საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ჩეხეთთან გასამართ მატჩამდე ღია ვარჯიში გამართა.
ილიას ზუროსმა შეხვედრამდე ერთი დღით ადრე შეგირდები მსუბუქად დატვირთა და ბიჭებმა ძირითადი ყურადღება სროლაში ვარჯიშს დაუთმეს.
ვარჯიშის დასრულების შემდგომ ჟურნალისტებს ზაზა ფაჩულია ესაუბრა. საქართველოს ნაკრების კაპიტნის თქმით, ხვალინდელ შეხვედრას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს და ჩვეულებრივ, მოსამზადებელ თამაშად მიიჩნევს.
“ჩეხეთის ნაკრებთან შეხვედრას დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ. ნაკრებთან ერთად ვარჯიში ახლახანს დავიწყე და ჯერ სულ 3 ვარჯიში ჩავატარე. ამიტომაც, ჩემთვის მთავარია, რომ ფორმაში მალე შევიდე. ახალგაზრდა აღარ ვარ, რომ თავიდანვე თავი გავიგიჟო. საჭიროა ეტაპობრივი და ჭკვიანური ნაბიჯები.
ვიქტორ სანიკიძის არ ყოფნა ნაკრებისთვის სერიოზული დანაკლისია, თუმცა კალათბურთი გუნდური სპორტია და ყველამ ერთად უნდა შევძლოთ ამ დანაკლისის აღმოფხვრა. ჩვენი მიზანი ყველა შეხვედრაში ბოლომდე ბრძოლაა და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველოს ნაკრებისთვის საუკეთესო ევროპის ჩემპიონატი გამოდგეს.
ჩვენ არ ვუყურებთ მეტოქეს, ყველასთან მოსაგებად გავდივართ. ჩვენი მიზანი მოახლოებულ ევროპის ჩემპიონატზე საუკეთესოდ გამოსვლაა და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.” – განაცხადა “გოლდენ სტეიტ უორიორსის” ცენტრმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ლიტვაში გამართული საერთაშორისო ტურნირი მოიგო, ხოლო 7 აგვისტოს სამშობლოში დაბრუნდა და ევრობასკეტისთვის მზადების მეორე ეტაპს შეუდგა, რომელშიც ზაზა ფაჩულიაც იღებს მონაწილეობას. ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელი ციკლის ფარგლებში საქართველო 11 და 13 აგვისტოს თბილისის მერიის თასის გათამაშებაში ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. ორივე შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება და დასწრება უფასო იქნება.