საქართველოს 18-წლამდელ ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე მესამე საპრიზო ადგილს დასჯერდა. იტალიასთან და ჩემპიონატის უმთავრეს ფავორიტ იაპონიასთან მოპოვებული შთამბეჭდავი გამარჯვებების შემდეგ, ქართველი ძიუდოისტები ნახევარფინალში რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდნენ და შვიდი შეხვედრიდან მხოლოდ ორი მოუგეს. ერთი ქულა კი რუსებმა უბრძოლველად მიიღეს, რადგან გოგონათა შორის, 44 კილოგრამ წონით კატეგორიაში, საქართველოს ნაკრებს მონაწილე არ ჰყავდა.
გიორგი ყიზილაშვილისა და გიორგი თენაძის შეგირდები ნახევარფინალიდან რეპეშაჟის ფინალში გადაერთნენ, სადაც გერმანიას დაუპირისპირდნენ. წინა ეტაპებისგან განსხვავებით, გერმანელებთან დაპირისპირება საქართველოს ნაკრებს ქულიანი ჩამორჩენით არ დაუწყია, რადგან გოგონათა უმსუბუქეს წონაში მონაწილე არც მეტოქეს ჰყავდა. შესაბამისად, საპრიზო სამეულში მოსახვედრად 7 ბრძოლა გაიმართა.
ბრინჯაოს ბედი მძიმეწონოსან ვაჟთა დაჭიდებამ გადაწყვიტა. ალექსი სვიანაძემ მეტოქეს "ოქროს დროში" შესრულებული ვაზარით აჯობა და საქართველოს ნაკრებს 4:3 მოაგებინა.
მსოფლიოს ჩემპიონი რუსეთი გახდა, ფინალში ბრაზილიის ძლევით (5:3). მეორე ბრინჯაოს მედალს კი იაპონელები დაეუფლნენ.