იტალიის მოქმედმა ჩემპიონმა ტურინის “იუვენტუსმა” სეზონი წარუმატებლად დაიწყო – რომის “ლაციომ” მრისხანე მეტოქეს ტოლი არაფერში დაუდო და იტალიის სუპერთასი მოიგო. “სტადიო ოლიმპიკოზე” გამართული მატჩი ძალზე დაძაბული და დრამატიზმით აღსავსე გამოდგა.
პირველ ტაიმში მასპინძლები ტურინელებზე უკეთ გამოიყურებოდნენ და ეს შედეგშიც აისახა: 31-ე წუთზე ჩირო იმობილე საჯარიმოში ჯანლუიჯი ბუფონმა წააქცია და პენალტი დაინიშნა, რომელიც გოლად დაზარალებულმა აქცია. იმობილე ამას არ დასჯერდა და მეორე ტაიმის სტარტზე მარკო პაროლოს ჩაწოდებას თავი შეაგება – 2:0. მასიმილიანო ალეგრის გუნდს არაფერი გამოსდიოდა – ამხანაგურმა თამაშებმაც გამოაჩინა, რომ ტურინელთა უკანა ხაზი მოწოდების სიმაღლეზე ვერაა – მთავარი მინუსი დღესაც ეს რგოლი გახლდათ.
და მაინც, მიუხედავად ყველაფრისა, “ბებერმა ქალბატონმა” მებრძოლი ხასიათი გამოვლინა და ახლოს იყო დამატებით დროსთან. პაულო დიბალამ ჯერ საჯარიმო გაიტანა, მერე მსაჯის პირველ დამატებულ წუთზე ალექს სანდროს წაქცევისთვის დანიშნული თერთმეტრიანი გამოიყენა – 2:2. ეს თითქოს ნიშნავდა, რომ წინ კიდევ 30 წუთი გახდებოდა საჭირო გამარჯვებულის გამოსავლენად, მაგრამ...
მაგრამ, ჯორდან ლუკაკუმ მატია დე შილიო პატარა ბავშვივით გააბითურა და ალესანდრო მურჯია მოძებნა – ახალგარზდა იტალიელმა კი, “ლაციოს” ასე ნანატრი ტიტული მოუტანა. “არწივებმა” იტალიის სუპერთასი მეოთხედ მოიგეს, აქედან მეორედ “იუვენტუსთან” დაპირიპირებაში. ისიც აღსანიშნავია, რომ “ლაციალემ” რევანში აიღო – 3 თვის წინ კოპა იტალიის ფინალში მარცხისთვის და ასევე, 2013 და 2015 წლებში იტალიის სუპერთასზე დამარცხებისთვის.
მოკლედ, სიმონე ინძაგის გუნდმა გამარჯვება დაიმსახურა და კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ “ლაციო” საკმაოდ კარგი გუნდია, რომლის ჩამოწერა არ ივარგებს – ეს გასულმა სეზონმაც ცხადჰყო. “იუვენტუსში” კი პრობლემებია – დანი ალვეშია და ლეონარდო ბონუჩის შემცვლელები ჯერჯერობით არ ჩანან. ამაზე ისიც მიუთითებს, რომ მაქს ალეგრიმ მარჯვენა მცველის პოზიციაზე ანდრეა ბარძალი ათამაშა, ხოლო შემდეგ დე შილიო ჩართო თამაშში – ერთ-ერთი მთავარი ანტიგმირი. პაულო დიბალა ამასობაში ახალი ათიანია – მან მართლაც ათიანზე ითამაშა, მაგრამ ფეხბურთში 11 კაცი იგებს და არა რომელიმე კონკრეტული ადამიანი...
დანარჩენს სეზონის მსვლელობა გამოაჩენს – დასაწყისი კი მართლაც დიდებული გამოვიდა, ნამდვილი კალჩო. ეს იყო გიჟური 94 წუთი - დიახ, 94, რადგან მთავარი მოვლენები სწორედ მსაჯის დამატებულ 4 წუთში მოხდა...
“იუვენტუსი” – “ლაციო” 2:3 (0:1) VIDEO
რომი, “სტადიო ოლიმპიკო”
მაყურებელი: 70 000
“იუვენტუსი” (4-2-3-1): ბუფონი; ბარძალი, ბენატია (დე შილიო 57), კიელინი, ალექს სანდრო; ხედირა, პიანიჩი; კუადრადო (დუგლას კოშტა 57), დიბალა, მანჯუკიჩი (ბერნარდესკი 72); იგუაინი
მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი
“ლაციო” (3-5-2): სტრაკოშა; უოლასი, დე ვრეი, რადუ; ბასტა (მარუსიჩი 75), პაროლო, ლუკას ლეივა (მურჯია 80), მილინკოვიჩ-სავიჩი, ლულიჩი (ლუკაკუ 75); ლუის ალბერტო, იმობილე
მწვრთნელი: სიმონე ინძაგი
გოლები: 0:1 იმობილე (32, პენ), 0:2 იმობილე (54), 1:2 დიბალა (85), 2:2 დიბალა (90, პენ), 2:3 მურჯია (90)
გაფრთხილება: ბუფონი (31), მანჯუკიჩი (52), პაინიჩი (74) – ლუკას ლეივა (41), ლულიჩი (71), პაროლო (84), იმობილე (89)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 14 (7) – 11 (5) ბურთის ფლობა: 57%-43% კუთხურები: 8:7 თამაშგარე: 0:1
მსაჯი: დავიდე მასა