საქართველოს ეროვნული ნაკრები ხვალ ირლანდიას უმასპინძლებს. აღნიშნული მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა სტუმართა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მარტინ ონილმა.
გამოცდილი სპეციალისტი წარსულს ყურადღებას არ აქცევს და ამბობს, რომ რთული თამაში იქნება. როგორც “კელტთა” თავკაცმა აღნიშნა, საქართველოს ნაკრები მიმდინარე შესარჩევ ციკლში კარგ ფეხბურთს აჩვენებს და იმაზე მეტი ქულა უნდა ჰქონდეს სატურნირო ცხრილში, ვიდრე ამჟამად გააჩნია.
“დარწმუნებული ვარ, ძალიან რთული თამაში გვექნება – სტატისტიკას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. საკმარისია გავიხსენოთ პირველი მატჩი დუბლინში, რომელიც ძალიან კარგად ჩაატარა. თუნდაც, სერბეთთან, უელსში შეხვედრებიც რომ გავიხსენოთ. საქართველოს ნაკრებს ამჟამად უფრო მეტი ქულა უნდა ჰქონდეს, ვიდრე აქვს. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ადვილი თამაში არანაირად არ გვექნება.
ჯონ უოლტერსი სათამაშოდ მზადაა. ეს საოცარია იქედან გამომდინარე, რომ სერიოზული ტრავმა აწუხებდა. იგი ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და ძალიან გვახარებს, რომ გამოჯანმრთელება მოასწრო. ჩვენ ყველა სიტუაციაში მზად ვართ სათამაშოდ და ფვიქრობ, ამინდი ჩვენთვის პრობლემა არ იქნება.
კარგად მახსოვს, რომ სამი წლის წინ თბილისში ეიდენ მაკგიდიმ საოცარი გოლი გაიტანა. იგი ახლაც კარგ ფორმაშია. თუმცა, არ ვიცი იქნება თუ არა, ძირითად შემადგენლობაში. მას “სანდერლენში” ენდობიან და მთავარ მწვრთნელს მისი სჯერა. რა თქმა უნდა, არის ისეთი მომენტებიც, როდესაც ფეხბურთელი კონკრეტული გუნდის წინააღმდეგ უკეთ თამაშობს. ეს უფრო საკლუბო დონეზე ხდება. თუმცა გავიმეორებ, რომ ეიდენი ძალიან კარგ ფორმაში იმყოფება. საქართველოს ნაკრებთან წინა შეხვედრებს რაც შეეხება, მხოლოდ კარგი მოგონება მაკავშირებს.
ჩემთვის დამაფიქრებელია, რომ სეზონი ახალი დაწყბეულია და ყველა ფორმაში არაა, მაგალითად, შეინ ლონგს სათამაშო პრაქტიკა არ აქვს, მაგრამ იგი ნაკრებისთვის ყოველთვის ბოლომდე იხარჯება და მაქსიმუმს იღებს.
კიდევ ერთხელ მინდა, დარწმუნებით ვთქვა, რომ ნამდვილად რთული თამაში გველის. საქართველომ დუბლინში ძალიან მაღალ დონეზე ითამაშა. შემდეგ უელსშიც ასე იყო. ასევე, ვფიქრობ, სერბეთთანაც ძალიან არ გაუმართლა. მეტოქის რიგებში კარგი და ძალიან ტექნიკური ფეხბურთელები ჰყავს. დუბლინში რომ ვთამაშობდეთ, უფრო აქტიურ პრესინგს მივმართავდით, მაგრამ აქაური კლიმატიდან გამომდინარე, ეს რთული იქნება. ამიტომ, ბურთზე კონტროლი მაქსიმალურად უნდა დავაწესოთ. ჩვენ ყველა თამაშს ვაანალიზებთ და მჯერა, რომ სასურველ შედეგს მივაღწევთ”, - განაცხადა მარტინ ონილმა.
საქართველოსა და ირლანდიის ნაკრებთა მატჩი 2 სექტემბერს, “დინამო არენაზე” გაიმართება. აღნიშნული შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.