საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი ლაშა შავდათუაშვილი ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლისთვის აგრძელებს ბრძოლას.
73 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში, მსოფლიოს კონკურენციაში 73 ძიუდოისტი ჩაება. 25 წლის ქართველმა ოლიმპიურმა (2012) და ევროპის (2013) ჩემპიონმა ოქრო-ვერცხლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი მეოთხედფინალში დაკარგა, მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველ ნომრად განთესილ იაპონელ სოიჩი ჰაშიმოტოსთან მარცხით და რეპეშაჟის ნახევარფინალში გადაერთო.
მეოთხედფინალამდე შავდათუაშვილმა სამი მეტოქე ჩამოიშორა. ჩემპიონატი ბრაზილიელ მარსელო კონტინისთან შეხვედრით გახსნა და 3 წუთსა და 13 წამში, უილეთოდ, 3 გაფრთხილებით იმარჯვა. გამბიელი ფაი ნჯი წუთსა და 52 წამში, შიდა ფეხით დასცა ბეჭებზე. მერვედფინალში კი სლოვენიელ მარტინ ჰოჟაკს "ოქროს დროში” შესრულებული ეფექტური ბრუნით და იპონით სძლია. ჰაშიმოტოსთან ბრძოლის ბედი კი გაფრთხილებებმა გადაწყვიტა. შავდათუაშვილს შიდოების ლიმიტი საფინალო გონგამდე 47 წამით ადრე ამოეწურა.
"ბრინჯაოს ნახევარფინალში” ლაშა შავდათუაშვილი რუს დენის იარცევს დაუპირისპირდება.
დღესვე, საპრიზო სამეული ქალთა 57 კილოგრამამდე წონით კატეგორიაშიც უნდა შეივსოს. საქართველოს სახელით მსოფლიოს კონკურენციაში მარიამ ჯანაშვილი ჩაება, მაგრამ პირველსავე შეხვედრაში, კანადელ კეტრინ ბუშემინ-პინართან ჭიდაობის დაწყებიდან ნახევარ წუთში ხელის ტრავმა მიიღო და მეტოქის წამოწყებულ შებოჭვას ვეღარაფერი მოუხერხა.
ფინალური ბლიკის შეხვედრები თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.