პოლონეთს რომ 21-წლამდელებში ჩვენზე ძლიერი ნაკრები ეყოლებოდა, ამაში ეჭვი არც გვეპარებოდა, მაგრამ ეს ნამეტანი იყო. ისეთი შთაბეჭდილება გვრჩებოდა, თითქოს უფროსკლასელები ეთამაშებოდნენ უმცროსკლასელებს და როცა მოუნდებოდათ, მაშინ გაამწვავებდნენ შეტევას.
0:3 – ტაბლო სრულად ასახავდა თამაშის სურათს. გია გეგუჩაძის გაწვრთნილი ნაკრები მთლიანად მოშლილი იყო.
დარჩებოდა კითხვა, თუ რატომ იყო ამხელა განსხვავება გუნდებს შორის. პოლონეთში საფეხბურთო ბუმია. იქაური ჩემპიონატის მიმოხილვა რომ გვინახავს (ჩვენი ლეგიონერების გამო), ნამდვილი საფეხბურთო ზეიმია, ტრიბუნები სავსეა და თამაშებიც ინტენსიურია. პოლონეთის 21-წლამდელთა ნაკრებში ნამდვილად ვერ მოხვდება რომელიმე კლუბის 19-წლამდელთა გუნდის ფეხბურთელი, რომელსაც მხოლოდ ორი-სამი თამაში აქვს უმაღლეს ლიგაში ჩატარებული.
გიორგი კუცია, ლადო მოხევიშვილი, ვლადიმერ მამუჩაშვილი, გიორგი ხარაიშვილი – შეიძლება ითქვას, ნახევარდაცვის ოთხეული გამოთიშული იყო. პოლონელებს სრული უპირატესობა ჰქონდათ ცენტრში. ამ ოთხეულიდან ყველაზე მეტს, რა თქმა უნდა, ხარაიშვილისგან ველოდით, მაგრამ ვერც მან იყოჩაღა. ეგეც არ იყოს, იშვიათად მისდიოდა ბურთი.
პოლონელთა მწვრთნელმა ჩესლავ მიხნიევიჩმა, ეტყობა, კარგად გაშიფრა, რომ სწორედ ხარაიშვილი უნდა ყოფილიყო ქართველთა თამაშის ორგანიზატორი და შედეგი თავადაც ნახეთ.
პირველ ტაიმში ჩვენების ერთადერთი მწვავე შეტევა ვიხილეთ, როცა გიორგი ბერიძე კინაღამ პირისპირ დარჩა. ერთი მწვავე შეტევა – ძალიან ცოტაა. მეორე ნახევარში კი ისევ ბერიძეს შეეძლო გატანა, ბექა მიქელთაძის კარგი პასის შემდეგ, ახლოდან ააცილა. ეს იყო და ეს, პოლონელებს დაცვაში სხვა საფიქრალი არ ჰქონიათ.
პენალტი, რომელიც ქართველთა კარში დაინიშნა, თითიდან იყო გამოწოვილი. ასეთ დარღვევაზე თერთმეტმეტრიანს იშვიათად ნიშნავენ, თუმცა როგორ გინდა, ეს წაგება მხოლოდ მსაჯს დააბრალო?!
მესამე გოლი, შარშანდელ ევროპის ჩემპიონატზე ნათამაშევმა ბარტოშ კაპუსტკამ რომ გაიტანა, ყველაფერს ასახავდა მოედანზე.
1.09.2017. 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი
გორი. თენგიზ ბურჯანაძე
საქართველო – პოლონეთი 0:3 (0:0)
საქართველო: კუპატაძე, შულაია (კოხრეიძე 68), მარგველაშვილი, ტაბიძე, ჩაბრაძე, მამუჩაშვილი, მოხევიშვილი (კობოური 76), კუცია (ნადარაია 46), ბერიძე, ხარაიშვილი, მიქელთაძე
მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
პოლონეთი: დრაგოვსკი, ბარტოში, ვიეტესკა, ბოხნიევიჩი, გამი, ჟურკოვსკი, პიოტროვსკი, ზავადა (სვიდერსკი 66), შიმანსკი (ტომჩიკი 88), კაპუსტკა (რასაკი 85), შიმანსკი, კოვნაცკი
მწვრთნელი: ჩესლავ მიხნიევიჩი
გოლები: 0:1 კოვნაცკი (58 პენ), 0:2 კოვნაცკი (64), 0:3 კაპუსტკა (71)
გაფრთხილება: ბერიძე (58), მამუჩაშვილი (78), კოხრეიძე (80)
მსაჯი: სანი (შვეიცარია)