როგორც გაირკვა, 2021 წელს ჩინეთში გაიმართება ახალი ტურნირი: მსოფლიოს 24-გუნდიანი საკლუბო ჩემპიონატი, რომელმაც იდეაში უნდა შეცვალოს ფიფას კონფედერაციათა თასი.
აშკარაა, კონფედერაციათა თასი ვეღარ ამართლებს. ნათელი მაგალითი: წლეულს რუსეთში გერმანიამ სათადარიგო შემადგენლობა ჩაიყვანა.
ესპანური “ელ მუნდო დეპორტივოს” ცნობით, ჩემპიონატი 4 წელიწადში ერთხელ ზაფხულობით გაიმართება. 24 გუნდი 8 ჯგუფში განაწილდება, ანუ თითოში 3 გუნდი. გამარჯვებულები მეოთხედფინალურ წყვილებს შეადგენენ.
ამ 24 კლუბიდან 12 ევროპული იქნება, 5 - სამხრეთამერიკული, 2 - აფრიკული, 2 - აზიური, 2 - ჩრდილოამერიკული. კიდევ ერთ საგზურს კი გაითამაშებენ ოკეანეთის ჩემპიონი და რომელიმე კონფედერაციის წარმომადგენელი. შესაძლოა, ოკეანეთის წარმომადგენელი სულაც პირდაპირ დაუშვან ჩემპიონატზე.
როგორ შეირჩევიან გამსვლელები? მაგალითად, ევროპიდან გავლენ ჩემპიონთა ლიგის ბოლო ოთხი წლის გამარჯვებულები (2018, 2019, 2020, 2021), ამ ოთხი სეზონის ფინალისტები, კიდევ ოთხი კლუბი კი უეფას საკლუბო რეიტინგიდან აირჩევა. საბოლოო ჯამში, მაინც რეიტინგისკენ მივდივართ.