღმოჩნდა საქართველოს ქალთა ნაკრების წევრის, სამბოში ევროპის 2-გზის ჩემპიონ ნინო ოძელაშვილის შემთხვევა. ქართველი ძიუდოისტი ნიგერიელ ვინიე გოფიტს ვაზარით უგებდა, როდესაც აღმოჩნდა, რომ ჭიდაობის წინ ჯვრის მოხსნა დაავიწყდა. ძიუდოს წესების მიხედვით კი, ნებისმიერი ყელსაბამით ჭიდაობა უმკაცრესად ისჯება და მსაჯმაც შეხვედრა შეაჩერა და ოძელაშვილი შეჯიბრებიდან მოხსნა.

ღვინიაშვილმა საბედისწერო მარცხამდე ყირგიზი აზამატ ბეკტურსუნოვი ჩამოიშორა, 53 წამში შესრულებული იპონით. ოძელაშვილი კი უნგრულ ტატამზე ერთადერთხელ გავიდა.

ინდივიდუალურ პირველობაზე მედლების სამი კომპლექტიღა დარჩა გასათამაშებელი. მსოფლიო სრულად დღეს დაინომრება, მას შემდეგ, რაც ჩემპიონ-პრიზიორებს მამაკაცები 100 და +100 კილოგრამებში გამოავლენენ, ხოლო ქალები - +78 კილოგრამში. საქართველოს სახელით კი მედლებისთვის ბრძოლაში ჩაებმებიან: ვარლამ ლიპარტელიანი (90 კგ), გურამ თუშიშვილი, ადამ ოქრუაშვილი (ორივე +100 კგ) და ელენე ქებაძე (+78 კგ). წინასწარი ეტაპის შეხვედრები თბილისის დროით 12:00 საათიდან დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116186