საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა აკროპოლისის თასზე საბერძნეთთან მოპოვებული გამარჯვების (72:71) შემდეგ გუნდის ბრძოლისუნარიანობაზე გაამახვილა ყურადღება.
“ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს ამ გამარჯვებისთვის. სამწუხაროდ, კალათბურთელების როტაციის ფუფუნება არ გვაქვს. ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ევრობასკეტს მზადყოფნაში შევხვდეთ. ამ გამარჯვებით არ უნდა გვეგონოს, რომ დიდი გუნდი ვართ. საქართველოს ნაკრები არის გუნდი, რომელიც ბოლომდე იბრძვის. ფაჩულიას ტრავმა სერიოზული არაა, მაგრამ აღდგენით პროცესს დრო სჭირდება. ტრავმის რეციდივის გამო ვერ გავრისკავთ და ის აკროპოლისის თასზე არ ითამაშებს. იმედია, ზაზა ევრობასკეტს მზადყონფაში შეხვდება” - ციტირებს gazzetta.gr ზუროსის სიტყვებს.
საქართველოს ეროვნული ნაკრები აკროპოლისის თასზე მეორე შეხვედრას დღეს სერბეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 19:45 საათზე დაიწყება.