საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ვიქტორ ბანიკოვის ხსოვნის ტურნირი ჩემპიონობით დაასრულა. გიორგი ნემსაძის გაწვრთნილებმა ფინალში 4:1 სძლიეს ისრაელს.
მე-6 წუთზე უკვე 2:0 იყო და ორივე გოლი ქართველთა ათიანმა ზურაბ დავითაშვილმა გაიტანა. მომდევნო ორი ბურთი კი გიორგი შალიკაშვილისა და ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზეა. ქართველებმა პირველი ტაიმი 3:0 მოიგეს და მეორე ნახევარში, ფაქტობრივად, ინტრიგაც აღარ დარჩენილა.
საქართველომ შარშანაც მოიგო ბანიკოვის ხსოვნის ტურნირი, რომლიც ტრადიციულად 17-წლამდელთა ნაკრებებს შორის იმართება. შარშანდელ ნაკრებს გურამ ასპინძელაშვილი წვრთნიდა.