ფეხბურთი

1:34 | 9.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

"რეალი" ევროპის სუპერთასის მფლობელია (+VIDEO)

მადრიდის “რეალმა” სეზონი ტიტულით დაიწყო – ევროპის სუპერთასი “სამეფო კლუბმა” ზედიზედ მეორედ, ისტორიაში კი მეოთხედ მოიგო. სკოპიეში, ზინედინ ზიდანის გუნდმა ევროპა ლიგის გამარჯვებულ “მანჩესტერ იუნაიტედს” დაძაბულ ბრძოლაში, თუმცა დამსახურებულად აჯობა.

პირველი ტაიმი ფეხბურთი ერთმა გუნდმა ითამაშა – ესპანელები მეტოქეს ერთი თავით აღემატებოდნენ და შესაბამისად 24-ე წუთზე ლოგიკურიც იყო, რომ დანი კარვახალის დიდებული პასი კაზემირომ შეირგო და ანგარიშიც გაიხსნა. თუმცა, გამეორებაზე გამოჩნდა, ბრაზილიელი თამაშგარე მდგომარეობაში იყო, მაგრამ ვინაიდან უეფას ტურნირებში ჯერჯერობით ვიდეო რეფერს არ გამოიყენებენ, გოლი ჩაითვალა. და მაინც, ეს ლოგიკური გახლდათ – “სამეფო კლუბი” საგრძნობ უპირატესობას ფლობდა.

მეორე ტაიმიც ასე დაიწყო – “რეალი” უტევდა, “იუნაიტედი” გააზრებულ ფეხბურთს ვერ თამაშობდა. სულ მალე ისკომ და გარეტ ბეილმა მარტივი, მაგრამ ლამაზი კომბინაცია გაითამაშეს, ესპანელმა კი ახლო მანძილიდან სხვაობა გაზარდა – 2:0. თითქოს თამაშის ბედიც გადაწყდა, მაგრამ ზიდანის შეგირდები შეტევას აძლიერებდნენ და მესამეს გატანაც შეეძლოთ – ერთი ეგ იყო, ბეილმა ახლო მანძილიდან ვერ ივარგა და ხარიხას გაარტყა. საპირისპიროდ ჟოზე მოურინიოს გუნდს არაფერი გამოსდიოდა, მაგრამ 62-ე წუთზე “მანჩესტერი” თამაშში დაბრუნდა. ნემანია მატიჩის შორეული გასროლა კეილორ ნავასმა ცუდად მოიგერია, ხოლო ცარიელ კარში რომელუ ლუკაკუმ შეაგდო. სხვათა შორის, მანამდე, ბელგიელმა მსგავს სიტუაციაში ვერ ივარგა და ცარიელ კარს ააცილა. აქვე გეტყვით, რომ ლუკაკუ რუუდ ვან ნისტელროის, ოლე გუნარ სოლსკიაერის, უეინ რუნისა და ზლატან იბრაჰიმოვიჩის შემდეგ მეხუთე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც სადებიუტო შეხვედრაში გაიტანა გოლი.

წინ “წითელ ეშმაკებს” 30 წუთი ჰქონდათ მეორე გოლის გასატანად და ცდა არ დაუკლიათ, მომენტებიც შექმნეს, მაგრამ გოლი ვეღარ გაიტანეს. ამასთან ყველაზე ახლოს მარკუს რეშფორდი გახლდათ, მაგრამ ნორჩმა ინგლისელმა პირისპირ ნავასს ვერ აჯობა. შეიძება ითქვას ამ ეპიზოდმა "მანჩესტერი" საბოლოოდ გატეხა, რადგან დარჩენილ 10 წუთში საგოლე მომენტი ვეღარ შექმნა. იტალიელი არბიტრის ჯანლუკა როკის დამატებულმა შვიდმა წუთმა კი ბურთის აქეთ-იქით გორაობაში განვლო და საბოლოოდ, გამარჯვება "რეალს" დარჩა - 2:1.

მადრიდის “რეალი” გახდა მესამე გუნდი ისტორიაში, რომელმაც უეფას ევროპის სუპერთასი ზედიზედ ორჯერ მოიგო. მანამდე იგივე 1972 და 1973 წლებში “აიაქსმა”, ხოლო 1989 და 1990 წლებში “მილანმა” მოახერხა. თავის მხრივ, ზინედინ ზიდანი არიგო საკის შემდეგ მეორე მწვრთნელია, ვინც ორჯერ მოიგო ეს ტიტული. აქვე გეტყვით, რომ ოფიციალურ შეხვედრებში მოურინიოსთვის “რეალი” დაუძლეველ ბარიერად დარჩა – 1 ფრე, 4 წაგება.

“რეალი” – “მანჩესტერი” 2:1 (1:0) VIDEO

სკოპიე, “ტელეკომ არენა”

მაყურებელი: 30 000

“რეალი” (4-3-3): ნავასი; კარვახალი, ვარანი, რამოსი, მარსელო; მოდრიჩი, კაზემირო, კროოსი; ისკო (ვასკესი 74), ბენზემა (რონალდუ 83), ბეილი (ასენსიო 74)

მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

“მანჩესტერი” (3-5-1-1): დე ხეა; ლინდელოფი, სმოლინგი, დარმიანი; ვალენსია, ერერა (ფელაინი 56), მატიჩი, პოგბა, ლინგარდი (რეშფორდი 46); მხითარიანი; ლუკაკუ

მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

გოლები: 1:0 კაზემირო (24), 2:0 ისკო (52), 2:1 ლუკაკუ (62)

გაფრთხილება: კარვახალი (84), რამოსი (86) - ლინგარდი (42), რეშფორდი (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 16 (6) – 13 (6) ბურთის ფლობა: 59%-41% კუთხურები: 8:2 თამაშგარე: 1:2

მსაჯი: ჯანლუკა როკი (იტალია)

0.116926