დღეს, უეფას ევროპის სუპერთასის შეხვედრა გაიმართება - ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის ტრიუმფატორი მადრიდის "რეალი" ევროპა ლიგის გამარჯვებულ "მანჩესტერ იუნაიტედს" ეთამაშება.
ორივე გუნდი მიმდინარე სეზონს სწორედ დღევანდელი მატჩით გახსნის და ეცდებიან სეზონი ამაღლებულ ნოტზე დაიწყონ. აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ მათ შორის ამხანაგური მატჩი შედგა ამერიკაში, რომელიც მატჩისშემდგომ პენალტების სერიაში ინგლისელებმა მოიგეს. ძირითადი დროში კი ფრე დაფიქსირდა, რადგან ლინგარდმა და კაზემირომ გოლები გაცვალეს. რაც შეეხება ბოლო ოფიციალურ დაპირისპირებას - 2013 წლის თებერვალ-მარტით თარიღდება. ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ჯერ მადრიდში 1:1 დაფიქსირდა, ხოლო მერე "ოლდ ტრაფორდზე" სტუმრებმა მოიგეს 2:1 და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ. საგულისხმოა, რომ მაშინ "რეალს" ჟოზე მოურინიო თავკაცობდა, რომელიც დღეს მანკუნიანელთა სათავეშია.
მთლიანობაში ოფიციალურ დონეზე "რეალი" მეტოქეს სჯობნის: 10 თამაში, 4 მოგება, 4 ფრე და 2 წაგება. ბურთების ბალანსიც მადრიდელთა მხარეზეა - 20:16.
"რეალი" ევროპის სუპერთასის მოგებას მეოთხედ შეეცდება. აქამდე "სამეფო კლუბმა" ორჯერ "სევილიას" აჯობა ამ ტიტულისთვის, ხოლო პირველი გამარჯვება 2002 წელს "ფეიენოორდთან" მოიპოვა. აი, მანამდე, 1998 და 2000 წლებში კი დამარცხდა "ჩელსისთან" და "გალათასარაისთან". ისიც აღსანიშნავია, რომ "რეალზე" მეტჯერ ევროპის სუპერთასი არცერთ გუნდს არ მოუგია. თავის მხრივ, "მანჩესტერს" აქ უარყოფითი ბალანსი აქვს: 1 გამარჯვება და 2 მარცხი სატიტულო შეხვედრაში. ერთადერთი მოგება 1991 წლით თარიღდება "ცრვენა ზვეზდასთან", ხოლო 1999 და 2008 წლებში ჩემპიონთა ლიგის მფლობელმა ინგლისურმა კლუბმა რომის "ლაციოსთან" და "ზენიტთან" წააგო.
დღევანდელ მატჩს, შეიძლება ითქვას ,ოპტიმალური შემადგენლობით ხვდება "რეალი" - ზინედინ ზიდანის განკარგულებაში უკლებლივ ყველა ფეხბურთელია. მათ შორის, კრიშტიანუ რონალდუ, რომელმაც ვარჯიში დაიწყო. თუმცა, პორტუგალიელი დღეს ესპანელთაგან ერთადერთია, რომლის თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. თავის მხრივ, სრულიად სხვა სურათია "იუნაიტედის" ბანაკში - მოურინიო დისკვალიფიკაციის გამო ერიკ ბაილისა და ფილ ჯონსს ვერ დაიხმარს, ხოლო ტრავმები აწუხებთ მარკოს როხოს, ლუკ შოუსა და ეშლი იანგს.
ზინედინ ზიდანი და ჟოზე მოურინიო საბრძოლოდ არიან განწყობილი. ორივე სპეციალსიტის განცხადებით, მათი გუნდები მოედანზე მხოლოდ მოსაგებად გავლენ.
ზინედინ ზიდანი ("რეალის" მთავარი მწვრთნელი): "დღევანდელი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია. გვჭირდება გამარჯვება, რადგან სხვა ყველაფერი უმნიშვნელო იქნება. "რეალში" 16 წელია ვარ, მაგრამ მანამდე სხვა გუნდებში ვთამაშობდი და ვიცი, რომ ყველას ჩვენი დამარცხება უნდა. თუმცა, ეს ნორმალურია, რადგან "რეალ მადრიდი" მსოფლიოში საუკეთესო გუნდია. ყოველი ახალი სეზონი ჩვენთვის უფრო რთულია, მაგრამ ხიბლიც ამას აქვს. ჩვენ გამარჯვებებით არ დავღლილვართ.
ვითამაშებთ ჩვეულ სტილში, როგორც ყოველთვის. ნამდვილად მზად ვართ და გვსურს, გავაგრძელოთ წარმატებული ასპარეზობა".
ჟოზე მოურინიო ("მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი): "ერთი სული მაქვს ვითამაშოთ ევროპის სუპერთასისთვის დავუპირისპირდეთ ევროპის ჩემპიონს. ამ ტიტულის მფლობელ გუნდთან თამაში საპატიო და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ყველაზე ტიტულოვან და დიდ გუნდს ეხება ფეხბურთს ისტორიაში. ჩვენ ვეცდებით გამარჯვებას, მაგრამ ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის გამარჯვებულებს შორის განსხვავება ყოველთვის თვალსაჩინოა. დღეს განსაკუთრებული მომენტია, რადგან ევროპის სუპერთასზე თამაშის შესაძლებლობა ყოველდღე არ გვაქვს.
"რეალის" ბევრ ფეხბურთელთან კონტაქტი ისევ მაქვს, ტელეფონის მეშვეობით. ისევე, როგორც "ჩელსის", "ინტერისა" და "პორტუს" ფეხბურთელებთან. ბედნიერი ვარ, მათ დღეს მივესალმები".
სავარაუდო შემადგენლობები:
სკოპიე, "ტელეკომ არენა"
8 აგვისტო, 22:45 საათი
"რეალი" (4-3-3): ნავასი; კარვახალი, რამოსი, ვარანი, მარსელო; მოდრიჩი, კაზემირო, კროოსი; ისკო, ბენზემა, ბეილი
მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი
"მანჩესტერი" (4-3-3): დე ხეა; ვალენსია, ლინდელოფი, სმოლინგი, ბლინდი; ერერა, მატიჩი, პოგბა; რეშფორდი, ლუკაკუ, მხითარიანი
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო
მსაჯი: ჯანლუკა როკი (იტალია)