ფეხბურთი

0:15 | 29.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

მარჩელო ლიპი: "ესპანეთი რთული გამოწვევაა, მაგრამ არა მიუწვდომელი"

ლეგენდარული იტალიელი სპეციალისტი მარჩელო ლიპი უკვე წლებია ჩრდილშია მოქცეული – “მაესტრო” ჩინეთიდან აკვირდება ევროპულ და მეტადრე იტალიურ ფეხბურთს. ჩინეთის ნაკრების დღევანდელმა და 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა იტალიურ მედიასთან სამშობლოში მიმდინარე საფეხბურთო მოვლენებზე ისაუბრა.

საუბარი იტალიის ეროვნული ნაკრებით და ესპანეთთან მოახლოებული უმნიშვნელოვანესი თამაშით დაიწყო. შემდეგ კი, სერია A-ს შესახებაც გამოთქვა თავისი მოსაზრება მარჩელომ. ბუნებრივია, ინტერვიუ ისე როგორ ჩაივლიდა, "იუვენტუსის" ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლაზე რომ არ ჩამოვარდნილიყო სიტყვა: მარჩელო ლიპი ხომ ის მწვრთნელია, რომლის თავკაცობითაც "ბებერმა ქალბატონმა" მეორედ და ჯერჯერობით უკანასკნელად აღმართა ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის თასი...

- თქვენ, გჯერათ, რომ იტალიის ნაკრებს შაბათს ესპანეთის დამარცხება არ შეუძლია?

- ნამდვილად არა. რთული გამოწვევაა, მაგრამ არა მიუწვდომელი. იტალიაში ფეხბურთი ვითარდება. არიან ახალგაზრდები ენთუზიაზმით და ნიჭით აღსავსე. გარდა ამისა, ესპანეთის ნაკრების მთავარი წყარო “ბარსელონა” მცირე კრიზისს განიცდის. ასევე, იტალიამ უკვე დაამარცხა ესპანეთი ევროპის ჩემპიონატზე.

- რას ფიქრობთ ჯამპიერო ვენტურაზე?

- მას აქვს გამბედაობა და ყველანაირად სცდილობს ნიჭიერ ფეხბურთელებს შანსი მისცეს. მუნდიალზე იტალიის ნაკრები მთავარ როლში იქნება. მნიშვნელობა არ აქვს როგორ დასრულდება ესპანეთთან მატჩი.

- ვინ მოგწონთ ახალი თაობის იტალიელი ფეხბურთელებიდან?

- 21 წლამდელებში ყველა – ბერნარდესკი, პელეგრინი, დონარუმა, “ატალანტას” ბიჭები, რომლებმაც შეიცვალეს გუნდები, მაგრამ როგორც იქნა, ისევ ძირითად შემადგენლობაში თამაშობენ. მათთან ერთად ბევრი გამარჯვება გველოდება.

- მსოფლიოს ჩემპიონატიდან ჩემპიონთა ლიგაზე გადავიდეთ. ოპტიმიზმი გაქვთ?

- “იუვენტუსი” ჯგუფიდან “ბარსელონასთან” ერთად გავა. ქვეჯგუფის მოგების კარგი შანსი აქვს “ნაპოლისაც”. “რომასთვის” კი ეს ყველაფერი გაცილებით რთული იქნება. “ჩელსის” და “ატლეტიკოს” გამოთიშვა და დიდი პრობლემა იქნება.

- ბონუჩი “მილანში” გადავიდა – სატრანსფერო ფანჯარა ისევ ღიაა...

- არ ვიცი, რა მოხდა რეალურად, მაგრამ მჯერა, რომ კლუბსა და ფეხბურთელს შორის რაღაც მოხდა.

- რამდენად შესაძლებელია, რომ “იუვემ” პოზიციები დათმოს?

- მე ვფიქრობ, “იუვენტუსი” ისევ სრულყოფილი იქნება ამ სეზონში. თუმცა, მეორეს მხრივ არის “ნაპოლი”, რომელიც ძალიან ლამაზ, ტექნიკურ და სწრად ფეხბურთს თამაშობს. ეს ნამდვილად იქნება “იუვენტუსის” თავის ტკივილი.

- “იუვენტუსიმა” ჩემპიონთა ლიგა ბოლოს 1996 წელს მოიგო, ხოლო ბოლო სამ წელიწადში ორი ფინალი წააგო...

- ეს არ არის წყევლა. ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან რთულია. “რეალი” დღეს საუკეთესო გუნდია და კარდიფში გამარჯვება დაიმსახურა. მაგრამ, “იუვენტუსს” შეუძლია ფეხზე წამოდგომა და მიზნისკენ ისევ წასვლა, უფრო სრულყოფილად. დიბალა უკვე თითქმის მსოფლიო ვარსკვლავია. არიან ახალწვეულებიც, რომელთაც ხარისხის ამაღლება შეუძლიათ. ვფიქრობ, “იუვეს” კიევში, ფინალურ მატჩში უნდა ველოდოთ.

- ჩინეთიდან რისი თქმა შეგიძლიათ “ჩინური მილანელების” შესახებ?

- ლუჩანო სპალეტი წარმატების ნამდვილი გარანტია. “მილანის” ხელმძღვანელობა უფრო მეტად ჩრდილშია, ვიდრე “ინტერის”, მაგრამ მათ საოცარი სატრანსფერო პოლიტიკა გაატარეს.

- როგორ ხედავთ რომაულ გუნდებს?

- სიმონე ინძაგი ძალიან კარგია. იდეებით სავსე, რომლის მუშაობა ნამდვილად მომწონს. “რომას” შემთხვევაში კი, ყველაფერი უფრო რთულადაა – ახალი მწვრთნელი ჰყავთ, თანაც ტოტის გარეშე არიან.

0.116603