ფეხბურთი

3:30 | 28.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგა: სანახაობა, დაძაბულობა, დრამა და ზავი “სანტიაგო ბერნაბეუზე”

ლა ლიგის მეორე ტურის ცენტრალური შეხვედრა “სანტიაგო ბერნაბეუზე” გაიმართა, სადაც “რეალი” “ვალენსიას” დაუხვდა. მატჩი ისეთი გამოდგა, როგორიც ამ კლუბების უკანასკნელ დაპირისპირებებს შეეფერებოდა. მაყურებელმა სანახაობრივი, დაძაბული და უხვგოლიანი შეხვედრა იხილა.

საინტერესოა, რომ “რეალის” და “ვალენსიას” უკანასკნელი 7 დაპირისპირებიდან, მადრიდელებს მხოლოდ 2 ჰქონდათ მოგებული, ისევე როგორც ვალენსიელებს, ხოლო 3 მატჩი ფრედ დასრულდა. ცნობისთვის, გუნდებს ამ 7 მატჩში ჯამში 26 გოლი გაეტანათ ერთმანეთისთვის. რაც შეეხება უშუალოდ “სანტიაგო ბერნაბეუზე” გამართულ უკანასკნელ თამაშებს, 2012 წლიდან მოყოლებული “რეალმა” საკუთარ მოედანზე “ლოს ჩემ” ორჯერ დაამარცხა (3:2; 2:1) და ოთხჯერ ფრედ ეთამაშა. როგორც ვხედავთ, “ვალენსია” უკანასკნელ წლებში “რეალისთვის” ერთ-ერთი ყველაზე უხერხული, ან სულაც ყველაზე უხერხული მეტოქეა.

შემადგენლობის მხრივ ორივე გუნდს სერიოზული პრობლემები ჰქონდა. მასპინძლებს ვარანი, რამოსი და რონალდუ არ ჰყავდათ, ხოლო სტუმრებს გარაის, აბდენურის, პაულისტას და ნანი გარეშე მოუწიათ თამაში.

თამაშის დაწყებამდე, "რეალმა" გულშემატკივრებს ლა ლიგის, ესპანეთის და უეფას სუპერთასების მოგებული თასები წარუდგინა.

შეხვედრა მაღალ ტემპში დაიწყო. თავიდანვე ის გამოჩნდა, რაც თავიდანვე იყო მოსალოდნელი: “რეალმა” ბურთი დაიჭირა და პოზიციურ შეტევებზე დაიწყო თამაში, ხოლო “ვალენსიამ” თავიდანვე უკან დაიხია, დაცვაში ზონების გადაკეტვას შეეცადა და კონტრშეტევებით გადაწყვიტა ფონს გასვლა. “სანტიაგო ბერნაბეუზე” შეკრებილმა პუბლიკამ გატანილი გოლები შეხვედრის დასაწყისშივე იხილა: მე-10 წუთზე როდრიგო მორენომ საკუთარ ნახევარზე მარკო ასენსიოს ჩააბარა ბურთი, რომელმაც ოდნავ წინ წაიწია და მისთვის უკვე ჩვეული ჯადო დარტყმით ნეტო გააშეშა. გაშვებულ გოლს “ღამურები” არ დაუბნევია, მწყობრად განაგრძეს თამაში და მე-18 წუთზე ძალიან ლამაზი კომბინაციით წონასწორობა აღადგინეს: ხოსე ლუის გაიამ მარცხენა ფლანგზე ორი მოთამაშე მიიტყუა და სივრცე ტონი ლატოს გაუთავისუფლა, რომელსაც გაიამ ბურთი დროულად გააყოლა, ლატომ კი კარის გასვრივ დაბალი გადაცემა გააკეთა და კარლოს სოლერმა ანგარიში გაათანაბრა.

მადრიდელები გაშვებული გოლის შემდეგ ცოტა ხანს დაწყნარდნენ, მაგრამ ტაიმის ბოლოსკენ ძალიან მოუმატეს და ქარიმ ბენზემას სამჯერ შეეძლო გოლის გატანა: პირველ შემთხვევაში ნეტომ აჯობა, ხოლო ორჯერ ახლო მანძილიდან ააცილა.

“ბლანკოსმა” მეორე ნახევარიც ძალიან აქტიურად დაიწყო და არაერთი საგოლე მომენტიც შექმნა – კასემიროს და მოდრიჩის დარყმებს ნეტო გაუმკლავდა, ხოლო ბეილს და ბენზემას სიზუსტე დააკლდათ. მართალია სათამაშო უპირატესობას “რეალი” ფლობდა და ბევრი მომენტიც ჰქონდა, მაგრამ უშანსოდ სტუმრებიც არ ყოფილან. ისინი ძალიან მწვავე კონტრშეტევებს ახორციელებდნენ, თუმცა გადამწყვეტ ფაზაში ძალიან მოიკოჭლებდნენ. მიზანთან ახლოს იყო სიმონე ძაძა, რომელმაც ახლო მანძილიდან თავური დარტყმით ააცილა, ხოლო დანიელ პარეხოს საჯარიმოს კეილორ ნავასი გაუმკლავდა.

დაწინაურება სწორედ ”ღამურებმა” მოახერხეს, 77-ე წუთზე როდრიგო მორენომ ჟოფრი კონდოგბიას საჯარიმოს მისადგომებთან დაუგორა ბურთი და ფრანგმა მოთამაშემ “ვალენსიას” რიგებში დებიუტი “რეალის” კარში გატანილი გოლით აღნიშნა. უნდა ითქვას, რომ კონდოგბიამ მთლიანობაში ძალიან კარგად ითამაშა და "თეთრების" უძლიერესი ცენტრის წინააღმდეგ ჩინებულად გამოიყურებოდა.

მადრიდელებმა მეტოქეს მთელი ძალებით შეუტიეს და გათანაბრება 83-ე წუთზე მოახერხეს: კვლავ მარკო ასენსიო და კვლავ დიდებული გოლი! ახალგაზრდა მარგალიტმა ნეტოს გაშეშება ამჯერად საჯარიმო დარტყმით მოახერხა.

“რეალმა” უმალ მოსაგებად გაიწია და ამის გაკეთება შეეძლო კიდეც, მაგრამ ქარიმ ბენზემას დღე არ იყო. შეიძლება ითქვას, რომ ფრანგმა ფორვარდმა უკასნასკნელ ხუთ წუთში სამი 100%-იანი მომენტი გაანიავა: ორჯერ უაღრესად ხელსაყრელი პოზიციდან ააცილა, ხოლო 92-ე წუთზე ნეტომ აჯობა. გამოუყენებელი მომენტების გამო, “რეალი” კინაღამ დაისაჯა და ლამის უქულოდ დარჩა: “ღამურებმა” ბოლო წამებზე შესანიშნავი კონტრშეტევა განახორციელეს, მაგრამ სიმონე ძაძამ დარტყმა დააგვიანა და “სამეფო კლუბი” დიდ უსიამოვნებას გადაურჩა – 2:2.

დღის დანარჩენ სამ შეხვედრაში მხოლოდ თითო ბურთი გავიდა: “სევილია” გასვლაზე “ხეტაფეს” დაუპირისპირდა და გამარჯვების მოპოვება განსოს გვიანი გოლის წყალობით მოახერხა. “ბილბაომ” “იპარუაზე” გამართულ ბასკურ დერბიში ადურისის გოლით “ეიბარი” დაამარცხა, ხოლო “ლეგანესმა” სტუმრად “ესპანიოლს” აჯობა.

ეიბარი – ბილბაო 0:1 (0:1)

ეიბარი, “იპარუა”

ეიბარი (4-4-2): დმიტროვიჩი, რამისი, ოლივეირა, კაპა, ანხელი, ხორდანი, დ.გარსია (რივერა 83), ინუი (ენრიჩი 46), პენია (ბებე 46), კიკე, ჩარლესი.
მწვრთნელი: ხოსე ლუის მენდილიბარი

ბილბაო (4-2-3-1): არიზაბალაგა, ნუნესი, ლაპორტე, ბოვედა, საბორიტი, ვესგა, სან ხოსე, კორდობა (მუნიაინი 68), რ.გარსია, უილიამსი (ლეკუე 81), ადურისი.
მწვრთნელი: ხოსე ანხელ ზიგანდა

გოლი: ადურისი (38)
გაფრთხილებები: კიკე, ხორდანი – ბოვედა
გაძევება: ხორდანი (91)
მსაჯი: მარტინეს სანჩესი

ესპანიოლი – ლეგანესი 0:1 (0:1)

ბარსელონა, “კორნელია ელ პრატი”

ესპანიოლი (4-4-2): დიეგო ლოპესი, დავიდ ლოპესი, ნალდო, კარისოლი, ხავი ლოპესი (გრანერო 14), ხურადო (ს.გარსია 55), ფუეგო, ჰ.პერესი (მელენდო 70), პიატი, ხ.მორენო, ბაპტიშტაო.
მწვრთნელი: კიკე სანჩეს ფლორესი

ლეგანესი (4-2-3-1): კუელარი, მანტოვანი, მუნიოსი, დ.რიკო, ზალდუა (ტიტო 68), რ.პერესი, ერასო, გაბრიელი (გუმბაუ 86), ომარი (მ.დოს სანტოსი 65), შიმანოვსკი, გერერო.
მწვრთნელი: ასიერ გარიტანო

გოლი: მანტოვანი (27)
გაფრთხილებები: ნალდო, გრანერო, ჰ.პერესი – ერასო, დ.რიკო, გუმბაუ
მსაჯი: პაბლო გონსალეს ფუენტესი

ხეტაფე – სევილია 0:1 (0:0)

ხეტაფე, “კოლიზეუმ ალფონსო პერესი”

ხეტაფე (4-4-2): გუაიტა, კალა, დაკონამი, დ.სუარესი, არტუნეში, არამბარი (მორა 82), ბერგარა (ა.როდრიგესი 84), დედჰიუ, ფაჟრი, შიბასაკი (პორტილიო 70), მოლინა.
მწვრთნელი: ხოსე ბორდალასი

სევილია (4-1-4-1): ს.რიკო, პარეხა (ლენგლე 46), კიაერი, ესკუდერო, მერკადო, პიზარო, კრონ-დელი (სარაბია 69), განსო, ნავასი, ნოლიტო, ბენ იედერი (მურიელი 64).
მწვრთნელი: ედუარდო ბერიცო

გოლი: განსო (83)
გაფრთხილებები:
სარაბია
მსაჯი: უნდიანო მალენკო

რეალი – ვალენსია 2:2 (1:1)

მადრიდი, “სანტიაგო ბერნაბეუ”

რეალი (4-3-3): ნავასი, ნაჩო, კასემირო, მარსელო, კარვახალი, მოდრიჩი, კროოსი (მაიორალი 84), ისკო (კოვაჩიჩი 46), ბეილი (ლ.ვაზკესი 74), ასენსიო, ბენზემა.
მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

ვალენსია (4-4-2): ნეტო, ვეზო, მურილიო, მონტოია (ნ.ვიდალი 75), ლატო (ნ.ხილი 83), პარეხო, კონდოგბია, სოლერი, გაია, როდრიგო (მინა 88), ძაძა.
მწვრთნელი: მარსელიო ტორალი

გოლები: 1:0, 2:2 ასენსიო (10; 83), 1:1 სოლერი (18), 2:2 კონდოგბია (77)
გაფრთხილებები: ნაჩო, კასემირო, კარვახალი, კოვაჩიჩი – მონტოია, პარეხო, სოლერი, როდრიგო, ძაძა
მსაჯი:
ფერნანდეს ბორბალანი

თეგებილა ლიგა
0.11386