ტურინის “იუვენტუსმა” საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველი ბლეზ მატუიდი გაიფორმა. ამის შესახებ “ბებერი ქალბატონის” ვებგევრდი ოფიციალურად იტყობინება. მატუიდიმ, რომელმაც იტალიურ გრანდში სამედიცინო შემოწმება ჯერ კიდევ ორი დღის წინ გაიარა, კონტრაქტი 3 წლის ვადით გააფორმა.
პსჟ-მ ფრანგი ფეხბურთელის სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო მიიღო, რასაც სამომავლოდ ბონუსის სახით 10.5 მილიონი ევრო დაემატება. საბოლოო ჯამში კი, ღირებულებამ 30.5 მილიონი შეადგინა.
“ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ ეს მაისური მოვირგე. ერთი სული მაქვს თანაგუნდელები გავიცნო და ახალი სეზონი დაიწყოს. “იუვენტუსს” დიდი ისტორია აქვს, რომელიც ამბიციურია - თითქმის ყოველთვის ახერხებს გამარჯვებას. ბოლო წლებში სკუდეტოს მუდმივად იგებს და ევროპაშიც მაღალ დონეზეა”, - თქვა წარდგენისას მატუიდიმ.
ბლეზ მატუიდი პსჟ-ს ღირსებას 2011 წლიდან იცავდა, ხოლო მანამდე “სენტ ეტიენისა” და “ტრუას” რიგებში ირჯებოდა. პარიზული გუნდის შემადგენლობაში მატუიდიმ 292 შეხვედრაში 33 გოლი გაიტანა და 30 საგოლე გადაცემა შეასრულა. საფრანგეთის ნაკრებში მის ანგარიშზე 58 შეხვედრა და 8 გოლია.