ფეხბურთი

15:37 | 12.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

დიდი მოლოდინი “მილანისგან”

დიდი მოლოდინია დამდეგ სეზონში “მილანისგან”. ეს ბუნებრივიცაა, რადგან “როსონერიმ” სატრანსფერო ფანჯრის დროს ძალზე იაქტიურა და არაერთი კარგი ტრანსფერი გაჩარხა. ამან კი ქომაგებში იმედი გააჩინა, რომ გუნდი კუთვნილ ადგილს დაიბრუნებს, როგორც იტალიაში, ისე ევროპაში.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, “მილანის” საშინაო შეხვედრებზე სეზონური აბონემენტები სარეკორდო მაჩვენებლით იყიდება. როგორც წყარო იუწება, უკვე გაიყიდა 30 000 აბონემენტი, რაც გასულ სეზონთან შედარებით გაორმაგებული ციფრია. შარშან მხოლოდ 15 990 სეზონური ბილეთი გაიყიდა.

მეტიც, ვარაუდობენ, რომ სეზონის დაწყებამდე 40 ათას აბონემენტზე მეტი იქნება გაყიდული და თუ ასე მოხდა, ბოლო წლების რეკორდიც მოიხსნება. აქამდე 30 ათასი ბილეთი 2011-2012 წლების სეზონის წინ გაიყიდა “მილანის” თამაშებზე, ხოლო 2008 წლის ზაფხულში 42 822 აბონემენტი შეიძინეს ტიფოზებმა.

აღსანიშნავია, რომ “სან სიროზე” ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას, რომელშიც “მილანი” რუმინულ “კრაიოვასთან” ხვდებოდა, 65 ათასი გულშემატკივარი დაესწრო. ასეთივე ანშლაგს ელოდებიან პლეი-ოფში მაკედონიურ “შკენდიასთან” – 18 ათასი ბილეთი ერთ დღეში უკვე გაყიდულია.

თეგებიმილანი
0.111672