მადრიდის “რეალმა” “ნოუ კამპზე” მოპოვებულ დამაჯერებელ გამარჯვებას, საკუთარ მოედანზე კიდევ უფრო იოლი მოგება მიაყოლა და 2017 წლის ესპანეთის სუპერთასს ღირსეულად დაეუფლა.
შეხვედრა “რეალის” ისეთი კოლოსალური უპირატესობით დაიწყო, რომ ნაკლებად სავარაუდოა სუპერთასის მომავალ მფლობელად ვინმეს “ბარსელონა” განეხილა. “სამეფო კლუბმა” ბურთი თავიდანვე ჩაიგდო ხელში და მეტოქეს შეტევების კორიანტელი დაატეხა თავს. “ბლანკოსს” მე-2 წუთზევე შეეძლო გატანა, მაგრამ ლუკა მოდრიჩის დარტყმულს სამუელ უმტიტი გადაეფარა და “ბარსელონა” გადარჩა, თუმცა ორ წუთში გოლი გავიდა და თან რა გოლი?! მარკოს ასენსიომ, რომელიც ნელ-ნელა კაშკაშა ვარსკვლავად ყალიბდება, შორეული, ჯადოსნური დარტყმით ტერ შტეგენის გაშეშება მოახერხა.
ადრეულ გოლს პირველ ტაიმში ფაქტობრივად არაფერი შეუცვლია. თამაში იმავე სცენარით გაგრძელდა, როგორითაც დაიწყო და მადრიდელებს რომ გამართლებოდათ, მალევე გაზრდიდნენ სხვაობას. ასენსიოს მეორე ბურთის გატანამდე ცოტა დააკლდა, ბენზემას პიკემ წამით დაასწრო და ბურთი თავიდან ააცალა, ხოლო ლუკას ვაზკესმა ხელსაყრელი პოზიციიდან ბურთი ძელს გაარტყა. “სამეფო კლუბმა” თავის მაინც გაიტანა და 39-ე წუთზე ქარიმ ბენზემას ჩინებული თამაშის შემდეგ ანგარიშის გაზრდა და ფაქტობრივად სუპერთასის საბოლოოდ გაფორმება მოახერხა.
მეორე ნახევარში “რეალმა” შეტევებს მოუკლო და აშკარად ჩანდა, რომ ზინედინ ზიდანმა საკუთარი გუნდის თამაში განზრახ შეცვალა. შეხვედრის მეორე ნახევარში ფრანგმა სპეციალისტმა აშკარად ანგარიშის შენარჩუნებაზე და პრაგმატულ თამაშზე გააკეთა აქცენტი. “ბარსელონას” ჰქონდა შანსები, ლიონელ მესიმ ბურთი ხარიხას მოარტყა, ხოლო ლუის სუარესმა ძელს, თუმცა მთლიანობაში ჩანდა, რომ “რეალი” მეტოქეს მთელი თავით აღემატებოდა, “ბარსელონას” კი ტიტულის მოგების არანაირი შანსი არ ჰქონდა, რაც პრინციპში ორი მატჩის ჯამში დაფიქსირებულ ანგარიშში შესანიშნავად გამოჩნდა.
“ბარსელონასთვის” სეზონი ძალიან მძიმედ დაიწყო და რეალურად რომ შევხედოთ ეს გასაკვირი ნაკლებადაა, რადგან გუნდს აშკარად გადახალისება და ახალი სისხლი სჭირდება. ძალიან კარგად ჩანს, თუ რამხელა, შეუფასებელ ძალას წარმოადგენდა გუნდში ნეიმარი და მისი სრულფასოვანი შეცვლა საეჭვოა ვინმეს შეეძლოს. გუნდს აღარ ჰყავს ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან ხავი და დანი ალვეში, რომლებსაც “ბლაუგრანას” ეპოქალურ წარმატებებში ლომის წვლილი მიუძღვით. გარდა ამისა, “ოქროს ხანის” ბევრი მოთამაშე აშკარად ვეღარ თამაშობს ისე, როგორც თუნდაც ორი სეზონის წინ და ეს პირველ რიგში ხორდი ალბას, სერხიო ბუსკეტს და ანდრეს ინიესტას ეხებათ. ამის ფონზე, ვერ ყოჩაღობს და საჭირო კადრებით ვერ ეხმარება გუნდს ლა მასია და ძველებურად, ჩამოყალიბებული ფეხბურთელებით ვეღარ ამარაგებს. ყოველივე ამის გათვალისწინებით, კლუბის ხელმძღვანელობამ აუცილებლად უნდა იზრუნოს გუნდის გაძლიერებაზე და თან რაც შეიძლება მალე.
“რეალმა” ესპანეთის სუპერთასი 2012 წლის შემდეგ პირველად, ხოლო ჯამში მეათედ მოიგო.
რეალი – ბარსელონა 2:0 (2:0) ორი მატჩის ჯამში: 5:1
მადრიდი, “სანტიაგო ბერნაბეუ”
რეალი (4-3-3): ნავასი, ვარანი, რამოსი, კარვახალი, მარსელო, კოვაჩიჩი (კასემირო 62), კროოსი (სებალიოსი 80), მოდრიჩი, ასენსიო (ტ.ერნანდესი 75), ლ.ვაზკესი, ბენზემა.
მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი
ბარსელონა (3-5-2): ტერ შტეგენი, პიკე (სემედუ 50), უმტიტი, მასკერანო, ალბა (დინიე 78), გომეში (დეულოფეუ 72), ბუსკეტსი, რაკიტიჩი, რობერტო, ლ.სუარესი, მესი.
მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე
გოლები: 1:0 ასენსიო (4), 2:0 ბენზემა (39)
გაფრთხილებები: ლ.სუარესი, მასკერანო
მსაჯი: მარტინეს სანჩესი